არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 0.27% მუნიციპალიტეტებს – რისთვის აღმოჩნდა მზად ეკონომიკის სამინისტრო

3445

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი 

მრავალთვიანი ბჭობისა და ჭოჭმანის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო, როგორც იქნა, დათანხმდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ქონების გარკვეული ნაწილი გადასცეს. ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას, თუ წინა, 30-წლიან უარს არ ჩავთვლით, უწყება 6 თვე მოუნდა.

დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომლის შესაქმნელადაც ჯერ სამთავრობო კომისია, შემდეგ კი სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდა, მთავრობას ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ ეს დოკუმენტი არათუ დამტკიცებული, ამ დრომდე დასრულებულიც კი არ არის. ექვსი თვის განმავლობაში სამუშაო ჯგუფებს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდათ და ამის ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ სხვა სამთავრობო უწყებები ეკონომიკის სამინისტროს არწმუნებდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის თუნდაც გარკვეული ქონების გადაცემა სასიცოცხლოდ აუცილებელიაო.

ამ ხნის განმავლობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთადერთი უწყება იყო, რომელიც მუნიციპალიტეტ-მუნიციპალიტეტ დადიოდა, უსმენდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ინიშნავდა პრობლემატიკას, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ არასაკმარის ფინანსებსა და ქონებას ეხებოდა, ხვდებოდა არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებს, იღებდა მათ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს და, რაც მთავარია, ცდილობდა, გაერღვია 30-წლიანი ყრუ კედელი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივი თვითმმართველობების წინაშე აღმართა.

ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე მერებს იქეთ საყვედურობდა, როცა რაიმე ქონების გადაცემას ითხოვთ, მას ჯერ შვიდ განზომილებაში შეხედეთ, დაფიქრდით, იქნებ დიდი საინვესტიციო პაკეტის ნაწილია და შემდეგ მოითხოვეთო. არადა, ხშირ შემთხვევაში, საკითხი ეხება 30, 50, 100 ან ცოტა მეტი კვადრატული მეტრის მიწებს სოფლებში, რომლებსაც არანაირი მასშტაბური საინვესტიციო ღირებულება არ აქვთ, მაგრამ მუნიციპალიტეტებისთვის კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად ძალიან აუცილებელია.

მინისტრის მოადგილის საკითხისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპერტები გააბრაზა და მას კონკრეტული მაგალითების შესახებ მოუყვნენ, თუ როგორ აფერხებს ეს უწყება თვითმმართველობების მუშაობას, როგორ ვერ იღებენ მუნიციპალიტეტები შემოსავალს ქონებიდან, რომელიც, წესით, მათ უნდა ეკუთვნოდეთ და როგორ არაეფექტურად განკარგავს სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაცია – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ქონებას. თუმცა, ამაზე ცალკე სტატიაში მოგიყვებით.

ამ დაძაბული შეხვედრიდან ერთ კვირაში ქონების ყველაზე დიდმა განმკარგველმა, როგორც იქნა, ვერდიქტი გამოაცხადა და 4-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, თუ რა ქონებას გადასცემს ადგილობრივ თვითმმართველობებს მომდევნო 2 წლის განმავლობაში. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მათი მიზანი რეგიონებში სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვაა, თუმცა, შეთავაზებული 4 პუნქტიდან ორი გადაცემული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას ვერ უზრუნველყოფს, ხოლო მესამეს ქონებრივ დეცენტრალიზაციასთან კავშირი საერთოდ არ აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ოთხივე პუნქტი მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო მიწებსა და შენობა-ნაგებობებს ეხება, სასოფლო-სამეუნეო მიწებზე კი, მათ შორის, სათიბებსა და საძოვრებზე, ჯერ კიდევ მსჯელობენ და ამ ეტაპზე პასუხი არ აქვთ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულებითაც კი უმთავრესი პრობლემა არ წყდება – რა არის სახელმწიფოს პოლიტიკა ქონებრივი და ფისკალური დეცენტრალიზაციის მიმართულებით. ექსპერტები თანხმდებიან, რომ, პირველ რიგში, ეს პოლიტიკაა შესაცვლელი და შემდეგ განსასაზღვრი, რა ტიპის ქონება რა ვადაში უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს. ამასთან, თუ დღევანდელი კანონმდებლობით, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები ავტომატურად სახელმწიფო საკუთრებად ითვლება, უნდა შეიცვალოს ეს მიდგომა და ის მუნიციპალურ საკუთრებად გამოცხადდეს.

