თელავში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა (ვიდეო)

141

იაკობ გოგებაშვიულის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თელავის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თელავის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ფრაქციების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ბიუჯეტის პროექტის პრიოროტეტებზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათი შენიშვნები მოისმინეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიას საკრებულოსგან მთავარი საფინანსო დოკუმენტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდა. თელავის მერის განმარტებით, საკრებულოს რეკომენდაციები, შენიშვნები და მოსახლეობის ინიციატივები მომავალი წლის ბიუჯეტში შეძლებისდაგვარად აისახება.

შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 21 500 000 ლარით განისაზღვრა და მისი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდული მიმართულება იქნება.

“ბიუჯეტის პროექტით ყველა პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსება გაიზარდა. ინფრასტრუქტურის დაფინანსება 33%-ით გაიზარდა და ამ მიმართულებით 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ასევე, სოციალური სფეროს დაფინანსება გაიზრდება 9%-ით, განათლებაც ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა და ამ მიმართულებით 22%-იანი ზრდა გვექნება, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებაზე გამოყოფილი თანხა კი წინა წელთან შედარებით 16%-ით მოიმატებს. მთლიანობაში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 21 500 000 ლარით განისაზღვრა.

გარდა ამისა, პროექტების განხორციელებისათვის ამ თანხას დაემატება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსება. ეს იქნება, სავარაუდოდ, 13 მილიონ ლარამდე თანხა. ამ დროისთვის საკრებულომ რეკომენდაციებით ბიუჯეტის პროექტი უკან დაგვიბრუნა. იმ რეკომენდაციებს და საჯარო განხილვაზე გამოთქმულ ინიციატივებს დავამუშავებთ და ავსახავთ შეძლებისდაგვარად მომავალი წლის ბიუჯეტში’’, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.