სალხინოში, დადიანების სასახლესთან ახლოს ნაგავი ყრია

214

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მდინარე წაჩხურას პირას ნაგავი ყრია. დანაგვიანებული ადგილის ფოტო ფეისბუკზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ გამოაქვეყნა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

მისი თქმით, ფოტო  24 ივლისს არის გადაღებული: „ნაგავი ყრია მდინარის პირას, დადიანების სასახლის შესასვლელიდან დაახლოებით 400-500 მეტრში“, – გვითხრა არჩილ თოდუამ.

სალხინოში მარტვილის მერიის წარმომადგენლის, გია ჯეჯელავას განცხადებით, მას მდინარის პირას დაყრილი ნაგავი არ უნახავს.

„სოფლის ცენტრში დგას ნაგვის ბუნკერი, ნაგვის გატანა ჩვენთან მოწესრიგებულია, თუმცა მოსახლეობის მხრიდან ადგილი აქვს ასეთ ფაქტებს. თუ წავასწარი გავლანძღავ, მაგრამ როგორც ჩანს ისე დაყარეს, რომ არ გვინახავს. დღესვე მოვაწესრიგებთ იქაურობას“, – თქვა გია ჯეჯელავამ.

სალხინო მარტვილიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ის ტურისტებისთვის საინტერესო ადგილია, რადგან სოფელში დგას სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანისეული სასახლე.