ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორები მთავრობისგან გარკვეული რისკების დაზღვევას ითხოვენ

1218

სტატიის გაგრძელება

4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტს 400 მილიონი დოლარით აფინანსებს, მთავრობასთან რვაპუნქტიან მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქვს. პროექტის ინვესტორები, კერძოდ EBRD, ADB, AIIB და OPIC მთავრობისგან გარკვეული რისკების დაზღვევას ითხოვენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განმარტეს, ინვესტორებს მთავრობასთან შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული, სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ გამოყოფილი სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი კვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ააშენოს მეორე ფაზა თუ არ იქნება ტვირთნაკადი.

2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი, სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან.

3. მთავრობამ გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში, რამდენადაც თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებს ოპერირებას, ინვესტორი ნახავს ზარალს, ბანკებს ვერ გადაუხდის სესხს, შესაბამისად ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა და უნდა აანაზღაუროს ზარალი.

4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა გახდეს მოქნილი. აქ საუბარი არის უფრო ბანკების მიერ სესხის გასხვისებაზე, ან კრედიტორის ჩანაცვლებაზე, მთავრობის პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს სესხების გადაფორმება ისეთ მხარეზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, ამას ბანკებიც ეთანმხებიან.

5. სახელმწიფოს ოქროს აქციას დაუწესდეს შეზღუდვები – სახელმწიფოს ოქროს აქციას აქვს ძალიან ფართო უფლებები, ბანკების მხრიდან საუბარი არის მათ შეკვეცაზე.

6. სახელმწიფომ გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში.

7. საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება – ამჟამად საინვესტიციო ხელშეკრულებით ძალიან ვიწროა იმ საკანონმდებლო ცვლილებებისგან გამომდინარე კომპენსაცია, რომელიც მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს კონსორციუმს. ეს სია უნდა გაფართოვდეს, რომ ინვესტიცია დაცული იყოს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან.

8. BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში $400 სესხი სახელმწიფომ დაფაროს – კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება დაფაროს სესხი და დაეუფლოს პორტის აქტივებს სრულად. ამ შემთხვევაში კონსორციუმის ინვესტორები კარგავენ საკუთარ ინვესტიციებს.

მთავრობამ 8 -პუნქტიანი მოთხოვნა თავდაპირველად გასული წლის 21 დეკემბერს მიიღო, თუმცა ეს მოთხოვნები გარკვეულწილად შეიცვალა. ინვესტორმა ბანკებმა მარტის დასაწყისში მთავრობას, კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, “ცოტა შეცვლილილი და კომპრომისული“ პირობები გაუგზავნეს, რამდენადაც ისინი აღარ ითხოვენ ტვირთბრუნვის გარანტიას მთავრობისგან და მხოლოდ ფინანსური სახის ვალდებულებებზეა საუბარი.

ინვესტორებთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაში დასრულდება.

როგორც “თიბისი ჯგფის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, აპრილის დასაწყისში იქნება შეხვედრა ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან და მან იმედი გამოთქვა, რომ საერთო ენა გამოინახება.

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულლება შეძლოს.