დეცენტრალიზაციის უსასრულო მოლოდინი

1864

არჩილ თოდუა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის რეგიონული კოორდინატორი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე კვირის წინ უცნაური რამ თქვა, მისი აზრით, ”დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან, იმასთან, თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება”. საინტერესოა რას გულისხმობდა, რისი თქმა სურდა? მგონია, ვერავინ გაიგო და ბახტაძის მიზანიც მხოლოდ “მაღალფარდოვანი თქმა” იყო და სხვა არაფერი. ჩემი აზრით, პრემიერის სადღეგრძელოს მსგავსი სიტყვები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბებმადე ჯერ კიდევ ძალიან შორი გზა გვაქვს გასავლელი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირებისა თუ დეცენტრალიზაციის არაერთი სტრატეგია დაწერილა, განხორციელდა რიგი ღონისძიებებიც, კანონები შეიცვალა, ყველა საუბრობს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, თუმცა, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალაუფლების გადანაწილება ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის. თვითმმართველობის უკვე ჩატარებული თუ მიმდინარე რეფორმები ურთიერთსაწინააღმდეგოა და ხშირია გადახვევა ადრე აღებული კურსიდან, ცალკეულ წარმატებებს ხშირად სტაგნაცია და მართვის ცენტრალიზებული მეთოდების აღდგენა მოსდევს.

ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს:

  • ქვეყნის სათავაში მყოფი პოლიტიკური ძალების სურვილია, არ დათმონ ცენტრიდან ხელისუფლების ყველა შტოს და ორგანოს კონტროლის მექანიზმები;
  • შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს საკმარისი არც ფული აქვთ და არც – უფლებამოსილები;
  • ერთი მხრივ, აღიარებულია თვითმმართველობების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ავტონომიურობა, ხოლო, მეორე მხრივ, ამ უფლების რეალიზებისას მოქმედების თავისუფლება მაქსიმალურადაა შეზღუდული, რაც არ იძლევა ადგილობრივი საქმეების მოსახლეობისა და ადგილობრივი საჭიროებების შესაბამისად განხორციელების შესაძლებლობას;
  • ფინანსური რესურსების უდიდესი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების ხელშია თავმოყრილი;
  • და რაც არ უნდა კომიკური იყოს, მუნიციპალიტეტები თავის მწირ შესაძლებელობებსაც კი არაეფექტურად იყენებენ.

შედეგად ვიღებთ სრულ ქაოსს, ერთგვარ მიქსს მოჩვენებითი დეცენტრალიზაციისა და მკაცრი ცენტრალური მმართველობისა, სადაც პირდაპირი წესით არჩეულ მერს, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობის პირია, არაერთი უფროსი ჰყავს სამხარეო ადმინისტრაციებსა თუ ცალკეულ სამინისტროებში, მნიშნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, სწორედ მათთან – “ზემოთ” მყოფი პირისგან უწევს თანხმობის მიღება.

საკრებულოები ჩამოყალიბდნენ ორგანოდ, რომელშიც განსხვავებული აზრი, კრიტიკული მოსაზრება, მერის თუ რომელიმე თანამდებობის პირისათვის კითხვების დასმა და პრობლემურ საკითხებზე პასუხის მოთხოვნა სრულიად დეფიციტური მოვლენაა.

ამ ტიპის პრობლემები კიდევ მრავალია და ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, უფრო მძიმეც… მიზეზი, სათავავე ამ პრობლემებისა ცენტრალურ ხელისუფლებაშია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტები სრულად მართოს და, თუკი, მაგალითად, რომელიმე მერი “რთულად სამართავი” გამოდგა, მას მალევე “ანდომებენ”, დაწეროს განცხადება და საკუთარი ნებით წავიდეს თანამდებობიდან.

ამ პრობლემათა შესახებ მრავალჯერ დაწერილა, მრავალჯერ თქმულა, თუმცა, პრობლემა კვალავაც პრობლემად რჩება, უკეთეს შემთხვევაში კი, ძალიან ნელი, ზარმაცი კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ.

ამასობაში კი, ზუგდიდში, სადაც ვცხოვრობ, უამრავი ყოფითი, კომუნალური, ინფრასტრუქტურული და ა.შ. პრობლემა აქვს მუნიციპალიტეტს გადასაჭრელი:

