არასრულად შევსებული დეკლარაციები და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ქუთაისის მერიასა და საკრებულოში

2359

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას ქ. ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დასაქმებული იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები: არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას. კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 30-მდე ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ. შედეგად ქ. ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დეკლარაციის არასრულად შევსების 8 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 შემთხვევა აღმოვაჩინეთ.

აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც ავალდებულებს საჯარო მოსამსახურეს სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვას გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილები. ქ. ქუთაისის მერისა და საკრებულოში საწარმოში არსებული წილები სამართავად არ გადაუცია 8 თანამდებობის პირს.

 

ქალაქ ქუთაისის მერია

გიორგი ჭიღვარია – მერი

გიორგი ჭიღვარიამ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მამამისი ტარიელ ჭიღვარია შპს “ქუთაისის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში” 33,3%-იანი წილის მფლობელია. მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ ტარიელ ჭიღვარიას სოფელ ჭრებალოში 474 კვ.მ. და 989 კვ.მ. მიწის ნაკვეთები აქვს. ტარიელ ჭიღვარიას სოფელ მაღლაკში აქვს ასევე ორი მიწის ნაკვეთი, ორივე 2500 კვ.მ. ფართობის, თუმცა გიორგი ჭიღვარიას დეკლარაციაში მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი აქვს მითითებული.

ვალერი ყენია – სამხედრო სამსახურის უფროსი

ვალერი ყენიას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს, რომ მას სოფელ ჩაისუბანში აქვს შემდეგი მიწის ნაკვეთები: • 2522 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი; • 2518 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; • 5040 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

გიორგი გიორგობიანი – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსი

გიორგი გიორგობიანს დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ იგი არის შპს ჯი.თი.ჯი გრუპ G.T.G. group-ის 33.3%-იანი წილის მფლობელი. მას ასევე აღნიშნული წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

 

ქალაქ ქუთაისის საკრებულო

ნიკოლოზ ლატარია – საკრებულოს თავმჯდომარე

ნიკოლოზ ლატარიას მიერ 2017 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ იგი არის შპს “ნიკოილი თერჯოლას” 50%-იანი წილისა და ასევე შპს “გიოს” 40%-იანი წილის მესაკუთრე, თუმცა მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც წარმოადგენს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის დარღვევას. ნიკოლოზ ლატარიას დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს “ნიკოილი 9-ის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. მას საკუთრებაში აქვს ასევე შპს “ფრეშ ფუდის” 55%-იანი წილი, რაც ასევე არ აუსახავს დეკლარაციაში, მან ასევე აღნიშნული წილები სამართავად არ გადასცა სხვა პირს, რაც ეწინააღმდეგება “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნებს. ნიკოლოზ ლატარიას დეკლარაციაში ასევე არ აუსახავს, რომ დედამისი, დალი ლატარია შპს “ნიკოილი +-ის” 50%-იანი წილის მესაკუთრეა, ხოლო მისი მეუღლე ხატია სირბილაძე შპს “ნიკოილის” 70%-იანი წილის მესაკუთრეა.

კახაბერ ბოჭორიშვილი – საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე

კახაბერ ბოჭორიშვილმა 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ფლობს შპს “ნიუ ტრანსპორტ 2015-ში” 67%-იან წილს, ასევე 50% წილს – შპს “კონსოლი XXI საუკუნეში”. შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ კახაბერ ბოჭორიშვილი შპს “არგმშენში” 10%-იანი წილის მესაკუთრეა, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მისი რეალური წილი აღნიშნულ სამეწარმეო სუბიექტში 50%-ია. კახაბერ ბოჭორიშვილს არცერთი აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

ელეონორა არჩაია – ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე

ელეონორა არჩაიას მიერ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ იგი არის შპს “კოდორისა” და შპს “ქართული დელიკატესების” დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე. მას ასევე არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს “ბიზნეს გრუპის” 34%-იანი წილისა და შპს “ტაიმ აუტში” 50%-იანი წილის მფლობელი. ელეონორა არჩაია სამეწარმეო სუბიექტებში დირექტორის პოზიციის დაკავებით არღვევს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე ელეონორა არჩაიამ დაარღვია ამავე კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც სამართავად არ გადასცა მის საკუთრებაში არსებული კომპანიის წილი სხვა პირს.

