როგორც ცნობილია, ხელისუფლება გეგმავს, მუნიციპალიტეტებს გათანაბრებითი ტრანსფერი გაუუქმოს, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართოს და ამ ორის ნაცვლად, ადგილობრივი თვითმმართველობები დღგ-დან მიღებული შემოსავლების 19%-ით დააფინანსოს.
ბიუჯეტის პროექტში სწორედ ამ სისტემით არის დათვლილი, თუ ამ 19%-იდან რომელ მუნიციპალიტეტს რა ოდენობის პროცენტი და, შესაბამისად, თანხა შეხვდება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ droa.ge-ს უთხრა, გაანგარიშებისას მოსახლეობის რაოდენობას დაეყრნენ, თუმცა, დაანგარიშებული პროცენტები და თანხები აშკარად არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს.
როგორც ირკვევა, დედაქალაქი, როგორც ეს გათანაბრებითი ტრანსფერის განაწილებისას ხდებოდა, ამჯერადაც მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხის 50.01%-ს – 473,415.2 ლარს მიიღებს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში 1 108 717 ადამიანი ცხოვრობს.
საინტერესოა, რას მიიღებენ სხვა თვითმმართველი ქალაქები? – ბათუმი – 5.07%-ს (47,953.6 ლარი); ფოთი – 0.36%-ს (3,398.5 ლარი); ქუთაისი – 3.48%-ს (32,935.3 ლარი); რუსთავი – 2.28%-ს (21,562.9 ლარი). აღწერის თანახმად, ამ ოთხ თვითმმართველ ქალაქში მოსახლეობის ჯამური რაოდენობა 467 042 ადამიანია, ანუ ნახევარზე ცოტა მეტით – 641 674 ადამიანით ნაკლები, ვიდრე თბილისში. ამ ფონზე ირკვევა, რომ, ახალი სქემით, მათი დაფინანსების ჯამური პროცენტი 11.19%-ს, ჯამური თანხა კი 105,850.3 ლარს შეადგენს, რაც, თბილისთან შედარებით, 367,564.9 ლარით, ანუ ოთხჯერ ნაკლებია.
გადავხედოთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც:
ცხრილიდან ცნობილი ხდება, რომ, მაგალითად, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელშიც 53 590 მცხოვრებია, 19%-დან მხოლოდ 0.09%-ს მიიღებს, რაც თანხობრივად 875 ათასი ლარია, ეს მაშინ, როცა მისი მეზობელი დმანისის მუნიციპალიტეტი, რომელშიც თითქმის სამჯერ ნაკლები – 19 141 ადამიანი ცხოვრობს, 0.80%-ს, რაც თანხობრივად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 4,939.0 ლარი გამოდის.
მესტიის მუნიციპალიტეტი, რომელშიც 9 316 ადამიანი ცხოვრობს, ახალი სისტემით, 0.35%-ს, ანუ 3,346.4 ლარს მიიღებს, ონის მუნიციპალიტეტი, რომელშიც 3 ათასით ნაკლები – 6 130 მცხოვრებია, უფრო მეტ დაფინანსებას – 0.39%-ს, ანუ 3,715.5 ლარს მიიღებს. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი კი, რომელსაც ონთან შედარებით 2 335-ით, ხოლო მესტიასთან შედარებით, 5 521-ით ნაკლები – 3 795 მცხოვრები ჰყავს, მხოლოდ და მხოლოდ 0.01%-ს, ანუ 87 ათას 500 ლარს მიიღებს, რაც, მესტიის დაფინანსებასთან შედარებით, 38.2-ჯერ, ონის დაფინანსებასთან შედარებით კი თითქმის 42.5-ჯერ ნაკლებია.
დაფინანსების წარმოდგენილ ცხრილში კიდევ არაერთ მსგავს შემთხვევას ნახავთ, თუმცა, ამაზე განმარტებებს, ჯერჯერობით, არც ფინანსთა და არც ინფრასტრუქტურის სამინისტროები არ აკეთებენ.