“აუცილებელია, სახელმწიფომ ერთხელ და საბოლოოდ ჩამოაყალიბოს თავისი დამოკიდებულება მის ხელთ არსებული ქონებისა და ეკონომიკურ განვითარებაში მუნიციპალიტეტების როლის თაობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობები უნდა გახდნენ ადგილზე მცირე ბიზნესის განვითარების უმთავრესი ხელშემწყობი. ამას ვერასდროს შეძლებს ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რადგანაც ეს უწყებები მუდმივად მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე არიან ორინეტირებული. აუცილებელია, რომ სახელწმიფო პოლიტიკურად ჩამოყალიბდეს რამდენიმე მიმართულებით: 1. თუ სახელმწიფოს რაიმე სტრატეგიული დანიშნულების ქონება და მიწა სჭირდება, განსაზღვროს, რა ქონებაა ეს, დაიტოვოს თავის საკუთრებაში, დანარჩენი კი გადასცეს მუნიციპალიტეტებს; 2. დაურეგისტრირებელი მიწის და ქონების მესკუთრედ უნდა გამოცხადდეს მუნიციპალიტეტი და მას შეუფერხებლად უნდა მიეცეს ამ ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობა; 3. რა ქონებაც არ უნდა გადავცეთ მუნიციპალიტეტებს, თუკი  საგადასახდო სისტემით არ მოხდა მუნიციპალიტეტების სტიმულირება, მოიზდონ ინვესტიციები, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება და  ამ ქონების „ამუშავება“  კვლავ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ ქონებრივი და ფინასური დეცენტრალიზაციის საკითხები კომპლექსურად უნდა იყოს განხილული”, – ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრი, ირაკლი მელაშვილი.

კონკრეტულად, რისთვის აღმოჩნდა მზად ეკონომიკის სამინისტრო?

როგორც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პირველმა პირებმა განაცხადეს, უწყება მზად არის, მუნიციპალიტეტებს ძირითადი, ანუ განუსხვისებელი ქონების დარეგისტრირების პროცედურა გაუმარტივოს. თუ აქამდე ამ ქონების მუნიციპალურ საკუთრებად დასარეგისტრირებლად, ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით, მთავრობის თანხმობა იყო საჭირო, მომდევნო 2 წელში თვითმმართველობებს თანხმობის მიღება აღარ დასჭირდებათ და თავად შეძლებენ მის დარეგისტრირებას.

არადა, არ გაინტერესებთ, რა არის ეს ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება, რომლის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრაციასაც ასე დიდსულოვნად დათანხმდა ეკონომიკის სამინისტრო? ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული, მაგრამ ამ დრომდე რატომღაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები, ნაპირსამაგრი ნაგებობები, ადმინისტრაციული შენობები, შიდა სარგებლობის გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარეგანათების კონსტრუქციები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები.

არადა, ეს ქონება, “თვითმმართველობის კოდექსით”, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველია, მისი გასხვისება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დაუშვებელია და გამოიყენება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად. მაგრამ როგორ შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარ უფლებამოსილებებს, თუ ამ ქონების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ამ დრომდე სახელმწიფო საკუთრებაშია? ეკონომიკის სამინისტრო თვითმმართველობის რეფორმის დაწყებიდან მხოლოდ 5 წლის თავზე მიხვდა, რომ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში მდებარე პატარა მოედნებთან თუ სკვერებთან, სოფლის შარა-გზებთან თუ ტროტუარებთან მას არაფერი ესაქმება და მისი მუნიციპალიტეტებისთვის დათმობის მოწყალება გაიღო.

მეორე, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტრო და, შესაბამისად, მისი საქვეუწყებო დაწესებულება მზად აღმოჩნდნენ, ისაა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კერძო პირისთვის ქონების ადგილმონაცვლეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეეძლება. დღეს ეს უფლება მხოლოდ თბილისს აქვს მინიჭებული, დანარჩენ საქართველოში კი ადგილმონაცვლეობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს. ცხადია, პროცედურულად ამ საკითხის გამარტივება ცუდი არ არის, მაგრამ, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მას ქონებრივ დეცენტრალიზაციასთან საერთო არაფერი აქვს.

შემდეგი 2 პუნქტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა, მუნიციპალიტეტებს მეტ-ნაკლებ თავისუფლებას მისცემს, თუმცა, რამდენად გამოდგება ეს ქონება ეკონომიკურ აქტივობაში ჩასართავად და შეძლებენ თუ არა თვითმმართველობები მისგან ეკონომიკური სარგებლის მიღებას, ამას მომავალი გვიჩვენებს.

წარმოიდგენდით, რომ სოფლად არსებული სასაფლაოების, სპორტდარბაზების, სტადიონების და სხვა მსგავსი ქონების დიდი ნაწილი ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა? დიახ, ასეა და ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, როგორც იქნა, გადაწყდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ ბიბლიოთეკებს, სპორტულ მოედნებს, სარიტუალო/საკლუბო დარბაზებსა და სასაფლაოებს, არსებული პროფილის შენარჩუნებით, გადასცემენ, ხოლო თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში ამგვარი ქონება ჯერაც არარეგისტრირებულია (რაც, კანონის თანახმად, მაინც სახელმწიფო საკუთრებად ითვლება), მას პირდაპირ თვითმმართველობა დაირეგისტრირებს. ეს ქონება რომ საინვესტიციოდ და, შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობისთვის ვერ გამოდგება, ფაქტია, თუმცა, რადგან ამჯერად გადასცემენ მაინც, უკვე კარგია, რადგან მუნიციპალიტეტებს მათი მართვის შესაძლებლობა მაინც მიეცემათ.

