პანკისელი პედაგოგებისთვის ბრიუსელში სასწავლო ვიზიტი მიმდინარეობს (ვიდეო)

1189

პედაგოგთა 20 კაციანი ჯგუფი, პანკისის ხეობის სოფლებიდან, სასწავლო ვიზიტით ბელგიაში, ბრიუსელში იმყოფება.

“ვიზიტის პირველ დღეს მათ  ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩმა  ნატალია საბანაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ევროპული ღირებულებები, საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ და ევროკავშირი -საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა იყო.

მოგვიანებით პანკისელი პედაგოგები  ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) ეწვივნენ, სადაც ჯგუფის ხელმძღვანელისგან, ნიკოლეტას პასტერლასგან, ევროკავშირის პროექტების, საქართველოსთან ურთიერთობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პირველი დღე  ბელგიის კერძო სკოლაში “Ecole International Mongomery” სტუმრობით დასრულდა. ისინი ბელგიური განათლების სისტემის მახასიათებლებსა და სკოლაში სწავლების მეთოდებს გაეცნენ”, – აცხადებენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ბრიუსელში, პედაგოგებთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიც იმყოფება, რომელმაც პროექტს უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ ესაა არაჩვეულებრივი შანსი ევროპული სტრუქტურების მუშაობისა და ევროპული საგანმანათლებლო სისტემის  გასაცნობად.

“მონაწილეებმა ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. განსაკუთრებით იმ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე, რასაც ევროპასთან ასოცირება და ევროკავშირში შესვლა შეგვიქმნის. თითოეულმა პედაგოგმა თავისი საქმიანობის ჭრილში მნიშვნელოვანი კითხვები დასვა და მიიღო ის ინფორმაცია, რომელსაც  ხეობაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებს, მშობლებსა და თემის სხვა წარმომადგენლებს მიაწვდის. ვფიქრობ, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადგილობრივი თემისათვის გაცილებით სანდო იქნება, რადგან ესაა არა ვინმეს მონაყოლი, არამედ მათი საკუთარი თვალით ნანახი.

ჩვენი პროგრამის მონაწილეები ყველაზე დიდი ინტერესით სკოლაში სტუმრობას მოეკიდნენ. საინტერესო იყო მათთვის იმის გაცნობა, თუ როგორ ხდება სასწავლო პროცესის ორგანიზება, მოსწავლეებთან კომუნიკაცია და რა ღირებულებებს ეფუძნება საგანმანათლებლო სისტემა.  დღევანდელი დღე მათი მხრიდან შეფასდა როგორ ძალიან ინფორმაციული, მნიშვნელოვანი და გარდამტეხი“ , -განაცხადა ლია გიგურმა.

პედაგოგები გუშინ ნატო-ს სათაო ოფისს ეწვევიან. მათი ვიზიტი ბრიუსელში 7 თებერვლამდე გასტანს.

პროექტი  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ხორციელდება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.