შსს: არჩევნებთან დაკავშირებით დაკავებული ხუთივე პირი თავისუფალია

161

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე:

1. სადახლოს 31-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ტ.ა.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით;
2. ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარედ პრეს მედია „სისროპის“ მოხალისე ოპერატორ გ.რ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

შსს-ს ცნობით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით დააკავეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი 5 პირი, რომელთაგან ამ ეტაპზე ყველა თავისუფალია. მათ შორის ადმინისტრაციული წესით (166-ე და 173-ე მუხლებით) განხორციელდა საინფორმაციო სააგენტო პრესა.ჯი-სა და I-TV-ის დირექტორის გიორგი კაპანაძის დაკავება. “ეს უკანასკნელი პოლიციის წინააღმდეგობისა და მოწოდებების მიუხედავად, ცდილობდა პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანებსა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმებას ავტომანქანის კარისა და საბარგულის გახსნის გზით”, – აცხადებს შსს.

სამინისტროს განცხადებით, 10-მდე ინციდენტის შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 ფაქტის შესწავლა.

“პოლიცია საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას”,- წერია შსს-ს განცხადებაში.

20 საათისთვის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. როგორც ცნობილია, დილის 8 საათიდან საქართველოს 5 ქალაქში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში მერების რიგგარეშე, 8 მუნიციპალიტეტში –  საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური, ხოლო თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. პროცედურულად, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ხმების დათვლა უნდა დაიწყონ, რის შემდეგაც შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისიაში გააგზავნიან, საოლქო კომისია კი შედეგებს ცესკოს მიაწვდის.