ზუგდიდის მუნიციპალური კომპანიის დირექტორი და მისი მეუღლე ადგილობრივ ტენდერებს იგებენ

978

სტატიის გაგრძელება

“ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები – “ზუგდიდავტოტრანსჯორჯია”, “ზუგდიდავტოტრანსი” და “სუფთა ქალაქი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებულ მასალაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბადრი ნემსაძე ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტს” 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.

მათივე ცნობით, ჯამში, სამივე კომპანიასთან 2011-2018 წლებში შემსყიდველ ორგანიზაციებს ტენდერებისა (567 188 ლარის ღირებულების 59 ტენდერი) და პირდაპირი შესყიდვების (125 035 ლარის ღირებულების 125 პირდაპირი შესყიდვა) გზით 692 223 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. ამასთან, 431 106 ლარის შემოსავალი ამ კომპანიებმა იმ პერიოდში მიიღეს, როცა მათი მეწილე/დირექტორი ბადრი ნემსაძე ან მისი მეუღლე იყო. ჯამში აღნიშნულ კომპანიებს უშუალოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან და ზუგდიდის მუნიციპალურ იურიდიული პირებთან  ტენდერებისა (508 741 ლარი) და პირდაპირი შესყიდვების (105 760 ლარი) სახით 614 502 ლარის  ღირებულების ხელშეკრულბები აქვთ გაფორმებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბადრი ნემსაძეს მისი და მეუღლის კუთვნილი წილების შესახებ 2018 წლის 28 მარტს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით.

შესაბამისად “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურებს, დროულად შეისწავლონ ზემოხსენებული კომპანიების მიერ ტენდერებში გამარჯვების საკითხი; საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ბადრი ნემსაძის ქონებრივი დეკლარაცია და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.