სახალხო დამცველის მწვავე შეფასების შემდეგ, ახალქალაქის N2 ბაღს გაარემონტებენ

359

ახალქალაქის მერიამ N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე ზრუნვა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდეგ დაიწყო, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კრიტიკული მდგომარეობაა. ინფორმაციას სამხრეთის კარობჭე ავრცელებს.

სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ბაღში მდგომარეობა კრიტიკულია და ვერ პასუხობს “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების“ მოთხოვნებს“.

“განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ერთ ოთახში, ასაკის მიუხედავად (3-დან 6 წლამდე), 37 აღსაზრდელია განთავსებული. ამასთან, ეს ოთახი სარემონტოა – ჭერიდან ჩამოდის წყალი, შესაცვლელია ხის იატაკი და ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა. საპირფარეშოში არ არის გათბობა, ელექტოენერგია და ცხელი წყალი. ბავშვები ხელ-პირს ცივი წყლით იბანენ და განათების არარსებობის გამო, საპირფარეშოში შესვლა ეშინიათ. სააღმზრდელო ოთახი სათანადოდ ვერ ნიავდება, ავეჯი ძველი და ამორტიზებულია“, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ასაკობრივ ჯგუფში არ არსებობს სათამაშოები, სახელმძღვანელოები, გასართობი და შემეცნებითი ნივთები.

რეკომენდაციაში წერია, რომ სკოლამდელი განათლების ქართულ ენაზე მიღების მსურველთა რაოდენობა მაღალია, თუმცა იმის გამო, რომ ქართულენოვანი საბავშვო ბაღი არ არსებობს, მათი მოთხოვნა ვერ კმაყოფილიდება, რაც ხელს უშლის სახელმწიფო ენაზე განათლების მიღებისა და სოციალური ინტეგრაციის პროცესს: “უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია საბავშვო ბაღის საერთო სარგებლობის დარბაზიც – ჭერი ავარიულია, იატაკი ერთ ადგილას ჩავარდნილია.“

სახალხო დამცველმა, რეკომენდაციით ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას, 29 მარტს მიმართა.

რეკომენდაციიდან, დაახლოებით, ორ კვირაში, 19 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ N2 საბავშვო ბაღის რემონტისთვის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, საბავშვო ბაღის რემონტისთვის სავარაუდო თანხად 74 820 ლარი განისაზღვრა. მის ფარგლებში, უნდა მოეწყოს შენობის გარე კიბეები, სველი წერტილები, ელექტროობა, გაგრილების სისტემა, ასევე, გარემონტდეს და შეიღებოს ფასადი, შეიცვალოს სამზარეულოს სარეცხი კუთხე და მოეწყოს 70კვ.მ. ფართის საბავშვო მოედანი.

რაც შეეხება ფართის სიმცირეს, მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქში საკმარისი ფართი არ არის, ამიტომ მცირეწლოვნების სხვა შენობაში გადაყვანა ვერ ხერხდება.

“ამ წელს დასრულდება გარემონტება. სათამაშოების ყიდვას ჩვენ ვერ შევძლებთ. პრობლემა იყო რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთად ისხდნენ, მაგრამ ფიზიკურად ადგილი არ გვაქვს და ვერსად წავიყვანთ. მარტო ერთ ბაღში კი არ არის ასეთი პრობლემა, სხვა საბავშვო ბაღებშიც ასეა, ფართის სიმცირეა. სხვა შენობაში კი ადგილის გამოყოფა ვერ ხერხდება“, – აცხადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი.