სიღნაღის მერიამ და საერთაშორისო სოლიდარობის ფონდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

831

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და საერთაშორისო სოლიდარობის ფონდს (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც სიღნაღის მერიაში განმარტავენ, შეთანხმებას ხელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის წარმომადგენელმა, ურსულა მაჟევსკამ მოაწერეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, შეთანხმდნენ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყონ სამოქალაქო ბიუჯეტის მექანიზმის დანერგვას, რაც ადგილობრივი მოქალაქეების ჩართულობას გაზრდის.

“მხარეები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალური ბიუჯეტის ფორმირებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე მოსახლეობის ჩართვა უნდა მოხდეს. აღნიშნული მექანიზმის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ეფექტური მართვის განხორციელებასა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას შეუწყობს ხელს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობა ეფექტური ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ელემენტია”, – აცხადებენ სიღნაღის მერიაში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეებს სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის მეთოდები და ბენეფიტები გააცნეს.