  • ქუჩების უმეტეს ნაწილში გზის საფარი ამორტიზებულია. მხოლოდ ჩემი სახლიდან ქუჩის ბოლომდე, ოდესღაც უხარისხოდ დაგებულ ასფალტზე, 100-ზე მეტ ადგილას არის ორმო წარმოქმნილი;
  • ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალური ნაწილის გარდა, თითქმის არსად არაა ტროტუარი და ფეხით მოსიარულეები სამანქანო გზაზე გადაადგილდებიან;
  • სანიაღვრე არხებია გასაყვანი ათობით ქუჩაზე;
  • შუქნიშანია დასამონტაჟებელი ათობით გზაჯვარედინზე, არსებულები კი, ხშირ შემთხვევაში, გაუმართავია;
  • საბავშვო ბაღებში მოუწესრიგებელია ეზოები, რამდენიმე ბაღში აღსაზრდელები საერთოდ ვერ გაჰყავთ ეზოში, რადგანაც მუნიციპალიტეტმა არ/ვერ მოაწყო სათამაშო მოედნები! მე-13 ბაღს თითქოს არაუშავს, თუმცა, მისასვლელი გზა ნაომარს ჰგავს, ბაღის ეზო კი არ არის სათანადოდ მოწესრიგებული;
  • ფაქტობრივად, არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა. მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული 20-მდე ამორტიზებული ავტობუსი მხოლოდ რამდენიმე ქუჩას და სოფლების მცირე ნაწილს  აკავშირებს ზუგდიდის ცენტთან, სხვა ქუჩებზე მოძრავი “მარშუტკების” გრაფიკი მძღოლების მოცლაზეა დამოკიდებული, 18:00 სათის შემდეგ კი იმათ, ვისაც ავტომობილი არ ჰყავთ, სახლში წასასვლელად ორი არჩევანი აქვთ: ფეხით გადაადგილება, ან ტაქსი;
  • ქალაქ ზუგდიდს თითქმის არ შერჩა იერ-სახე (გარდა დადიანების სასახლეთა კომპლექსისა), უსახური შენობები, მიშენებები, დაშენებები სტრესულ გარემოს ქმნიან, ქალაქს კი თანდათან იპყრობს ბაზარი, რომელიც, 20 წლის წინ თუკი რამდენიმე ასეულ კვადრატზე იყო განთავსებული, დღეს ქალაქის ცენტრის უდიდესი ნაწილი უკავია და სწრაფი ტემპით იზრდება…

პრობლემები, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტია… ამ ყველაფრის ფონზე კი პრემიერი სადღეგრძელოებს იძახის; ცენტრალური ხელისუფლება კვარტალში ერთხელ გვთავაზობს დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიას; მერები “ზემოდან” დირექტივებს ელედობიან; პარტიის აქტივისტებს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში ასაქმებენ; მუნიციპალიტეტის მწირი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილით “წყლის ნაყვის ჩემპიონატს” ატარებენ; სააღდგომო საჩუქრები სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან ძვირადღირებული პრადოებით მიაქვთ; საკრებულოებს არც კი ახსოვთ, რომ მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აღმასრულებელი რგოლის კონტროლია და კიდევ მრავალი რამ.

ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, ბლოგს ჩვენი გამორჩეული წინაპრის – ილია ჭავჭავაძის სიტყვებით დავასრულებ, რომელსაც, სხვა ბევრ საკითხთან ერთად, ხელისუფლების დეცენტრალიზაციის საკმაოდ კარგი მოსაზრებები აქვს დატოვებული…

“თვითმმართველობა თავის ადგილას ყოველის შინაურის საქმის გამგებელია და მეოხე; ყოველივე საერთო სახელმწიფო ხარჯის და სამსახურის ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის განმანაწილებელია, ადგილობრივი საზოგადოების რიგისა და წესის დამყობია, მისის ზნეობის, პატივის, ქონების, განათლების და ერთობ კეთილდღეობის მზრუნველია. ყოველივე ამის მოქმედია იმოდენად, რამოდენადაც ყოველივე ეს სამმართველოს წრეში მცხოვრებთა განკერძოებით შეეხება  და არ ეწინააღმდეგება საერთო სახელმწიფო კანონსა და განკარგულებას”.

P.S.

თუკი ბატონ პრემიერს და საქართველოს ხელისუფლებას მართლაც სურთ, დეცენტრალიზაციის მათეული ხედვა სრულ თანხვედრაში იყოს წინაპრების ხედვასთან, იგივე ილია ჭავჭავაძე უპირატესობას ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების ადგილზევე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაწყვეტას ანიჭებდა, რადგანაც „სხვას, ტყუილია, ჩემთვის ისე გული არ შესტიკვა, როგორც მე თვითონ; სხვა ჩემს ავკარგიანობას ჩემსავით ვერ შეატყობს, ჩემს ტკივილს ჩემსავით ვერ მოუვლის, ჩემს ჩივილს ჩემსავით ვერ იტყვის; რაც მე ვიცი ჩემი, სხვას თავის-დღეში არ ეცოდინება“.

ასე რომ, უთხარით კი დეცენტრალიზაციას!!!

მომზადებულია პროექტის – “საზოგადოებრივი კამპანია “თვითმმართველობის დროა” – ფარგლებში”