დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობა მოქალაქეთა კეთილდღეობის საწინდარია

ქეთევან ხიდაშელი

„ქალები რეგიონის განვითარებისთვის“

დღეს თვითმმართველობა ანგარიშვალდებულია ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რაც თავისთავად  ართულებს მოქალაქეთა  თვითმმართველობაში  ჩართულობის პროცესს.

მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობაში მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, თუმცა, წარმატებულ ქვეყნებში იმდენად მოწესრიგებულია ადამიანების ყოფითი ცხოვრება (წყალი, კანალიზაცია, გზა, სკოლები, ბაღები,  სოციალური პრობლემები), რომ  მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევნებზე მისვლაც  კი აღარ უნდა.

რა ხდება ამ კუთხით  საქართველოში?  რატომ არ ერთვებიან ადამიანები ადგილობრივ თვითმმართველობაში? ჯერ კიდევ 4 წლის წინ იმედი გვქონდა, რომ თვითმმართველობა დაუახლოვდებოდა მოსახლეობას და დაიწყებოდა შეუქცევადი პროცესი დეცენტრალიზაციისაკენ. დაიწყო კიდეც პროცესი და 5 თვითმმართველი ქალაქი დაემატა თვითმმართველი ქალაქების რიცხვს, თუმცა, მალევე შეიცვალა ხელისუფლების პოლიტიკა და ეს ინიციატივა ისევ გააუქმეს.

რა სიკეთეები მოიტანა დეცენტრალიზაციის მცდელობამ? სოფლებში უამრავი პროექტი განხორციელდა; ადამიანებს გაუჩნდათ იმედი, რომ მათ პრობლემებს ხედავენ და წყვეტენ, მაგრამ, როგორც კი შეწყდა პროცესი, ქალაქებისა და სოფლების მუნიციპალიტეტები გაერთიანდა, მაშინვე დავუბრუნდით იმ პოზიციას, როცა პრობლემები წყდება არა პრიორიტეტების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, თუ რომელ დეპუტატს აქვს ადგილობრივ დონეზე ძალაუფლება და კავშირები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მმართველი პარტიის ლიდერებთან, ანუ როგორ „ჩააწყობს“ მის თემში განსახორციელებელ პროექტს. ასეთი მეთოდი მთლიანად გამორიცხავს მოქალაქეთა ჩართულობას და კორუფციულ გარიგეგებთან უფრო ასოცირდება.

მოქალაქეთა ჩართულობის უამრავი ფორმა არსებობს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დანერგილია საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია ლაივსტრიმით, დისტანციური ჩართვები საკრებულოს სხდომების დროს სოფლებიდან, ელექტრონული პეტიციის ფორმები – ეს დიდი მიღწევაა, თუმცა, ფართო მოსახლეობისთვის გამოსაყანებლად მაინც შეზღუდულია.

მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს ის ფაქტორი, თუ როგორ რეაგირებს ადგილობრივი თვითმმმართველობა მოქალაქეთა მიერ წამოჭრილ პრობლემებზე. თუკი მოქალაქეების დიდმა ჯგუფმა წამოაყენა თემის პრობლემა, მაგ. წყლის პრობლემაა გადასაჭრელი, მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა 0,5%-ის ხელმოწერაა საჭირო იმისათვის, რომ საკრებულომ განიხილოს  აღნიშნული საკითხი, თუმცა, პრობლემის გადაწყვეტის ვალდებულება მას არ გააჩნია. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი მხოლოდ დასაბუთებული პასუხი უნდა მისწეროს პეტიციის წარმდგენ  ჯგუფს. თუკი არ მოხდა პრობლემის გადაწყვეტა, მოქალაქეებს უჩნდებათ ნიჰილისტური დამოკიდებულება. ეს კი პირიქით, აფერხებს მოქალაქეების გააქტიურების პროცესს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თემში პრობლემების იდენტიფიცირებას, რაც დღემდე ახლო  წარსულის ნეგატიური გამოცდილების  ინერციით ხორციელდება.  სოფლებში არის 15-20 ადამიანი, რომლებსაც თვითმმართველობის წარმომადგენლები მიაწვდიან იდეებს და შემდეგ ე.წ. „კრებებზე“ ხდება ამ იდეების  ე. წ. „გაპრავება“ ამავე ადამიანების ხელმოწერებით. იხარჯება თანხები, თუმცა, მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხი ნულის ტოლია. კეთდება პროექტები, რომელთა განხორციელებაზე  არანაირი მონიტორინგი არ ხდება, შესაბამისად, მაგალითად, წყლის პროექტის დასრულების შედეგად, თემს მაინც არ აქვს წყალი, რეაბილიტირებული გზა ისევ საჭიროებს რეაბილიტაციას. მოსახლეობა ითხოვს ნარჩენების ურნებს, რომლებსაც დგამენ, თუმცა, ნარჩენების გატანა კვირების განმავლობაში არ ხდება და ა.შ.

