ქუთაისში ახლადაღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

939

წინა სტატია

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) ახლადაღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა მღვიმე სპეციალისტებმა შეისწავლონ. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები დროში არ გახანგრძლივდება და ქუთაისში მივლინება უახლოეს მომავალში იგეგმება. ინფორმაციას ინტერპრესნოუსი ავრცელებს.

“მღვიმესთან დაკავშირებით ინფორმაცია გვაქვს, რომ მას, შესაძლოა, მიენიჭოს ბუნების ძეგლის სტატუსი. ჩვენი თანამშრომლების, გეოგრაფიის ინსტიტუტის და ადგილობრივების ინფორმაციით, მღვიმე არის ბუნების საოცრება, უნიკალური ადგილი, თუმცა ჩვენ სააგენტოში ვგეგმავთ ადგილზე კიდევ უფრო მეტ შესწავლას, რის შემდეგაც გაირკვევა სტატუსის საკითხი”, – განაცხადა სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა.

სტატუსის მინიჭებამდე სპეციალისტები აუცილებლად თვლიან მღვიმის ჩასასვლელს გაუკეთდეს კარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილზე ნაღვენთი ფორმები დაზიანდეს.