სტალინის ძეგლები და მონუმენტები – აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა სამცხე–ჯავახეთში

2661

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ.

ავტორი: ავთანდილ ინასარიძე

ბელადი ადიგენის სოფელ არალს რკინის მასიური კონსტრუქციიდან გადაჰყურებს. რეგიონში ეს სტალინის ყველაზე დიდი მონუმენტია. აკრძალვის მიუხედავად, საბჭოთა ძეგლები და ტოტალიტარული სიმბოლიკა, სამცხე–ჯავახეთის სოფლებში, დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან 27 წლის შემდეგაც გვხვდება.

სოფლის შემაღლებულ ადგილას რკინის კონსტრუქცია არლის მოსახლეობამ იოსებ სტალინის პატივსაცემად, მის 100 წლის იუბილეზე აღმართა.

სოფელში მეორე სტალინიცაა. კულტურის სახლის ეზოში, ბოლშევიკ ლადო კეცხოველის ბიუსტის გვერდით, საბჭოთა ბელადის ორმეტრიანი ძეგლი დგას.

78 წლის სიმონ აფრიამაშვილი გვიყვება, რომ ძეგლებიცა და კონსტრუქციაც გასული საუკუნის 70–იან წლებში დაუდგამთ, – „აქ ბოლშევიკ ლადო კეცხოველის სახელობის კოლმეურნეობის შენობა იყო, მისი ბიუსტიც ამიტომ დგას,“ – და უკვირს, როდესაც ვეკითხებით, უნდა იყოს თუ არა სტალინის ძეგლი ან გამოსახულება სოფელში, – „ჩვენი ასაკის ხალხი მოესწრო ამ კაცის ცხოვრების სიყვარულს, ვინც ნახა თუ რა ცხოვრება იყო მის დროს, გულგრილი ვერ იქნება. ამიტომ უფროს თაობას გვსურს, რომ იყოს მათი ძეგლები”.

„უნდა იყოს სტალინის ძეგლი. არ ვიცი რატომ უნდა აიღონ, არავის ხელს არ უშლის”, – გაოცებას ვერ მალავს ჩვენს შეკითხვაზე მისი თანასოფლელი, 65 წლის ვალოდია ტატალაშვილი.

არლის მცხოვრები თაზო თათეშვილი აბიტურიენტია. ფიქრობს რომ წარსული, თუნდაც ცუდი, არ უნდა დავივიწყოთ, თუმცა ამისთვის საბჭოთა ბელადების მონუმენტების დადგმა არაა საჭირო, – „დიდი სოფელი ვართ და ერთი სკვერი არ გვაქვს, ამიტომ ძეგლების აღების და იმ ადგილას სკვერის გაკეთების მომხრე ვარ.“

საბჭოთა სიმბოლიკა სამცხე-ჯავახეთის სხვა სოფლებშიც გვხვდება. ხუთქიმიანი ვარსკვლავი მეორე მსოფლიო ომის გმირთა მემორიალის ძირითადი ატრიბუტია, ზოგან მემორიალებზე სტალინის სურათი ან ბარელიეფიცაა.

ასეთი მემორიალებია ახალციხის სოფელ მუგარეთსა და ასპინძის სოფელ საროში. იქვე, საროს წყაროზე, ქვაზე, ნამგალი და უროა ამოტვიფრული.

ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ მოკლედ გვიპასუხა, რომ სოფელ არალში ძეგლების შესახებ არაფერი იცის. ჩვენი შეკითხვის შემდეგ დაინტერესდა საკუთარ მუნიციპალიტეტში არსებული აკრძალული სიმბოლიკით ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე, რომელიც ადგილზე ჩავიდა და მის არსებობაში პირადად დარწმუნდა, – „სოფელ საროში სტალინის სურათი ვნახეთ მემორიალზე, ამჟამად მოკვლევა მიმდინარეობს, ამის შემდეგ კი კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის, გელა ნოზაძისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება იყოს მემორიალებზე სტალინის გამოსახულება, – „ეს მემორიალები არის აშენებული 70-იან, 80-იან წლებში, არის სამამულო ომის დაღუპული პიროვნებების, ვისი სიმბოლიკა იქნება ახლა ზედ, აბა, თქვენ მითხარით, სამამულო ომთან არ ასოცირდება სტალინი? სხვა სოფლებშიც არის ეგეთი რაღაცები, მარტო აქ რატომ ნახეთ? ყველაფერი დავანგრიოთ? თქვენ როგორ ფიქრობთ? რა კანონი, კომუნისტების დროს ეგ მოსახლეობის გაკეთებულია. ნამგალი და ურო ლენინის სურათი ხომ არ ასეთ რაღაცებს რომ გამოეკიდებით ხოლმე. მე რომ ჩავიდე ახლა საკრებულოს თავმჯდომარე, ან ჩემი სამსახური გავგზავნო და მოვანგრევინო სტალინის სურათი, სოფელში რა მოხდება თქვენი აზრით აბა?! არსებობს ამდენი წელია და ახლა არის კანონით აკრძალული? მე არ წამიკითხავს ეგეთი რაღაც“.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, რომელიც წლებია, საბჭოთა ისტორიას იკვლევს, განმარტავს, რომ 2011 წლის კანონი „თავისუფლების ქარტია“ საჯარო სივრცეში კრძალავს საბჭოთა ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას, საკულტო ნაგებობებს, ძეგლებს, მონუმენტებს, ბარელიეფებს, წარწერებს, ასევე, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებებს.

„პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები ვერ აცნობიერებენ საბჭოური ლიდერების ძეგლების მოხსნის მნიშვნელობას. საბჭოური სიმბოლიკის შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია გააფრთხილოს, რომ მსგავსი შემთხვევები არსებობს და თუ არ მოიხსნება, ისინი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. წესით მსგავსი ფაქტების მოკვლევას „თავისუფლების ქარტიის“ კომისია უნდა ახორციელებდეს,“ – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

როგორ იმოქმედებს სამცხე-ჯავახეთის შემთხვევაში „თავისუფლების ქარტიის“ კომისია, რომელსაც საბჭოთა და ტოტალიტარული რეჟიმის დამახასიათებელი სიმბოლიკის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა და რეაგირება ევალება – „სამხრეთის კარიბჭე“ ამ კითხვაზე პასუხს ელოდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, რომელმაც კომენტარისთვის შეკითხვის წერილობით გაგზავნა გვთხოვა. ბოლოს, ამგვარი სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვაზე კომისიის თავმჯდომარემ, სულხან გოცაძემ, გორში, 9 მაისს დაგეგმილი მსვლელობის ორგანიზატორები გააფრთხილა.