საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ

827

წინა სტატია

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.

“ერთი წლის წინ კახა კალაძემ “სითი პარკი“ რატომ გაიყვანა?! საპარკინგე ადგილები არ არისო, ჯარიმა და საურავი არის მაღალიო, გადაჰყავთ საჯარიმოზეო თბილისელებს კისერზე აწვებათო. რა შეიცვალა ერთი წლის მანძილზე? საპარკინგე ადგილი არც ერთი არ დამატებია ქალაქს, ჯარიმა იგივეა, საურავი იგივეა, ავტომობილები ისევ გადაჰყავთ, სერვისი გააძვირა კალაძემ და ამაზე ტაში დააკვრევინა თბილისელებს. შესაბამისად, ამ ინციატივას ჩვენ რა თქმა უნდა არ ვემხრობით. როდესაც ამბობენ, მოსახლეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა გადასხდესო, რომელ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გულისხმობენ, მეტროს, სადაც ჭერი ინგრევა თუ ყვითელ ავტობუსებში, რომელიც დაფახფახებს და იწვება? როცა ამბობენ, რომ ეტაპობრივად მოხდება შეცვლა, ჯერ ევროპული სტანდარტის საზოგადოებრივი ტრანსპორტი შექმნან და მერე ვიმსჯელოთ”, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის ინიციატივით, პარკირების ზონალური საფასური, სავარაუდოდ, 50 თეთრიდან განისაზღვრება.

ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ და პარკირების რეფორმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების პარალელურად განხორციელდება.

ასევე, ცნობილია, რომ პარკირების საათობრვ გადასახადს ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები არ გადაიხდიან. ხოლო, სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება.

“პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ პარკინგის სისტემა კომფორტული გახდეს, მისი მიზანია, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე”, – ამბობს თბილისის ვიცემერი.

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

ამასთან, ცნობილია, რომ ის პირები, რომლებსაც პარკირების გადასახადი წლის ბოლომდე გადახდილი აქვთ, ზონალური პარკირების ადგილებში დამატებით საფასურს მაინც გადაიხდიან.