ცნობილია, ვინ შეასრულებს ხევი-უბისას მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს

წინა სტატია

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. აღნიშნული გზის სამშენებლო სამუშაოებს “Hunan Road and Bridge Construction Group-ი” შეასრულებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარმოადგინა. რის შემეგაც შეთავაზებული წინადადებები განიხილეს და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოავლინეს.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. ამასთან,ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები და შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობაზე, უახლოეს დღეებში, ტენდერი გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები