დავით უსუფაშვილი: გონივრული ურბანიზაციით ქართული სოფლის დაცარიელების არსებულ ტენდენციას დავძლევთ

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ფიქრობს, რომ მმართველობის სამდონიანი სისტემა უნდა არსებობდეს, უნდა გადაიხედოს მუნიციპალიტეტების დაყოფის საბჭოური მოდელი, მოხდეს უფლებამოსილებების, ფინანსებისა და ქონების სრული დეცენტრალიზაცია და სამივე დონის ხელისუფლებამ საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად აკეთოს საქმე, – ეს არის საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებები ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და დეცენტრალიზაციის საკითხებზე.

2 კვირაში ქვეყნის მოსახლეობამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. droa.ge-მ გადაწყვიტა, გაეგო, თუ რას ფიქრობენ პრეზიდენტობის კანდიდატები დეცენტრალიზაციისა და ზოგადად, თვითმმართველობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში და აქვთ თუ არა გეგმები, თუ როგორ უნდა ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში.

ამჯერად გთავაზობთ სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილს მოსაზრებებს.

  1. რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის დეცენტრალიზაციის განხორციელება, ძლიერი თვითმმართველობის ფორმირება და პრეზიდენტობის შემთხვევაში, როგორ აპირებთ ამ საკითხის ხელშეწყობას?

– ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარება შესაძლებლია მხოლოდ მკვეთრი დეცენტრალიზაციით და მმართველობის სამდონიანი სისტემით – ცენტრალური მმართველობა, რეგიონული თვითმმართველობა, მუნიციპალური თვითმმართველობა. რეგიონულ დონეზე თავი უნდა მოიყაროს იმ კომპეტენციებმა, რომელთა ცენტრალურ დონეზე განხორციელება სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით, ერთი მხრივ, ვერ ხერხდება, მეორე მხრივ კი, მათი მუნიციპალურ დონეზე განხორციელება არაეფექტიანია. მუნიციპალური ორგანოები სრულად უნდა გათავისუფლდნენ ცენტრის პოლიტიკური ნების  შემსრულებლების ფუნქციისგან და უნდა გარდაიქმნან ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნილებების შესაბამისი, ხარისხიანი სერვისების მიმწოდებლებად, სათანადო ფინანსური რესურსებით. აუცილებელია საბჭოთა ცენტრალიზებული მმართველობის შესაბამისად შექმნილი რაიონების დაყოფა უფრო მომცრო მუნიციპალიტეტებად, რომლებში შემავალი დასახლებების მოსახლეობასაც ექნება გაცილებით მეტი საერთო ინფრასტრუქტურული, საირიგაციო, სატრანსპორტო და სხვა ინტერესები.

გონივრული ურბანიზაციით, საშუალო და დიდი სოფლების მცირე და საშუალო ქალაქურ დასახლებებად გარდაქმნით, დაიძლევა ქართული სოფლის დაცარიელების არსებული ტენდენცია. ეს ნიშნავს არა სახელმწიფო ორგანოების დედაქალაქიდან რეგიონებში გადატანას, არამედ რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესის აქტიურობის არეალის გაფართოებას, ღირსეული ცხოვრებისა და საქმიანობის შესაძლებლობების გაჩენას, რაც ჩამოაყალიბებს უცხოეთსა და დედაქალაქში იძულებით მიგრირებული მოსახლეობის უკან დაბრუნების გრძელვადიან ტენდენციას.

