ცქიტიშვილი: კახეთის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად, ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს

794

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “კახეთი 2019” საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კახეთის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად, ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს.

ამასთან, ვიცეპრემიერმა პანელზე გამოსვლისას, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც კახეთის რეგიონში ხორციელდება და ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

“კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და იმისთვის, რომ ის სრულად გამოვიყენოთ, საჭიროა ამ შესაძლებლობების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. პირველ რიგში, აქცენტს გავაკეთებ საგზაო ნაწილზე, რადგანაც სწრაფი კავშირი რეგიონებს შორის და მთლიანად საქართველოსთან, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან, მნიშვნელოვანია საწარმოო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტისთვის,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ წელს, დაახლოებით, 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება ქვეყნის ინფრასტრუქტურაში და აქედან დიდი ნაწილი საგზაო პროექტებს მოხმარდება.

“კახეთში წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია 132 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მათ შორისაა, თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი გზა, რომლის დასრულების შემდეგ 110 კმ-იანი მონაკვეთის გავლის ნაცვლად, ჩვენ შევძლებთ 28კმ-იანი გზით დავაკავშიროთ ეს ორი რეგიონი, რაც ბევრად უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ნიშნავს. ასევე, მიმდინარეობს გურჯაანის შემოვლითი ახალი 16კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, 2020 წელს კი ვიწყებთ ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას. წელს დარსულდება თბილისი-ბაკურციხის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პროექტირება, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 მილიარდი ლარია, რაზეც უკვე ინტენსიური მოლაპარაკების ფაზაში ვართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონში, დაახლოებით, 40 მილიონი ლარის ღირებულების 117 კმ-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უკვე გაფორმებულია კონტრაქტი და თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ამასთან, ფორუმზე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. პრემიერმა ინვესტორებს კახეთით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.