იყო და არა იყო რა, ანუ რა ხდება, როცა ხელისუფლებას მოქალაქეების არ ესმის

1870

ნორიკ გასპარიანი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის მცხოვრები

მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომელიც, ძირითადად, დასახლებულია ეთნიკური აზერბაიჯანელებით, 10 სოფელია, სადაც სომხები ცხოვრობენ. აქედან ყველაზე დიდი შაუმიანია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. შაუმიანში 3 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ერთი სოფლის პრობლემა, ანუ “უმცირესობა უმცირესობაში”

პირველად ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეხება მქონდა, როდესაც უკვე თბილისში ვცხოვრობდი. სოფელში გზის რეაბილიტაციის პრობლემა იყო და დაპირებების მიუხედავად, 2016 წელს მხოლოდ სოფელ წერაქვში მიმავალი გზა გაარემონტეს. წერაქვი პატარა სოფელია ქვემო ქართლში, რომლისკენაც გზა შაუმიანის გავლით მიდის. 2016 წლის ზაფხულში იქ ტარდებოდა ფესტივალი “One Caucasus”. იმ დროს სოფლის მოსახლეობა გავიდა ქუჩაში და მოითხოვა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.

ეს იყო პრეცედენტული რამ, რადგანაც მანამდე სოფელში მიტინგი არ ყოფილა. ხალხი გააღიზიანა ხელისუფლებასა და მოქალაქეს შორის ნორმალური კომუნიკაციის არარსებობამ. ხშირად ვრეკავდი გამგეობაში (მერიაში), რათა გამეგო ახალი ამბები გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. შემდეგ, მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე, რომ ყოველ 30 წუთში ერთხელ დაგვერეკა მარნეულის გამგეობაში და გვეკითხა შაუმიანის ცენტრალური გზის შესახებ. საბედნიეროდ, საქმე აქამდე არ მივიდა. ჩვენ რეპორტაჟი გავაკეთეთ, სადაც ვსაუბრობდით სოფლის საყოფაცხოვრებო პრობლემებზე – წყლის, ნაგვის, გზის პრობლემებზე და ა.შ. რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ მარნეულის გაგებელი მერაბ თოფჩიშვილი დაგვიკავშირდა, მიგვიწვია გამგეობაში და გვთხოვა, ინტერვიუ ჩაგვეწერა. ინტერვიუს დროს მან საჯაროდ განაცხადა, რომ გზა აუცილებლად შეკეთდებოდა. გარდა ამისა, გამგებელი სოფელსაც ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დაპირდა, რომ გზის პრობლემა მოგვარდებოდა.

ამასთან ერთად, გაირკვა, რომ სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის საკითხი გზების დეპარტამენტს ეკუთვნოდა, ანუ ცენტრს. და, თუ ამ გზის პრობლემის მოგვარება იყო საჭირო, ჩვენ უნდა დავკავშირებოდით არა ადგილობრივ, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებას. მანამდე კი, სოფლის წარმომადგენლის დახმარებით და ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნით, სოფლის შიდა გზების ნაწილის რეაბილიტაცია მოხერხდა, ანუ იმის, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების ფარგლებში იყო.

ენის ბარიერი – პრობლემა, რის გამოც მოქალაქეები თვითმმართველობის საქმიანობაში ვერ ერთვებიან

როგორც იცით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობასთან, მათ ანგარიშვალდებულებასთან და მოქალაქეების ჩართულობასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას. მაგალითად, ავიღოთ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები. ამ ორ მუნიციპალიტეტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის თანახმად, ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვს. თუმცა, მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – 30%. ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებულია იმასთან, რომ მუნიციპალიტეტში ქართულენოვანი მოსახლეობა უფრო მეტია.

სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ მოქალაქე ჩართული იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასა და გადაწვეტილების მიღების პროცესში.

კიდევ რომ დავუბრუნდეთ ჩემი სოფლის მაგალითს, იქ სოფლის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად, დიდი როლი ითამაშეს ქართული ენის ეთნიკურად ქართველმა მასწავლებლებმა, რომლებიც სოფლის სკოლებში ქართულ ენას ასწავლიან. ისინი ბევრჯერ მივიდნენ გამგეობაში და გზის პრობლემის მოგვარება ითხოვეს. ეს მაშინ, როცა ადგილობრივი მოსახლეობის 99% ერთხელაც არ ყოფილა თვითმმართველობის ორგანოებში.

ასე რომ, თუ გვინდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრინციპი – მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყოს, უნდა ვიმუშავოთ ქართული ენის პრობლემის მოგვარებაზე. რაც უფრო მაღალი იქნება ენის ცოდნის დონე, მით უფრო მაღალი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობა.

ენის არცოდნის გამო მოქალაქეებმა არ იციან, თუ რა უფლებამოსილებები აქვს თვითმმართველობას, რა სახის პრობლემების მოგარებას შეძლებს ის და როგორ უნდა მიმართოს ადგილობრივმა მცხოვრებმა თვითმმართველობის ორგანოებს, რომ პრობლემა გადაიჭრას.

როგორც წესი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ. ალბათ, ეს, ენის არცოდნის პრობლემასთან ერთად, უკავშირდება იმ ფაქტსაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დამოკიდებულია ცენტრალურ ხელისუფლებაზე და მოქალაქის მიმართ ანგარიშვალდებულებას ნაკლებად გრძნობს.

