“ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის” ფართის გადაცემას ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა

797

წინა სტატია

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას, ა(ა)იპ “ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის” ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, საკრებულოზე დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საკრებულო ოპოზიცია ფართის უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით გადაცემას გაუმართლებლად მიიჩნევს. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანიას აცხადებს, რომ მერია ტერიტორიას უსასყიდლოდ არ უნდა გასცემდეს, თანაც იმ უნივერსიტეტისთვის, რომლის მხოლოდ საძირკველი მესამე წელია შენდება.

ასევე, მას მიაჩნია, რომ 60 000 სტუდენტის ნაცვლად, 3 000 სტუდენტის მოზიდვა ქუთაისის ეკონომიკაზე ვერ აისახება.

“მშენებლობის პროცესი საგრძნობლად გაიწელა, იქ მხოლოდ ბაყაყების ყიყინი ისმის და საეჭვოა, რომ ოდესმე ქუთაისმა 60 ათასი სტუდენტი მიიღოს. ამის ფონზე, ე.წ. რექტორი წლიურად 118 000 ლარს იღებს არარსებული უნივერსიტეტის რექტორობიდან“, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ა(ა)იპ-ს დამატებითი ტერიტორია სამუშაოების საწარმოებლად სჭირდებოდა და მიწის ნაკვეთი მერიას, სამუშაოების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, 15 მაისისთვის დასრულდება პირველი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 7-სართულიანი იქნება.

“რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების გაწელილ პროცესს, ამის მიზეზი ისაა, რომ დაიდო ხელშეკრულება მიუნხენის უნივერსიტეტთან, რის შედეგადაც მოგვიწია პროექტის გადაკეთება. მიმდინარეობს სამუშაოები, ყველაფერი ხარისხიანი იქნება. სტუდენტებს პირველად 2020 წელს მივიღებთ“, – განმარტა გიორგი ჭიღვარიამ.

ასევე, მერიაში არ ადასტურებენ, რომ ადგილზე ბეტონის ქარხანა უნებართვოდ აშენდა.

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის თქმით, ქარხნის მოწყობის შესახებ მერია ინფორმირებული იყო და თანხმობა მას შემდეგ გაიცა, რაც ა(ა)იპ-მა ტერიტორია ოფიციალურად მოითხოვა.

ა(ა)იპ-ისთვის 8 000 კმ. მეტრი ფართობის გადაცემას საკრებულომ მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, ფონდმა “ქართუმ” ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. უნივერსიტეტში პირველი სტუდენტების მიღების თარიღად თავდაპირველად 2019 წელი დასახელდა, თუმცა შემდეგ ამ ვადამ 2020 წლისათვის გადაიწია.