ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ფარული ჩანაწერის გამო, შესაძლოა, “რუსთავი 2-ს“ უჩივლოს

842

წინა სტატია

პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ დეპუტატმა გია დანელიამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ფარული ჩანაწერის გამო, შესაძლოა, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” უჩივლოს.

ამასთან, ამბობს, რომ არ იყო ინფორმირებული, თუ რაზე ესაუბრებოდა მას მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, როცა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია მას დაუპირისპირდა. მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მოუწყვეს.

გია დანელია ვარაუდობს, რომ ჩანაწერი 2017 წლის არის, რომელიც ბაადურ რაფავამ მიზანმიმართულად მოამზადა. საკრებულოს წევრი ირწმუნება, რომ ამ შინაარსის საუბარი, რაც ისმის, რეალურად არ ჰქონია. არამედ, მხოლოდ ექიმის და პაციენტის ურთიერთობიდან გამომდინარე საუბრობდნენ კბილის პროთეზზე.

მისივე თქმით, ვიდეოს რომ დააკვირდა, პირის მოძრაობა და ხმა ერთმანეთს არ ემთხვევა. გია დანელია ეჭვობს, რომ ამ ადამიანმა ხმა წინასწარ ჩაიწერა, მოგვიანებით კი გამოსახულებას დაადო.

დეპუტატის თქმით, გამოძიებას უნდა დაელოდონ, რომლის ფარგლებშიც ხმის ნიმუშები აიღეს.

გამოძიება პროკურატურამ 14 მაისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც, თითქოს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს.

ამ ფარული ჩანაწერის გამო, რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ გია დანელიასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ოპოზიციის განცხადების დარეგისტრირებას დაპირისპირებაც მოჰყვა.