ელეონორა არჩაიას მიერ შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი შვილი კონსტანტინე ცირეკიძე შპს “ქუთაისი ბიზნეს ჯგუფში” 0%-იანი წილის მესაკუთრეა. არჩაიას დეკლარაციით, მისი მეუღლე ზაალ ცირეკიძეც 0% ფლობს შპს “ბარაქა 1994”-ში. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით კი კონტანტინე ცირეკიძე და ზაალ ცირეკიძე შესაბამის მეწარმე სუბიექტებში 100%-იანი წილების მფლობელები არიან. დეკლარაციაში ასევე არ არის ასახული, რომ კონსტანტინე ცირეკიძე არის შპს “ქუთაისის ბიზნეს ცენტრის” დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრე, ასევე შპს “ტელეკომპანია ქუთაისის” დირექტორი და 50%-იანი წილის მესაკუთრე. შპს “ტელეკომპანია ქუთაისს” 2013 წელს გაფორმებული აქვს 2 გამარტივებული შესყიდვა 600 ლარის ოდენობის.

შპს “ბარაქა 1994”-ს 2017-2018 წლებში გაფორმებული აქვს 14 220 ლარის ღირებულების 8 გამარტივებული შესყიდვა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება. ანალოგიური მიზნით აქვს გაფორმებული გამარტივებული შესყიდვები შპს “ქუთაისის ბიზნეს ცენტრსაც” – 2015 წელს 9 გამარტივებული შესყიდვის გზით კომპანიამ 4280 ლარი მიიღო.

ამირან კოპალეიშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილე

ამირან კოპალეიშვილმა შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ შპს “DAMI-ში” 33%-იან წილს ფლობს, თუმცა მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც წარმოადგენს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის დარღვევას. ამირან კოპალეიშვილს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მამამისი გია კოპალეიშვილი შპს “ფუძე გიორგის” და შპს “დანკოს” დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრეა.

გია კოპალეიშვილი შპს “გი-ან 2011-ის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელიც არის. აღნიშნულმა კომპანიამ 2014 წლიდან 2018 წლამდე 72 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა 18-ში (NAT180007514) SPA 180001557), (NAT170005309) (SPA170005546) , (SPA170004933), (SPA170004932), (NAT170002936), (SPA170004465), (SPA160012621), (SPA160010509), (SPA160004383), (SPA160004381),(SPA150006609), (SPA150004775), (SPA150004215), (SPA150003358), (SPA140019374), (SPA140012484) რომელთა საერთო ღირებულებამ 8 143 468 ლარი შეადგინა, აქედან ქუთაისის მერიასთან გააფორმა 11 ხელშეკრულება, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 5 144 772 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. ყველა ხელშეკრულება (ორის გარდა) გაფორმებულია ამირან კოპალეიშვილის საკრებულოს წევრად არჩევამდე. შპს “გი-ან 2011”-მა 2014-2015 წლებში 3 გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა შემსყიდველ ორგანიზაციებთან (ქუთაისის მერიასთან, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან). აღსანიშნავია, რომ 2015 წელს შპს “გი-ან 2011-სა” და ქუთაისის მერიას შორის გაფორმდა გამარტივებული შესყიდვა, რომლის საერთო ღირებულებამ 253 066 ლარი შეადგინა.

ლაშა გვენეტაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე

ლაშა გვენეტაძე 2018 წლის აპრილში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, შპს “ვიპ კახიანაურის” 20%-იანი წილის მესაკუთრეა. მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც ასევე წარმოადგენს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის დარღვევას.

იმედა საღინაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე

იმედა საღინაძემ 2018 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს “სამებას” 25%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი. იმედა საღინაძეს აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა. ასევე იგი სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობით არღვევს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

მერაბ კვიცარიძე – საკრებულოს წევრი; შპს-ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი, ხელმძღვანელი

მერაბ კვირაციძემ 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს “საერთაშორისო საგანმანათლებლო აკადემიის” დირექტორი და 48%-იანი წილის მფლობელი. მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა. ასევე იგი სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობით არღვევს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

 

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მოახდინოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.