თემურ ჭყონია ქუთაისის ცენტრში მუზეუმის ყოფილი შენობის დანგრევას და სასტუმროს აშენებას აპირებს

1534

თემურ ჭყონია ქუთაისის ცენტრში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. ბიზნესმენი, ამჯერად ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ყოფილი შენობის დანგრევას და მის ადგილზე სასტუმროს აშენებას აპირებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მუზეუმის ტერიტორიის შეძენაზე, რომელიც სახელმწიფო ქონებას წარმოადგენს, ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ქუთაისი პოსტმა “ამერიკული სასტუმროების ჯგუფის” დირექტორის, თემურ ჭყონიას მიერ ქონების მართვის სააგენტოსთვის მიწერილი წერილი მოიპოვა. წერილის მიხედვით, საინვესტიციო ჯგუფი, სააგენტოს სთხოვს მუზეუმის ტერიტორიის – 735 კვ.მ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცეს, სანაცვლოდ კი ადგილზე 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და 50 ადგილობრივის დასაქმების პირობას დებს.

წერილის მიხედვით, ჭყონიამ მუზეუმის ადგილზე “ქორთიარდ მარიოტის” ბრენდის სასტუმრო უნდა ააშენოს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ შენობა აღნიშნული ბრენდის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ჭყონია მის დანგრევას და ახალი შენობის აშენებას გეგმავს.

“მარიოტის ბრენდის სასტუმროს ფუნქციონირება ქუთაისში უცხოელ ტურისტებს მოიზიდავს, ამასთან, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქუთაისის, ასევე, ქვეყნის განვითარებას”,- ნათქვამია ჭყონიას მიერ სააგენტოსთვის მიწერილ წერილში.

გარდა ამისა, როგორც წერილიდან ირკვევა, ჭყონია ქონების მართვის სააგენტოს დამატებით სთხოვს მუზეუმის მიმდებარედ 211 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიყიდვას, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

ორივე მიწის ნაკვეთში თემურ ჭყონია 300 000 ლარის გადახდას აპირებს.