რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, სხვადასხვა უწყების ანგარიში მოისმინეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) ანგარიში დეპუტატებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ გააცნო. მან ისაუბრა საქართველოს რეგიონებში, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და მომსახურებების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ობიექტების აღდგენა – რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
კომიტეტმა მოისმინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ანგარიში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ კომიტეტს ასევე გააცნო ინფორმაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა აღნიშნა, ყველა გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რისი მიღწევაც 2012 წლიდან გახდა შესაძლებელი.
„უზარმაზარი პროექტები ხორციელდება წყალთან დაკავშირებით. 17-ჯერ გაიზარდა წლიური დაფინანსება. 50 სოფელი 60 000 ოჯახი, რომლებიც წყლით მომარაგდება მიმდინარე და მომავალი წლის პროექტებით და ამაში არ შედის ის პროექტები, რომელთაც წყლის კომპანია ახორციელებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ყურადღება გაამახვილა ასევე ანგარიშებში მოხსენიებული ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე. მისი თქმით, ძალიან ბევრი ასეთი ადგილია საქართველოში. „სოფელ შილდაში არის 15-მდე სახლი, რომელიც კულტურის ძეგლი შეიძლება იყოს. არის 700 წლის წაბლის ხე. თუმცა არის სოფლები, რომლებიც მთლიანად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტი ცნობად მიღებული ანგარიშების საფუძველზე თითოეული უწყებისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.