აუცილებელია რეგიონების თანაბარი ურბანიზაცია, სხვაობის შემცირება ცენტრისა და პერიფერიის მოსახლეობის ცხოვრების დონეში, საყოფაცხოვრებო პირობებსა და საჯარო მომსახურების გაწევაში. საქართველო ყველგან საქართველო უნდა გახდეს ისე, როგორც ეს მიღწეულია ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც დედაქალაქსა და ცენტრიდან მოშორებულ პატარა დასახლებებში თანაბრად იგრძნობა ერთიანი სახელმწიფოს არსებობა მომსახურების ხარისხში, სტანდარტში, ხელმისაწვდომობაში. სანამ თბილისის ცენტრში და ჯავახეთისა თუ კახეთის რომელიმე სოფელში მცხოვრებ ბავშვებს ესოდენ განსხვავებული პირობები აქვთ ჯანდაცვის, განათლების, გართობის, წყალმომარაგების, დაცულობის, პიროვნული განვითარებისა და სხვა მიმართულებით, ჩვენ ერთიან სახელმწიფოზე მხოლოდ პირობითად ვსაუბრობთ. სახელმწიფოს მეთაურის საქმეა, ქართული სახელმწიფოებრიობის ამ უდიდესი პრობლემის დასაძლევად, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ძალების მობილიზება. 

  1. თქვენი აზრით, რა უნდა გახდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პრიორიტეტები ქონებრივ და ფისკალურ ნაწილში, განათლების სფეროში, კულტურის სფეროში, გარემოს დაცვის სფეროში, სხვა სფეროებში?

ფისკალურ ნაწილში 1. მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების ზრდა, მათ შორის საგადასახადო შემოსავლების ზრდა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია დამქირავებლების მიერ დაკავებული საშემოსვალო გადასახადის ეტაპობრივად წილობრივი დატოვება მუნციპალიტეტებისთვის იმდაგვარად, რომ დატოვებული წილი საშუალოვადიან პერიოდში ავიდეს 50%-მდე.  2. გათანაბრებითი პოლიტიკის სრული გადახედვა, შესაბამისი გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილება. 3. დელეგირებული უფლებამოსილებების ფინანსური უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავება და განხორციელება; 4. მუნიციპალიტეტების საკუთარ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ხარჯების გაწევის ავტონომიურობის უზრუნველყოფა.

ქონების განაწილების ნაწილში – 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და, ასევე, დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაცემა მუნიციპალიტეტებისათვის (გარდა მცირე გამონაკლისისა ინტერმუნიციპალური და სახელმწიფო მნიშვნელობის მიწის ნაკვეთების სახით); 2. არასასოფლო-სამურნეო მიწის გადაცემა მუნიციპალიტეტებისათვის; 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მსხვილი საწარმოების წილობრივი საკუთრების გარდა, სხვა საშუალო და მცირე ქონების ობიექტების, საწარმოო წილების (მათ შორის, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების კომპანიის ტიპის საწარმოების) გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის.

განათლების სფეროში – საშუალო განათლების სფეროში სამეურნეო-ლოგისტიკური საკითხების სრულად გადაცემა მუნიციპალიტეტისათვის ჯერ დელეგირების, შემდგომ კი საკუთარი უფლებამოსილების სახით.

კულტურის სფეროში – 1. კულტურული ძეგლების დიფერენციაცია, მსხვილი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების გარდა, ამ ძეგლების გადაცემა მუნიციპალიტეტებისათვის, მართვასა და მოვლა-პატორნობისთვის, ასევე, იმ საცხოვრებელ სახლებთან მიმართებით, რომლებიც განთავსებულია კულტურულ მემკვიდრეობას მიკუთვნებულ შენობებში, ცალკეული სამუშაოების ნებართვების გაცემის უფლების გადაცემა მუნციპალიტეტებისთვის. 2. თეატრებისა და მუზეუმების გამიჯვნა და გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის (დღეს არსებობს არაკონსტიტუციური პრაქტიკა, როდესაც 15-ზე მეტი თეატრი სახელმწიფო სსიპ-ია, ხოლო მისი დაფინანსება კანონსაწინააღმდეგოდ მუნიციპალიტეტები ახორციელებენ).

გარემოს დაცვის სფეროში – 1. ბუნებრივი რესურსების ცალკეული სახეობების მიხედვით მუნიციპალიტეტებისთვის საკუთარ უფლებამოსიულებად მათი მართვის გადაცემა; 2. სტიქიური უბედურებების კლასიფიცირება და ფუნქციების გამიჯვნა ცენტრსა და მუნიციპალიტეტებს შორის.