იყო და… არა იყო რა

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის მერობის კანდიდატად მმართველი გუნდიდან წარმოდგენილი იყო ამირან გიორგაძე. თუმცა, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატი შეცვალა და დაასახელა თემურ აბაზოვი, რომელიც მანამდე საქართველოს შსს-ს ატაშე იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ეს გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო – “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი იყვნენ ამირან გიორგაძის მხარდამჭერები, თუმცა, მათ არავინ მოუსმინა.

არჩევნების შედეგად, გიორგაძემ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, ხოლო აბაზოვი მერად აირჩიეს. 8 თვის მერე აბაზოვი დააკავეს მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით. მოქალაქემ, რომელიც მონაწილეობას იღებდა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაში, შეიგინა ბიძინა ივანიშვილისა და თემურ აბაზოვის მისამართით და ამის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელით გაავრცელა. რამდენიმე დღეში ისევ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც იგივე პიროვნებამ ბოდიში მოიხადა. ასევე “სტუდია მონიტრის” ინფორმაციით, წყარომ მათ მიაწოდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია, თუ ზემოთხსენებული პიროვნება, ზეწოლის შედეგად, სახეზე შარდს როგორ ისვამს. როგორც გაირკვა, სწორედ აბაზოვის მოთხოვნით.

მარნეულის მერი დააკავეს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. რამდენიმე დღის წინ კი აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მიმართა და უფლებამოსილების შეწყვეტა სთხოვა. საკრებულომ 13 თებერვალს აბაზოვს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ახლა მუნიციპალიტეტი მერის გარეშეა დარჩენილი და შუალედური არჩევნების მოლოდინშია.

ეს ერთ-ერთი ფაქტია იმისა, თუ რა ხდება, როდესაც ცენტრი იღებს გადაწყეტილებებს და არ ითვალისწინებს ადგილობრივების აზრს. არადა, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სწორედ იმას აპროტესტებდნენ, რომ გიორგაძე აბაზოვით შეცვალეს. ისინი ამბობდნენ, რომ სხვა კანდიდატი არ უნდოდათ. ესეც ხომ ოპოზიციის მოთხოვნა არ იყო?! „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა თავისივე მხარდამჭერების მოსაზრება და ბოლოს მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – მარნეულს, თითქმის ერთი წელია, მერი არ ჰყავს.

დეცენტრალიზაცია – ადგილობრივი თვითმმართველობის წამალი

დეცენტრალიზაცია, პირველ რიგში, გულისხმობს ქონებისა და თანხების გადაცემას და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას. ცენტრალურ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს იმაზე უკეთ ვერ ეცოდინებათ რომელიმე სოფლის, ან მთელი მუნიციპალიტეტის პრობლემები, ვიდრე ადგილობრივმა თვითმმართველობამ იცის. ამასთან, ადგილზე პრობლემის მოსაგვარებლად იძულებულნი არ უნდა ვიყოთ, ცენტრისგან მოვითხოვოთ თანხა თუ სხვა რესურსები და ამაში ცენტრმა უპირობო მორჩილება მოგვთხოვოს. თვითმმართველობებს, ამ პირობებში, განვითარების შანსი არ აქვთ.

გარდა ამისა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ თვითმმართველობის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მოქალაქეთა მონაწილეობაა. ზემოთ მოყვანილი მაგალითიდანაც ჩანს, თუ რა ხდება, როდესაც ადგილობრივი მცხოვრებლების აზრს არ ითვალისწინებენ.

თუ დავაკვირდებით, საქართველოში თითქმის ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან.

მმართველმა პარტიამ უნდა გაიგოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა საარჩევნოდ ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკური ბერკეტი კი არ არის, არამედ მოქალაქეთა უფლებაა, ადგილზე მოაგვარონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

დეცენტრალიცაზია მოსახლეობას საშუალებას მისცემს, უფრო მარტივად მოაგვაროს საკუთარი პრობლემები, მუნიციპალიტეტებს კი განვითარების შესაძლებლობას შეუქმნის. ისინი შეძლებენ, თავიანთი შემოსავლებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები მოაგვარონ, ის პრობლემები, რომლებიც ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში ვერ გვარდება. სწორედ ცენტრალიზაციის ბრალია, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, მხოლოდ 2 განვითარებული ქალაქია – თბილისი და ბათუმი. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ბატონობს უმუშევრობა, ემიგრაცია, სხვა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემები. სწორედ ცენტრალიზებული მმართველობის ბრალია, რომ ერთი და იმავე ხელისუფლებამ რამდენიმე წელიწადში ჯერ გაყო მუნიციპალიტეტები და 7 ახალი თვითმმართველი ქალაქი ჩამოაყალიბა, შემდეგ კი ისე გააერთიანა, რომ მოსახლეობას არ ჰკითხა, როგორი თვითმმართველობა უნდოდა.

ათწლეულებია, რაც ცენტრალურ ხელისუფლებას არ სურს, უარი თქვას ისეთ რესურსზე, როგორიც ადგილობრივი თვითმმართველობაა. ამით კი ირღვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არსი – მოქალაქის უფლება და შესაძლებლობა, ადგილზე მოაგვაროს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ეს, გარკვეულწილად, ნარკომანიის პრობლემას ჰგავს, როცა ნარკომანი თან დამნაშავეა და თან – სამკურნალო.

ცენტრალური ხელისუფლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობაც ასეა – თან თვითმმართველობაა და თან ცენტრიდან მართული ორგანო. ხოლო ავადმყოფს (თვითმმართველობას) ერთი წამალი აქვს, რომლის საშუალებითაც განიკურნება და ამ წამლის სახელია დეცენტრალიზაცია.

მომზადებულია პროექტის – “საზოგადოებრივი კამპანია “თვითმმართველობის დროა” – ფარგლებში”