რა სჯობია, იყო მუნიციპალიტეტის მერი…

3005

ლიზა სოფრომაძე – რეგიონის განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე

თვითმმართველობა კომპლექსური მართვაა, ეს არის ტერიტორიის მართვა, ტერიტორიის განვითარება, რომელსაც უნდა მიაღწიო იმ კომპეტენციების განხორციელებით, რაც გაგაჩნია.

რა არის ეს კომპეტენციები?

თუმცა, სანამ ამის განხილვაზე გადავალ, მანამდე მინდა, განვიხილო სამინისტროები, ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლება!

ეკონომიკის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, სოფლის მეორნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და ა.შ. – თითოეულ მათგანს მინიმუმ ორი, ან მეტი დარგის მართვა აქვს ჩაბარებული. თუ ზუსტად მახსოვს, მაქსიმუმ, ოთხის. შესაბამისად, სამართავი დარგების რაოდენობა მეტ-ნაკლებად შეზღუდულია.

მინისტრს მოეთხოვება ამ დარგების ცოდნა, კომპეტენცია იმ საკითხებში, რასაც მართავს. და ეს კომპეტენციებიც, როგორც აღვნიშნე, ოთხს არ სცდება. თანაც, მათი მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და რაიმე კონკრეტულ ტერიტორიას მიბმული არ არის. რა თქმა უნდა, სადღაც კარგი შედეგები აქვს და სადღაც – ისე რა, თუმცა, ცუდი შედეგის სიმწვავე დიდად თვალში საცემი არ არის, რადგან ერთგან ჩავარდნას მეორეგან უკეთესი მდგომარეობა ანეიტრალებს.

იყო თვითმმართველობის მერი, ეს ბევრად რთულია. აქ გევალება კონკრეტული ტერიტორიის განვითარება იმ კომპეტენციებით, რაც გაქვს და რომ დათვალო, აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრი დარგია, რაზეც პასუხისმგებელი ხარ. ფაქტობრივად, თითქმის ყველა სამინისტროს მინისტრი ხარ ერთ ტერიტორიაზე და თან იქვე გყავს პატარა პარლამენტიც – საკრებულო, რომელიც სულ გაკონტროლებს და თვალყურს გადევნებს.

უნდა მართო კარგად და ეფექტიანად ინფრასქტრუქტურა, ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე სოციალურ საკითხებში, ჯანდაცვასა და გამწვანებაში, ასევე, განათლების საკითხების ექსპერტიც უნდა იყო, იქ ბაღების მართვაო, სკოლის გარეშე დაწესებულებებიო, ბიბლიოთეკები და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტიო… ასევე, კულტურის მნიშვნელობაც ძალიან კარგად უნდა გესმოდეს და კომპეტენტურად და ეფექტიანად ამ საკითხებსაც უნდა მართავდე. მოხუცები, სოციალურად დაუცველები, ახალგაზრდები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ადგილობრივი სტატისტიკა – ესეც შენი საქმიანობის სფეროებია, ინვესტიციების მოზიდვის ხელოვანიც უნდა იყო და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გურუც. ამავე დროს, ყველა შენი გადაწყვეტილება გამჭვირვალე უნდა იყოს და თანამონაწილეობითი პროცესით მიღებული, ყველას აზრს უნდა მოუსმინო, შეაჯერო და მერე გადაწყვეტილებაც ძალიან სწრაფად უნდა მიიღო, იმიტომ, რომ დროულობა აუცილებელია ამ დროს (შენ ხომ კარგი მმართველობის მაგალითი უნდა იყო). თან ყველას უსმენ და თან ძალიან სწრაფად რეაგირებ ამ მუდმივი ცვლილებების გარემოში, ასწრებ კანონების ცლილებების შესწავლას, სხვადასხვა მეთოდოლოგიის გაცნობასა და დამუშავებას (რომელსაც უხვად და ულევად გაწვდიან ეს დაუზარელი ექსპერტები), მეთოდოლოგია ეფექტური კომუნიკაციისო, ანუ როგორ ილაპარაკო და როგორ უსმინო ყველას, მეთოდოლოგია ეფექტური დაგეგმვისო – როგორ დაგეგმო და ჩართო ამ პროცესში ყველა ის, ვისაც არ ეზარება და იმასაც უნდა მოანდომო მონაწილეობა, ვისაც ეზარება, ან საერთოდაც არ უნდა მონაწილეობა. მოკლედ, სულ მეცადინეობ, ყველას უსმენ და, ამავე დროს, სწრაფად და ეფექტიანად მართავ, თან სულ უნდა გახსოვდეს გენდერი და ინკლუზიური მართვა.

თან არ უნდა შეგეშალოს. ოი, თუ შეგეშალა, ოი, თუ წაგიცდა ფეხი, ოი, თუ ვინმეს არ მოუსმინე, რა ქოქოლა დაგეყრება!!! იცი, რომ ბევრი გაკვირდება, ბევრი მიკროსკოპით გიყურებს – საკრებულო, არასამთავრობოები, აკადემიური დაწესებულებები, უფლებების დამცველები, ექსპერტები – თუ ჩვენებურები, თუ უცხოები, ცენტრალური ხელისუფლება, აქტიური და პასიური მოქალაქეებიც, საერთაშორისო ორგანიზაციებიც და ბევრნი და ბევრნი!!!

ჰოდა, ხარ ამ სწავლა-მოსმენა-მართვაში და ფიქრობ, როგორ შეუთავსო ეს ყველაფერი ერთმანეთს, თან ყველას უსმინე, თან ყველას დაუჯერე და თან სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედე!

მოკლედ, დიდი გამოწვევაა, დიმიტრი გვინდა, ყიფიანი, რომელიც, როგორც მახსოვს, მე-19 საუკუნის ბოლოს მოკლეს, თუმცა, კი დაამშვენებდა ყველა მუნიციპალიტეტს მისი მერობა!

მომზადებულია პროექტის – “საზოგადოებრივი კამპანია “თვითმმართველობის დროა” – ფარგლებში”