კიდევ ერთი ქონება, რაც, სავარაუდოდ, ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემათ, ყოფილი კულტურის სახლებია, რომელთა დიდი ნაწილიც, დაგვეთანხმებით, რომ ამორტიზებულია და ხშირ შემთხვევაში, სადემონტაჟოც. წლებია, ამ ქონების გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობები ითხოვენ, რადგან დროის გასვლასთან ერთად, ის უფრო და უფრო მეტი პრობლემის შემცველი ხდება, მაგრამ მისი გადაცემა მაშინ გადაწყვიტეს, როცა, არათუ საინვესტიციო ღირებულება აღარ აქვს, არამედ ამ მდგომარეობაში გამოსადეგიც კი აღარაა. ხშირია შემთხვევები, როცა ეს შენობები ინგრევა, ან იქ დაბუდებული მღრღნელები და ქვეწარმავლები მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. უმეტესად, სწორედ ასეთ ქონებას გადაიბარებენ მუნიციპალიტეტები და ამიტომაც, თუ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ქონების ეკონომიკურ აქტივად ქცევა სურს, ამ შენობებს ან რეაბილიტაცია უნდა ჩაუტაროს და შემდგომ პროფილის შესაბამისად პატრონიც მოუნახოს, ან დემონტაჟი ჩაატაროს, ტერიტორია გაასუფთაოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაედება მას საინვესტიციო ღირებულება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ქონებისთვის თანხის დახარჯვა მოუწევთ, თანხის, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტებს ისედაც მწირი აქვთ. ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც (წინა ხელისუფლებების დახარჯულ წლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ბოლო 5 წელია, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია-რეგისტრაციით არის დაკავებული, ამ დრომდე მაინც არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ასეთი ქონებაა საქართველოში, შესაბამისად, ვერ ამბობს, რამდენი კვ.მ. მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა გადაეცემათ ჯამურად მუნიციპალიტეტებს.

ყველაზე მეტად ადეკვატური ეკონომიკის სამინისტროს ოთხპუნქტიანი გეგმიდან მეოთხე პუნქტი აღმოჩნდა. უწყება მზადაა, 2020 წლის ბოლომდე, 300 კვ.მ.-მდე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობები და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები ადგილობრივ თვითმმართველობებს გადასცეს. მუნიციპალიტეტებს, ასევე, შეეძლებათ ამავე ფართობის არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების პირდაპირ მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირებაც. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, მათ საკუთრებაში 300 კვ.მ.-მდე ფართობის 8 ათასი მიწის ნაკვეთია. ამავე უწყების მიერ droa.ge-სთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ამ დროისთვის ჯამში 27 994 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, მათ შორის შენობა-ნაგებობებიანი – 13 670 მიწის ნაკვეთი. ჯამურად, ეს მიწის ნაკვეთები 86 022 ჰექტარია. ცხადია, გადასაცემ ქონებას შორის ყველა 300 კვ.მ. ვერ იქნება, ამიტომაც, მაქსიმალური, რაც შესაძლოა, რეფორმის ამ პუნქტით სახელმწიფო საკუთრებიდან მუნიციპალურ საკუთრებაში გადავიდეს, 240 ჰექტარია, რაც ამ ქონების მხოლოდ 0.27%-ია. 

ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქონებას ადგილობრივ თვითმმართველობებს 2019-2020 წლებში გადასცემს, მაგრამ ჯერ არ იცის, როდის გადასცემს და გადასცემს თუ არა საერთოდ, მაგალითად, 300 კვ.მ.-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთებს მუნიციპალიტეტებს. გამოდის, რომ ამ მიმართულებით “რეფორმა”, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა წინა კვირას პარლამენტის ტრიბუნიდან ამაყად დაგვიანონსა, 2020 წლის ბოლოს უბრალოდ გაჩერდება.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ამ დროისთვის, ჯამში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე 338 035 ჰა 52 406 მიწის ნაკვეთია. როგორც უკვე გითხარით, უწყებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რა პოლიტიკა ექნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან, მათ შორის, საძოვრებთან და სათიბებთან დაკავშირებით. არადა, ეს ის საკითხია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობები ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემად ასახელებენ და ამბობენ, რომ საკითხის მოუგვარებლობის გამო მუნიციპალური ბიუჯეტები, წლებია, შემოსავლებს კარგავენ. სახელმწიფო კომისია კი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას ისე ასრულებს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებს არ გვთავაზობს, ისევე, როგორც ჯერ-ჯერობით, ვერ განსაზღვრა მთავარი კონტურები, რა არის დეცენტრალიზაციის რეფორმის მთავარი ამოცანა – ადგილობრივი თვითმმართველობის რეალური გაძლიერება და მათი როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, თუ მორიგი მონიშვნის დასმა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა “წარმატებით გრძელდება”.