ხაშურში მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვის ფორმებს ასწავლიან

1442

წინა სტატია

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე მიაწოდეს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და პრინციპები, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, მოქალაქეთა თანამონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესებში და სხვა.

პროგრამაში აქტიურად იყვნენ ჩართულები მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც დეტალურად აუხსნეს მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის კომპეტენციები და უფლებამოსილების განხორციელების გზები.

პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მოწვეული ექსპერტი ლიზა სოფრომაძე უძღვებოდა.

შეხვედრა ხაშურის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში – რუსთავში, მცხეთაში, ლაგოდეხში, ხაშურში, ახალქალაქში, ზესტაფონში, ფოთში, ონში, ლანჩხუთსა და ქედაში ტრენინგები მიმდინარეობს. სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესს, თავისი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებსა და ბიუჯეტს ეცნობიან.

პროექტის – “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” განმახორციელებელია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის თვითმმართველობის პროგრამა, ხოლო დონორი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ).