ოზურგეთის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო

263

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მერიამ ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

“მოქალაქეთა მონაწილეობა ხელისუფლების საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს კომპონენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიმართებით იძენს. თვითმმართველობების საქმიანობის ეფექტურობა ჩართულობის მექანიზმების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ოზურგეთში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტი დაიწყო”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც სატესტო ეტაპზე, მხოლოდ ქალაქ ოზურგეთს მოიცავს, 150 000 ლარს შეადგენს.

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოზურგეთში, 1 მაისიდან მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე შეუძლიათ გაეცნონ პროექტის წარდგენის პირობებს და ატვირთონ საპროექტო განაცხადი.

“განაცხადი უნდა ეხებოდეს ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემას და მისი გადაჭრა უშუალოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უნდა ევალებოდეს. შემოსული განაცხადები გადაირჩევა და გამოქვეყნდება ამავე პორტალზე, ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით. დასაფინანსებელი პროექტები კი პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე დადგენილი შესრულების კოეფიციენტის საშუალებით გამოვლინდება. პროექტები დაფინანსდება თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით”, – განმარტავენ მერიაში.

ელექტრონული პლატფორმა მომზადდა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით პროექტის – “ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მზარდი მონაწილეობის ინიციატივა“ფარგლებში.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ და მისი მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.