გადაიწევს თუ არა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო პერიოდი და არის თუ არა ცვლილებები პროექტში

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც იშვიათი და უნიკალური ხე-მცენარეებით გამოირჩევა, დიდი ხანია დამთვალიერებელი არ შესულა. ბაღის სრულფასოვანი აღდგენისთვის 12 მილიონი ლარი იხარჯება, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ინფორმაციას ოდიში ავრცელებს.

ლანდშაფტი, დენდროლოგია, არქეოლოგია და დაპროექტება, ეს ღირებულებები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს სხვებისგნ გამოარჩევს. ამ ეტაპზე ნაწილი სამუშაოების დასრულებულია, პროექტი პირვანდელ სახეს ინარჩუნებს და ცვლილება არ შესულა. როგორც აცხადებენ, არც ჩაბარების ვადები გადაიწევს.

სამუშაოებს ბოტანიკურ ბაღში ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯავა“ ახორციელებს და ადგილზე სულ 120 ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. რაც შეეხება ადმინისტრაციას, სექტემბრის ბოლოს ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრიდან 19 თანამშრომელი გათავისუფლდა.

მერიაში განმარტავენ, რომ მათი გათავისუფლება ხელშეკრულების დასრულების გამო მოხდა. ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე თანამშრომლების საჭიროება არ არის.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესწავლა აგვისტოში დაიწყო, ამჟამად გამოძიება ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. უკავშირდება თუ არა ამ ფაქტს თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება, ცენტრში არ ადასტურებენ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ ა(ა)იპ-ში არსებული დარღვევების გამო გადადგა ზუგდუდის მერი ლაშა გოგოიაც.

მსგავსი სიახლეები