ადგილობრივ თვითმმართველობებს გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მისცემენ, საშემოსავლო გადასახადი კი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში წავა

შემდეგი სტატია

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ მისცეს, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში წაიღოს, ამის ნაცვლად კი თვითმმართველობებს დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% დაუტოვოს.

ამის შესახებ მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსებში ინიცირებულ ცვლილებებში წერია. ამავე პრინციპითაა შედგენილი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც, რომელიც მთავრობამ პარლამენტს გუშინ წარუდგინა.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ თავად დეცენტრალიზაციის სტრატეგია ჯერ არც შემუშავებულია და მით უფრო, არც მთავრობას დაუმტკიცებია ის. 

მთავრობა ირწმუნება, რომ აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მუდმივად მზარდი იქნება მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ დამოუკიდებლობას.

“არსებული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების დაფინანსება (საშემოსავლო გადასახადი და გათანაბრებითი ტრანსფერი) 2019 წელს იქნებოდა 900,6 მლნ ლარი (ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მუნიციპალიტეტების გარდა), რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 61,9 მლნ ლარით მეტია. დაფინანსების ახალი სისტემის მიხედვით აღნიშნული მუნიციპალიტეტების დაფინანსება შეადგენს 946,6 მლნ ლარს, რაც 2018 წლის მოცულობაზე 107,9 მლნ ლარით მეტი, ხოლო ძველი სისტემით გაანგარიშებულ 2019 წლის მოცულობაზე 46,0 მლნ ლარით მეტია”, – ნათქვამია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსებში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში კი წერია, რომ “მოქმედი წესით, გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებისას ტრანსფერის მოცულობაზე მოქმდებდა მუნიციპალიტეტების სხვა საკუთარი შემოსავლები, რაც ერთგვარ დემოტივატორსაც წარმოადგენდა მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი შემოსავლების გენერირებაზე მუშაობის მიმართულებით. ახალი სისტემით მისაღები შემოსავალი აღარ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსავლებს და დამატებით მოტივაციას ქმნის მუნიციპალიტეტებისათვის. გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულასთან შედარებით განაწილებული დღგ-ის პროგნოზირება თითოეული მუნიციპალიტეტისათვის უფრო მარტივია და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მიერ საშუალოვადიანი და წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების
გაუმჯობესებას”.

განმარტებითი ბარათების თანახმად, ასევე, ირკვევა, რომ გარდამავალ პერიოდში – 2019-2023 წლებში ადგილობრივ თვითმმართველობებს მიმდინარე ხარჯების გაზრდის უფლება ეძლევათ მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროცენტული მაჩვენებლით.

“ვინაიდან მუნიციპალიტეტის დაფინანსების სისტემის შეცვლის შედეგად ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება მუნიციპალიტეტების შემოსავლები, გარდამავალ პერიოდში (2019-2023 წლები) მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან, მიმდინარე ხარჯები გაზარდონ მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის
პროცენტული მაჩვენებლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, წინა წელთან შედარებით, გაიზრდება მუნიციპალიტეტების ფუნქციები. 164-ე მუხლის მე-10 პუნქტით განისაზღვრება, რომ ამ მუხლით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებს, მათი ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი”, – ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათებში.

მსგავსი სიახლეები