სოზარ სუბარი ბოლნისში სოფლის კრებებს დაესწრო

1006

7 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბალიჭსა და დაბა კაზრეთში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად, პირადად შეხვდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს და პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოისმინეს.

ოფელ მუშევანში, მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გარეგანათების ქსელი მოეწყობა და სოფლამდე მისასვლელი გზა მოწესრიგდება. ასევე, დასრულდება სოფელში არსებული რიტუალების სახლის კეთილმოწყობა და შემოიღობება გარე პერიმეტრი. ამასთან, შეხვედრის მიმდინარეობისას, სკოლის რეაბილიტაციის საჭიროების შესახებაც ისაუბრეს – პრემიერმინისტრის მრჩეველი, მოსახლეობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობას დაპირდა.

სოფელ ბალიჭში მიმდინარე კრების ფარგლებში, მოსახლეობამ პრიორიტეტად გარეგანათების მოწყობა დაასახელა. ასევე, წელსვე, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფელში, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად, 750 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება იგეგმება.

დაბა კაზრეთის მცხოვრებლებმა კი პრიორიტეტად, კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი დაასახელეს. გარდა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისა, 2019 წელს, ადგილზე, დაგეგმილია შიდა გზების მოასფალტება, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია და 26 ლიფტის შახტის კეთილმოწყობა. მოსახლეობამ, სასწრაფო-სამედიცინო პუნქტისა და პროფესიული სასწავლების ფუნქციონირების საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაბის მცხოვრებლებს, კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.