ქუთაისში ორი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

790

27 თებერვალს, ქუთაისში “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ ახლადრეაბილიტირებული 30-ე და 36-ე საჯარო სკოლები ოფიციალურად გაიხსნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“საჯარო სკოლებს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი. სკოლების რეაბილიტაციას აშშ-ის მთავრობა აფინანსებს. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტით/გრანტით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი. პროექტის შედეგად, 37 ათასზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო საქართველოს რეგიონებში.

ქუთაისის ოცდამეათე საჯარო სკოლა გაიხსნება 27 თებერვალს, 12.00 საათზე, ხოლო 36-ე საჯარო სკოლის გახსნა დაგეგმილია იმავე დღეს, 13.30 საათზე“, – განმარტავენ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდში”.

შეგახსენებთ, რომ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა” 2014-2019 წლებში 71 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა, რის შედეგადაც, სასწავლო გარემო 30 000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუუმჯობესდა. დღემდე, ფონდის მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 175 ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართს, რისთვისაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 31 811 871 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.