სხვა სფეროში – წყალმომარაგების სფეროს მუნიციპალუტეტებისთვის სრულად გადაცემა, შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური უზრუნველყოფა.

  1. უნდა გაძლიერდეს თუ არა თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯებზე კონტროლის მექანიზმები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და რა ფორმით?

მუნიციპალიტეტის ხარჯებზე ცენტრალური ხელისუფლების მხირდან კონტროლი დაუშვებელია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა განავითაროს საჯარო ხელისუფლების ყველა დონეზე ხარჯების ეფექტიანობის შეფასების და რეკომენდაციების გაცემის სისტემები, ასევე, განახოირციელოს აუდიტი კანონიერების კუთხით.

  1. ეთანხმებით თუ არა გარკვეულ პოლიტიკოსთა მოსაზრებას, რომ უმჯობესია, მერების პირდაპირი წესით არჩევა მათი საკრებულოს მიერ არჩევითობით ჩანაცვლდეს?

არა. უნდა შენარჩუნდეს სისტემა, რომლითაც მერების არჩევა ხდება პირდაპირი წესით.

  1. პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება უნდა ჰქონდეს საკრებულოს თუ მხოლოდ მოსახლეობას, რომელმაც მერი აირჩია?

ამომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობას შესაძლებელია, ჰქონდეს უფლება, დასვას მერის უნდობლობის საკითხი, რის შემდეგაც კანონით გაწერილ მოკლე ვადაში უნდა ჩატარდეს მერის რიგგარეშე არჩევნები, რომელშიც, რასაკვირველია, მოქმედ მერსაც უნდა შეეძლოს მონაწილეობის მიღება.

  1. თქვენი აზრით, სავალდებულო უნდა გახდეს თუ არა მერისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადებასა და შედგენაში მოსახლეობის ჩართულობა?

მოსახლეობის ჩართულობა სავალდებულო უნდა იყოს. ამ ჩართულობის გარკვეული მექანიზმები კანონით გათვალისწინებულია, აქ დასანერგია და გასაფართოვებელია პრაქტიკა.

  1. უნდა იყოს თუ არა შემოღებული ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევისათვის?

უნდა არსებობდეს კანონით გათვალსიწინებული ასეთი პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, ამის ქმედითი ინსტრუმენტები და გარანტიები უნდა არსებობდეს.

  1. ვალდებული უნდა იყოს თუ არა მერია, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე კონსულტაციები გაიაროს გუბერნატორსა და მთავობასთან?

საკუთარი შემოსავლებიდან პროექტების განხორციელებაზე არანაირი დამატებითი კონსულტაციები არ არის საჭირო, პროექტები გეგმაზომიერი უნდა იყოს და სახელმწიფო, რეგიონულ და მუნიციპალურ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში უნდა აისახებოდეს. ასეთი დოკუმენტების შემუშავებისას კი კონსულტაციები უნდა მიმდინარეობდეს ხელისუფლების დონეებს შორის პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე და კანონით დადგენილი პროცედურებით. სახელმწიფოსგან ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებისთვის გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერების შემთხვევაში კი, ასეთი პროექტების შერჩევის და რეალიზაციის კრიტერიუმები და პროცედურები მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი.

***

პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების მოსაზრებებს ამავე საკითხებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:

კახა კუკავა: ქვეყანას არ სჭირდება შსს იმ ფორმით, როგორიც დღეს გვაქვს. ეს ფუნქცია თვითმმართველობებზე უნდა გადანაწილდეს

“მოსახლეობის ჩართულობა პირობითი ცნებაა” – რას ფიქრობს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე თვითმმართველობასა და დეცენტრალიზაციაზე

ვაშაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციებში ჩარევის რგოლი უნდა ჩამოშორდეს

მსგავსი სიახლეები