კახა კუკავა: ქვეყანას არ სჭირდება შსს იმ ფორმით, როგორიც დღეს გვაქვს. ეს ფუნქცია თვითმმართველობებზე უნდა გადანაწილდეს

1446

წინა სტატია

შემდეგი სტატია

როგორც ცნობილია, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე პრეზიდენტობის კანდიდატებმა მოსახლეობას უკვე არაერთი დაპირება მისცეს, თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი საჯაროდ არ საუბრობს იმაზე, თუ რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე, ეს მაშინ, როცა თვითმმართველობა მოქალაქეებთან ყველაზე ახლოს მყოფი ინსტიტუციაა და სწორედ მისი გაძლიერებაა მოქალაქეთა კეთილდღეობის გაზრდასთან პირდაპირ დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ, droa.ge-მ გადაწყვიტა, გაეგო, თუ რას ფიქრობენ პრეზიდენტობის კანდიდატები დეცენტრალიზაციისა და ზოგადად, თვითმმართველობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში და აქვთ თუ არა გეგმები, თუ როგორ უნდა ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში.

ამჯერად გთავაზობთ პოლიტიკური გაერთიანების – “თავისუფალი საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატის, კახა კუკავას მოსაზრებებს. გახსოვთ, ალბათ, კახა კუკავა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იყო ამავე პარტიიდან.

  1. რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის დეცენტრალიზაციის განხორციელება, ძლიერი თვითმმართველობის ფორმირება და პრეზიდენტობის შემთხვევაში, როგორ აპირებთ ამ საკითხის ხელშეწყობას?

დეცენტრალიზაცია ნამდვილად არის პრიორიტეტული. მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი სიმახინჯე არის ის, რომ ქვეყანა გადაიქცა თავკომბალად და თვითმმართველობა, პრაქტიკულად, არ არსებობს. ის, ფაქტობრივად, მხოლოდ ქაღალდზეა. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს ახალი კონსტიტუციის ფარგლებში პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვაპირებ ამ საკითხის ხელშეწყობას, ამ საკითხის გათვალისწინებას ახალი კონსტიტუციის შეთანხმების პროცესში ვაპირებ.

  1. თქვენი აზრით, რა უნდა გახდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პრიორიტეტები ქონებრივ და ფისკალურ ნაწილში, განათლების სფეროში, კულტურის სფეროში, გარემოს დაცვის სფეროში, სხვა სფეროებში?

თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის კომპეტენციების გამიჯვნა. მიმაჩნია, რომ ფისკალური ნაწილი არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ქონებაც, რა თქმა უნდა, უნდა გადაეცეს თვითმმართველობებს. ასევე, კულტურის დეცენტრალიზაციაც უნდა მოხდეს. რაც შეეხება განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებს, მიმაჩნია, რომ უმჯობესია, თუ ეს ცენტრალური ხელისუფლების მართვაში დარჩება. გარდა ამისა, არის სხვა სფეროები და მიმაჩნია, რომ იმისათვის, რომ თვითმმართველობა რეალურად გახდეს ადგილზე გადამწყვეტი პოლიტიკური ორგანო და არ დარჩეს სამეურნეო ორგანოდ, მას უნდა გადაეცეს საზოგადოებრივი წესრიგის ფუნქცია. შეიძლება, ასევე, ზოგიერთი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფუნქციაც გადაეცეს. ქვეყანას არ სჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ფორმით, როგორიც დღეს გვაქვს. ეს ფუნქცია უნდა გადანაწილდეს თვითმმართველობებზე, ხოლო ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა დარჩეს უფრო უშიშროების სამსახურის მსგავსი დაწესებულება, რომელიც დაკავებული იქნება ორგანიზებული დანაშაულით, ტერორიზმით და ისეთი საკითხებით, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების შესაფერისია.

  1. უნდა გაძლიერდეს თუ არა თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯებზე კონტროლის მექანიზმები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და რა ფორმით?

არ მიმაჩნია, რომ უნდა გაძლიერდეს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი ადგილობრივ ბიუჯეტზე. პირიქით, მიმაჩნია, რომ უნდა შესუსტდეს. სამაგიეროდ, უნდა გაიზარდოს სასამართლო კონტროლი. ამასთან, ისევე, როგორც ეს არის მიღებული ევროპის ქვეყნებში, უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი აუდიტის ძალიან ძლიერი მექანიზმი და დამოუკიდებელი აუდიტის შედეგების საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს, თუ ვინმე რაიმეს არასწორად დახარჯავს, უჩივლოს მოქალაქემ მერს და, თუ რამე არასწორად აქვს გადახდილი, გადაახდევინოს ისე, როგორც, მაგალითად, ჟაკ შირაკს გადაახდევინეს საფრანგეთის მოქალაქეებმა თავისი ქალიშვილის მგზავრობის ხარჯები, რომელიც, წესით, არ უნდა ყოფილიყო გაწეული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს უნდა იყოს სამართლებრივი კონტროლი და ფინანსთა მინისტრს არ უნდა ეკითხებოდეს, მაგალითად, სამტრედიის ბიუჯეტის ხარჯები.

