თელავში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ (ვიდეო)

849

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივები თელავის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

აღნიშნული მოთხოვნით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თვითმმართველობას ინიციატივა წარუდგინეს და ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგებზე, საჭიროებებზე, არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ინიციატივის ავტორის, არასამთავრობო ორგანიზაცია “თელავი ჩემი ქალაქიას“ ხელმძღვანელის, თამარ ბოტკოველის განმარტებით, აუცილებელია ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის მოგვარება, რადგან მისი არარსებობის გამო მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების უმეტესობა გადაადგილებას ვერ ახერხებს.

“სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელი თელავში, არჩილ მჭედლიშვილი განმარტავს, რომ აუცილებელია თვითმმართველობას ჰქონდეს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმა. მისივე თქმით, თვითმართველობის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრის მიზანი პრობლემებზე და მისი გადაწყვეტის გზებზე მსჯელობა იყო.

“შევიმუშავეთ მცირე სამოქმედო გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ საკრებულოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მთავარი მიზანი იყო ის, რომ ამ საკითხზე გამოგვეკვეთა ის პრობლემები, საჭიროებები რაც არსებობს. გვინდა შევიმუშავოთ სამოქმედო გეგმა, რომლის დახმარებითაც რამდენიმე წელში მაინც შევძლებთ ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას’’, – განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში აცხადებენ, რომ ისინი მსგავს ინიციატივებს, მოქალაქეთა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობას მიესალმებიან.

“მისასალმებელია ეს ინიციატივა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ პრობლემაზე გული შეგვტკივა და არ მინდა ვიღაცას ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით არ მუშაობს და არ ფიქრობს. ვფიქრობ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მარტივი იქნება ამ მიზნის მიღწევა და პრობლემის მოგვარება’’,– განაცხადა თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ.

თელავის ვიცემერი გიორგი თუშიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მუნიციპალიტეტისთვის, მისი ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

“ეს ფაქტი კი არის ნათელი მაგლითი იმისა, რომ მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. მერია და საკრებულო ამას მიესალმება და მხარს უჭერს. როგორც მუნიციპალური ისე ინტერმუნიციპალური ტრანსპორტის კუთხით, უშუალოდ თელავის მერის, მერიის და საკრებულოს ჩართულობით და მხარდაჭერით კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელიც განხორციელდება. ეს კი ხელს შეუწყობს ჩართულობის გაზრდას და სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ განვითარებას’’, – ამბობს თუშიშვილი.