ადგილობრივი დემოკრატიის გარეშე სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება შეუძლებელია

470

ანა წითლიძე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

დეცენტრალიზაცია ფუფუნება კი არა, დემოკრატიის ხარისხის საზომი აუცილებლობაა, რომელზეც არგუმენტი, რომ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს სახელმწიფოში, არ ჭრის. დამოუკიდებლობიდან დღემდე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი ხელისუფლება, მიუხედავად დაპირებისა, ქვედა დონეზე ძალაუფლების ხელიდან გაშვებას ვერ შეელია, ყველა ხელისუფლების პირობებში დეცენტრალიზაციის პროცესს თავისი დადებითი და უარყოფით ფაქტორებიც ჰქონდა და დღესაც აქვს.

მაინც, რა არის მთავარი პირობა იმისათვის, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი უპირობოდ განხორციელდეს? პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური დეცენტრალიზაციის აუცილებლობა. კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებები მეტ-ნაკლებად გაწერილია, ამ უფლებამოსილებების გაფართოება მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად ახორციელებენ არსებულ უფლებამოსილებებს ადგილობრივი თვითმმართველობების არჩეული ორგანოები დამოუკიდებლად, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე? ცენტრალური ხელისუფლების არგუმენტები, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები მზად არ არიან დეცენტრალიზაციისთვის და კადრების პრობლემაა, მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის შიშს უკავშირდება და არა – რეალურ არგუმენტებს. გარდა ამისა, თუ არასოდეს მიეცათ შესაძლებლობა, თუნდაც საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ, ვერც ვერასოდეს ისწავლიან.

პოლიტიკური დეცენტრალიზაციის განხორციელების მთავარი კომპონენტები – უფლებამოსილებების გამიჯვნა ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის, მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში და პოლიტიკური პარტიების როლი კადრების სწორად შერჩევაში – მნიშვნელოვანია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისათვის. ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პირობებში კი უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ლიდერების როლი, რომლებიც დამოკიდებული არ იქნებიან საკუთარი პარტიის ვერტიკალზეც კი მუნიციპალური საკითხების გადაწყვეტისას და ანგარიშვალდებული მხოლოდ ამომრჩევლებთან იქნებიან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის საკრებულოს უმრავლესობამ გადაწყვეტილება ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე საკუთარი ნების წინააღმდეგ და ცენტრალური ხელისუფლების ჩარევით მიიღო – ხმამაღლა წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ შეძლო. მიზეზი ყველასთან თითქმის ერთი იყო: არჩეული საკრებულოს წევრები, მათ შორის, მაჟორიტარებიც, ვალდებული იყვნენ საკუთარ პარტიასთან, ვიღაცას შემდეგ დაბლოკვის შეეშინდა, ვიღაცას – თანამდებობის დაკარგვის,  ვიღაცას – კორუფციული გარიგების. საბოლოოდ კი მაინც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა.

სამწუხაროდ, არჩეული მერის პირობებშიც კი, დამოუკიდებლობის ხარისხი და კომპეტენცია დაბალია და გადაწყვეტილების მიღებაში მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლის უფლებამოსილებაც, რეალურად, დამოუკიდებლად გააჩნია, ცენტრალური ხელისუფლების როლი დიდია.

ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფილად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის სამივე კომპონენტის – პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ფისკალური დეცენტრალიზაციის განხორციელება. თვითმმართველობებს უნდა გადაეცეთ ის ქონება და კომპეტენციები, რომელიც აუცილებელია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

ყველაფერი, რაც ადგილობრივ მაცხოვრებელს სჭირდება, არაეფექტურია, გადაწყვიტოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ – ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ დღემდე ვერ სრულდება. ამიტომაც პოლიტიკური ნება, ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ დამოუკიდებლები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შემდეგ უკვე ფისკალური და ეკონომიკური დეცენტრალიზაციის განხორციელებისთვის.

ადრე თუ გვიან, რთულად და ნელა, მაგრამ საქართველოში ეს პოროცესი გარდაუვალია, რადგან რეალური ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი დემოკრატიის გარეშე ნებისმიერი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება შეუძლებელია.

#უთხარიკიდეცენტრალიზაციას!