დეცენტრალიზაცია ხელს უწყობს თვითმმართველობის ანგარიშვალდებულების გაზრდას მოსახლეობის მიმართ.

ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში საერთო კრებების  ჩატარება მოსახლეობის თვითმმართველობაში მონაწილეობის ერთადერთი ფორმა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კანონს უამრავი ხარვეზი ჰქონდა, ჩვენ მაინც გავრისკეთ და ხელი მოვკიდეთ პროექტს, სადაც უნდა დაგვეტესტა, თუ როგორ იმუშავებდა აღნიშნული კანონი რეალობაში. ორგანიზაციის მოხალისეებს ჰქონდათ მცდელობა, დარეგისტრირებულიყვნენ საინიციატივო ჯგუფად, რათა შემდგომში ჩაეტარებინათ საერთო კრებები, თუმცა, იმდენად დაბალი იყო მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ცნობიერება ამ კუთხით, რომ განცხადებაც კი არ მიიღეს წარმოებაში. მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ამ დამოკიდებულებამ კარგად დაგვანახა ხელისუფლების მზაობა მოქალაქეთა თვითმმართველობაში ჩართულობის საკითხებზე. რაც შემდგომში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დეცენტრალიზაციის იდეის  სრულად უარყოფაში გამოვლინდა.

მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი  გამოცდილება ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით. 3 წლის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნასაკირალის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეკომიგრანტებს ვეხმარებოდით მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში. დასახლება 25 წლის განმავლობაში ელოდებოდა საბავშვო ბაღის გახსნას. თემი განსაკუთრებით დიდი შობადობით გამოირჩეოდა და ბავშვების დიდი ნაწილი სკოლამდელი განათლების გარეშე რჩებოდა. თემის მოსახლეობამ თავად ჩაატარა კვლევები და მიაწოდა ადგილობრივ თვითმმართველობას, თუმცა, პირველივე შეხვედრაზე მათი მოთხოვნა  უგულებელყოფილი იქნა, მთავარ პრობლემად  კი თანხის უქონლობა დასახელდა. ჩვენი, როგორც ორგანიზაციის, როლი ამ ისტორიაში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება იყო იმის შესახებ, თუ როგორ მიეტანათ პრობლემა ადგილობრივ თვითმმართველობამდე. ვასწავლეთ, როგორ განესაზღვრათ თემის პრიორიტეტები, ვასწავლეთ, როგორ დაეყენებინათ თავიანთი მოთხოვნები საჯარო გამოსვლებში. 2 წლის განმავლობაში ისინი დამოუკიდებლად ახერხებდნენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციას. სწავლებამ შედეგი გამოიღო, მოქალაქეების შეუპოვრობამ ადგილობრივ თვითმმართველობას უკან დაახევინა და დღეს ამ დასახლებაში საბავშვო ბაღი შენდება. თემში პრობლემის გადაწყვეტა დაკავშირებული იყო ადგილობრივ არჩევნებთან, თემთა მუნიციპალიტეტის გამგებელმა სატელევიზიო  თოქშოუში „რეალური სივრცე“ მოსახლეობას სიტყვიერი დაპირება მისცა, რომ საბავშვო ბაღს ააშენებდა, რომელსაც არჩევნების წინ მოსახლეობა აქტიურად ახსენებდა. ვინაიდან მოქმედი გამგებელი გრძნობდა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე, მან შეასრულა დანაპირები და მიიღო საბავშვო ბაღის აშენების გადაწყვეტილება.

