საკრებულოების შემადგენლობის ცვლილების შესახებ პროექტი პარლამენტში ინიცირებულია

958

პარლამენტში ინიცირებულია “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლითაც საკრებულოების შემადგენლობა იცვლება. ქალაქების შემთხვევაში აღნიშნული ამომრჩეველთა რაოდენობას დაუკავშირდება.

კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შემავალ ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით საკრებულოს 2 წევრი აირჩევა.

ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით საკრებულოს 3 წევრი აირჩევა.

თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შემავალ ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით საკრებულოს 4 წევრი აირჩევა, ხოლო სადაც 35 000 ან მეტია – მაჟორიტარული წესით საკრებულოს 5 წევრი აირჩევა.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი და მისი მოადგილე მერაბ ქვარაია.

“აღნიშნული ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება საკრებულოს შემადგენლობაში თვიმმართველი თემის და ქალაქის წარმომადგენელთა რაოდენობის დაბალანსება, რაც მათი ინტერესების თანაბარი დაცვის მექანიზმს შექმნის. ამასთან, აღნიშნული ცვლილება საკრებულოს მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის, ხოლო მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია არ გამოიწვევს ქალაქების ინტერესთა დაზარალებას საკრებულოს შემადგენლობის ფორმირებისას”, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

წყარო: ინტერპრესნიუსი