  1. ეთანხმებით თუ არა გარკვეულ პოლიტიკოსთა მოსაზრებას, რომ უმჯობესია, მერების პირდაპირი წესით არჩევა მათი საკრებულოს მიერ არჩევითობით ჩანაცვლდეს?

არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ მერები უნდა იყოს არჩეული პირდაპირი წესით და საერთოდ, არჩევნები არსებობს მხოლოდ პირდაპირი წესით. არაპირდაპირი წესით არჩევა უკვე არჩევითობა აღარ არის. მერის საკრებულოების მიერ არჩევის შემთხვევაში, ეს თემა კიდევ უფრო გადაიქცევა ისე, როგორც პრემიერმინისტრის შემთხვევაში არის – დანიშნავენ, მოხსნიან და საერთოდ არავის ეცოდინება, ვის რატომ ნიშნავენ ან ხსნიან, უმრავლესობის წევრებსაც კი. ნომინალური იქნება ეს არჩევითობა. რეალურად, გადაწყვეტილებები იქნება მიღებული არაფორმალურად და საკრებულო უბრალოდ დაეთანხმება. პირდაპირი არჩევითობა მაინც გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობა, თუნდაც დღევანდელ პირობებში, ასე თუ ისე მონაწილეობს ამ პროცესში.

  1. პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება უნდა ჰქონდეს საკრებულოს თუ მხოლოდ მოსახლეობას, რომელმაც მერი აირჩია?

მიმაჩნია, რომ არ უნდა ჰქონდეს უნდობლობის გამოცხადების უფლება არც საკრებულოს და არც მოსახლეობას. უნდა არსებობდეს მხოლოდ იმპიჩმენტის მექანიზმი. თუ მერი დაარღვევს რაიმე კონკრეტულ კანონს, უნდა მოხდეს მისი იმპიჩმენტი სასამართლოს მიერ და საკრებულოს უნდა ჰქონდეს საკუთარი კონტროლის ფუნქციები, მაგრამ არა – გადაყენების ფუნქცია, ისევე, როგორც მერს არ აქვს საკრებულოს დათხოვნის ფუნქცია.

  1. თქვენი აზრით, სავალდებულო უნდა გახდეს თუ არა მერისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადებასა და შედგენაში მოსახლეობის ჩართულობა?

ნაწილობრივ ვეთანხმები საკითხს. ანუ მიმაჩნია, რომ მოსახლეობის ჩართულობა უნდა გახდეს უფრო აქტიური, თუმცა, არ მგონია, რომ ეს მერიის ვალდებულება უნდა იყოს. კანონმა უნდა იზრუნველყოს ამის შესაძლებლობა. ბიუჯეტის შედგენა უნდა დაიწყოს გაზაფხულიდან და ვიდრე ბიუჯეტის საბოლოო პროექტი შევა საკრებულოში განსახილველად, რამდენიმე თვე უნდა იყოს გამოყოფილი მხოლოდ მოქალაქეების პეტიციების განხილვისათვის.

  1. უნდა იყოს თუ არა შემოღებული ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევისათვის?

უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა, ვინაიდან ეს ხშირად ისეთ ხასიათს ატარებს, რომ რთული დასადგენია, როდის ერევა და როდის არ ერევა, მე ვფიქრობ, ამის მთავარი წამალი არის დემოკრატიული არჩევნები. როგორც კი თვითმმართველობის არჩევნებს სხვადასხვა ოლქებში ოპოზიცია მოიგებს, თავისთავად მოიხსნება ეს პრობლემა. როდესაც ერთი პარტიის წარმომადგენლები არიან, ცენტრალური ხელისუფლებაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც ერთი ვერტიკალის ნაწილები არიან, ამიტომ იქ ამის გაკონტროლება მხოლოდ სამართლებრივი გზებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

  1. ვალდებული უნდა იყოს თუ არა მერია, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე კონსულტაციები გაიაროს გუბერნატორსა და მთავობასთან?

არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ვალდებული მერია, რაიმე კონსულტაცია გაიაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ეს უფრო კულტურის ნაწილი უნდა იყოს.  

***

პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების მოსაზრებებს ამავე საკითხებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:

“მოსახლეობის ჩართულობა პირობითი ცნებაა” – რას ფიქრობს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე თვითმმართველობასა და დეცენტრალიზაციაზე

დავით უსუფაშვილი: გონივრული ურბანიზაციით ქართული სოფლის დაცარიელების არსებულ ტენდენციას დავძლევთ

ვაშაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციებში ჩარევის რგოლი უნდა ჩამოშორდეს