2016  წელს ოზურგეთის დემორატიული ჩართულობის ცენტრში წინასაარჩევნო შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ  შეკითხვაზე, თუ როგორ გაანაწილებდა ქალაქსა და სოფლებს შორის  ბიუჯეტს, უპასუხა, რომ ქალაქს უფრო მეტი ბიუჯეტი ექნებაო. ამ დროისთვის ოზურგეთს უკვე შეჩერებული ჰქონდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მმართველი პარტიის მიერ დასახელებულმა მერობის კანდიდატმა პირდაპირ დაადასტურა ის შიშები, რის გამოც არაერთხელ გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების ინიციატორები. მიუხედავად იმისა, რომ გვარწმუნებდნენ, ეს დაზოგავდა და ეკონომიას გაუკეთებდა ბიუჯეტს, ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. ამ რეფორმამ შეამცირა  სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

ვეცადეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 7 თემში გამოგვეყენებინა მოქალაქეთა ჩართულობის  ის მეთოდი, რომლითაც წარმატებას მივაღწიეთ ერთ თემში. შეიქმნა ქალთა საინიციატივო ჯგუფები, ქალებმა თემში ჩაატარეს გამოკითხვები, განსაზღვრეს პრიორიტეტები და ჩაატარეს შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობაში (მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მერთან, მერიის ინფრასტრუქტურის  განყოფილებასთან, ფინანსურ სამსახურთან). მეთოდმა ამ შემთხვევაში არ გაამართლა, გააქტიურებული მოქალაქეები დამოკიდებულნი აღმოჩნდნენ მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ ერთი ან ორი პირის კეთილ ნებაზე. არჩეულ დამოუკიდებელ მერსა და სახელისუფლებო პარტიის წევრებით დაკომპლექტებულ საკრებულოს შორის წარმოქმნილმა დაუსრულებელმა კონფლიქტმა ნეგატიური ზეგავლენა იქონია პრობლემების გადაწყვეტაზე. ამ შემთხვევაში ადამიანები დაზარალდნენ.

ვერტიკალური, ცენტრალიზებული მმართველობა ადამიანების პრობლემებს ვერ აგვარებს, ასეთი მმართველობა მხოლოდ აძლიერებს დიქტატურას, რაც ხელს უშლის დემოკრატიულ პროცესებს და ადგილობრივი თვითმმართველობა შორდება მოქალაქეებს. 

და მაინც, რა არის ის, რის გამოც მოქალაქე გამოვა სახლიდან და დაინტერესდება, როგორ იღებს ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტს  და როგორ ხარჯავს მას? არადა რა მარტივია პასუხი ამ კითხვაზე: რაც მგრძნობიარეა თვითმმართველობა მოსახლეობის მოთხოვნების მიმართ, მით მეტად იზრდება მოქალაქეთა ჩართულობა. მაგრამ, ამავე დროს, რაც მეტად უსმენს ხელისუფლება მოსახლეობას, მით მეტია იმის შანსი, რომ პროცესები დემოკრატიული მიმართულებით განვითარდეს, რაც ცენტრალიზებული მმართველობის ინტერესებში არ შედის.  ხელისუფლებას  სჭირდება მორჩილი მოსახლეობა იმისათვის, რომ დიდი ხნით დარჩეს ხელისუფლებაში, შეინარჩუნოს და  გაამაგროს ცენტრალური ხელისუფლებისა და  მმართველი პარტიის ლეგიტიმაცია.

დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას სჭირდება: მრავალპარტიული პარლამენტი, კვალიფიციური და ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლება და დეცენრალიზებული (პარტიულობისაგან დაცლილი), ფინანსურად ძლიერი და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობა.

მსგავსი სიახლეები