ზუგდიდის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი დააკავეს

210

ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ ქობალია დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე თენგიზ ქობალიასთან ერთად მოქალაქე ხუტა ბ. დააკავეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბ-მ იმისათვის, რომ არ ემხილებინა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

თავის მხრივ, მერიაში განაცხადეს, რომ მათთვის ცნობილია შემდეგი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას.

“დანარჩენი დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის“, – აღნიშნეს მერიაში.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სექტემბრის თვეში ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი, ლაშა გოგია და გია გულორდავა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცემერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.