ზუგდიდის მერიას მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობისთვის ფული არ აქვს

ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტოს სამსახურის უფროსის, ნანი მიქენაიას განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობისთვის ფული არ აქვს. ამის შესახებ მან გამოცემა “ლიბერალის“ მიერ ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა ეკა მინჯორაიამ იკითხა, არის თუ არა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მშენებლობა.

“მიუსაფარი ძაღლები ჩვენი ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა. მაინტერესებს, ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფა იგეგემება თუ არა 2019 წელს, ან 2020 წლისთვის მაინც. იყო თუ არა განხილული ეს საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას“, – აღნიშნა მან.

მისი კითხვის პასუხად, მერიის თანამშრომელმა თქვა, რომ თავშესაფრის მშენებლობისთვის თანხა ზუგდიდის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გამოყოფილი არ არის.

“ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, ეს საკითხი დავსვათ სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციაში, რომ მათ უხელმძღვანელონ ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობას. შესაძლებელია რამდენიმე მუნიციპალიტეტმა გააერთიანონ რესურსები და ერთობლივი პროგრამის განხორციელება დაიწყონ“, – განაცხადა ნანი მიქენაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მერკურის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, ზუგდიდში, სავარაუდოდ, 6 200 მიუსაფარი ძაღლია.

ორგანიზაციამ მონიტორინგი მას შემდეგ ჩაატარა, რაც მიმდინარე წლის ორ ივლისს, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით, ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობაზე შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ თანხა თავშესაფრის ასაშენებლად.

მსგავსი სიახლეები