ანაზღაურება უპასუხისმგებლობასა და ცენტრის უსიტყვო მორჩილებაში

134

ელისო ჯანაშია – “ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის” დირექტორი

მთელი შეგნებული ცხოვრება თვითმმართველობის დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე მესმის, თავად ვწერ და ვაქვეყნებ სტატიებს, თავად ვარ ჩართული დეცენტრალიზაციის პროცესებში, მაგრამ რომელიმე ხელისუფლება, არათუ ცდილობს ამის რეალობაში განხორციელებას, არამედ კიდევ უფრო ცენტრალიზებულს ხდის ადგილობრივ თვითმმართველობას.

არცერთი ხელისუფლება არ ელევა ცენტრალიზებულად მართვის ამ მავნე პრაქტიკას.

ხალხიც იმდენად შეჩვეულია უკვე „ზემოდან“ მმართველობას, რომ ადგილზე როცა რაიმე ფუჭდება, ან ცუდად თუ უხარისხოდ კეთდება, მოსახლეობის პრეტენზია ცენტრალური ხელისუფლებისკენაა მიმართული, ადგილობრივ ხელისუფლებას კი პასუხსაც აღარავინ სთხოვს.

მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ადგილებზე ცენტრზე დამოკიდებული პირები სხედან, რომლებიც თვის ბოლოს ანაზღაურებას იღებენ მხოლოდ.

ყოველი ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი მხარდამჭერებისთვის შექმნას სამსახურები, ანუ ყიდულობს მათ მხარდაჭერას, რათა შემდეგ გარანტირებულად ჰყავდეთ არჩევნებში მხარდამჭერი გარკვეული კონტიგენტი.

მუნიციპალიტეტთა გაბერილი შტატები კრიტიკას ვეღარ უძლებს, ერთ საჭირო შტატზე 4-5 დასაქმებული მოდის. სინამდვილეში კი დანარჩენ რამდენიმე ათეულ პროფესიონალზე დგას მთელი მუნიციპალიტეტები. ამის კარგ მაგალითად გამოდგება ფოთის მერიაში შექმნილი 4-კაციანი სამსახური, სადაც 3 უფროსი იყო და ერთი – სპეციალისტი. სინამდვილეში საქმეს ეს უკანასკნელი აკეთებს, ხოლო უფროსები, როგორც წესი, ხელფასებისთვის არიან დანიშნული.

გაბერილი შტატების მკაფიო მაგალითია ფაქტი, როცა შარშან ფოთის მუნიციპალიტეტის 15 მლნ-იანი ბიუჯეტიდან, თითქმის 9 მლნ შრომის ანაზღაურება იყო. ქალაქს კი წლის განმავლობაში მხოლოდ 6 მლნ დარჩა სხვადასხვა პროექტებისთვის, ისიც – ტრანსფერი. საუბარია იმ ქალაქზე, რომელსაც შეუძლია, თვითკმარი ბიუჯეტი ჰქონდეს. სახელმწიფო ბიუჯეტში ფოთიდან შენატანი კი, დაახლოებით, 45 მლნ ლარია.

არცერთ მუნიციპალიტეტს არ გაუბრძოლია დეცენტრალიზაციისთვის, თუმცა, მუდამ წუხან, რომ ვერ ართმევენ საქმეს თავს და უფულობის გამო გადაწყვეტილებებს ადგილზე ვერ იღებენ. ადგილებზე არც მოქალაქეები ერთვებიან თვითმმართველობების საქმიანობაში, რადგან იციან, რომ იქ არაფერი წყდება. ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს ამბიცია, იცოდეს 70-მდე მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, თუმცა, არცერთ წელს ეს მოსახლეობის მოთხოვნებსა და პრობლემებს არ ემთხვევა და საბიუჯეტო წლებიც ისე გადის, პრობლემები ვერ გვარდება.  ამიტომაც მუდმივად აცდენილია ადგილობრივი საჭიროებები და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები. არც ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ პასუხს ამისათვის, ხოლო თუ მოსთხოვეს, ის თავის სამართლებლად თითს ცენტრისკენ იშვერს: რა ვქნა, ფულს არ მაძლევენო.

ცენტრის არგუმენტია: რასაც გაძლევ, იმასაც კორუფციულად და არაკეთილსინდისიერად ხარჯავო, თან არაპროფესიონალი ხარო. არცერთი მათგანი არაა საფუძველს მოკლებული, მაგრამ ეს ისევ ხელისუფლების ბრალია. კორუფცია, არაკეთისინდისიერება და არაპროფესიონალიზმი ნამდვილადაა დიდი პრობლემა თვითმმართველობებში, მაგრამ აქ შერჩევის კრიტერიუმები და ფორმები ვერ უძლევს კრიტიკას. ადგილობრივ თვითმმართველობებში მუდამ მმართველი პარტიის მიერ ერთგულების ნიშნით შერჩეულები ხვდებიან და არა – რეალურად ხალხის რჩეულები, რომელთაც ის ქალაქი, თუ უბანი კარგად იცნობს.

ამ თავსმოხვეულმა და ხელისუფლების მიერ ერთპიროვნულად შერჩეულმა კადრებმა არცერთხელ არ გაამართლა, თუმცა ამის მიზეზების გაცნობიერებას ხელისუფლება არც ახლა ჩქარობს. ცენტრიც კმაყოფილია და მათი ხელდასმული კადრებიც.

მე-8 კლასის წიგნში ისწავლება, უკვე მე-12-მე-13 საუკუნეში როგორ მოიპოვეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დამოუკიდებელი თვითმმართველობა, როგორ დაამარცხეს „სენიორები“ და ელიტები, როგორ აირჩიეს საბჭოები, რომლის მეშვეობითაც იმართებოდა ქალაქები თუ სოფლები. სწორედ ეს იქცა დასავლეთ ევროპის ასეთი სწრაფი განვითარებისა და წინსვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

მოქალაქეებს პასუხისმგებლობა დღესაც ავალდებულებს, საკუთარი ქალაქისა თუ თემის ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთონ, მაგრამ მსგავსმა სისტემამ მათში ნიჰილიზმი უფრო გააღმავა, ვიდრე ვალდებულება და პასუხისმგებლობა. დეცენტრალიზაციის სურვილები კი ხელისუფლების დეკლარირებულ განცხადებებს ვერ სცდება.