წყალტუბოში “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ IV ყოველწლიური ფორუმი მიმდინარეობს

155

წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის მეოთხე ყოველწლიური ფორუმი “რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ მიმდინარეობს.

ფორუმი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ გახსნა.

ფორუმზე, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, რეგიონულ ეკონომიკას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითად გამოწვევებს განიხილავენ.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიმართეს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს თვითმმართველი ქალაქების მერები, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელები და ბიზნესმენები.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინიციატივით 2018 წელს დაფუძნდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქტული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 9 რეგიონის გუბერნატორს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება იმართება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.