ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ქარხნები შენდება

წინა სტატია

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონისა და ქვის ქარხნები შენდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით საწარმოები სასწავლო დაწესებულების შენობისა და საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად სჭირდებათ.

ქარხნების მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. ამ დროისთვის ადგილზე ტექნიკა მუშაობს, თუმცა კომენტარს არავინ აკეთებს. ინფორმაციის მისაღებად გამოცემა ფონდ “ქართუსთან” გადაამისამართეს.

“ამ წუთში საქართველოში არ ვიმყოფები. რატომ არის ეს თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი, ინფორმაციას ორშაბათს (15 ოქტომბერს) მოგაწოდებთ”, – ამბობს “ქართუ” ფონდის პროგრამების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისტეტის მშენებლობა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და სამუშაო პროცესის გადაღება აკრძალეს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არ დაუკონკრეტებიათ. განაცხადეს მხოლოს ის, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს, თუმცა სასწავლებელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში დაუნიშნეს.

60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს, რომელსაც სრულად ფონდი “ქართუ” აფინანსებს.

მსგავსი სიახლეები