საბურთალოს რაიონში, რამდენიმე მისამართზე, სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

671

თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის N25 და N28 კორპუსების ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის, სახურავების რეაბილიტაცია დამატებით, რვა მისამართზე მიმდინარეობს. ხოლო, სადარბაზოს შიდასარემონტო სამუშაოები ექვს მისამართზე ხორციელდება. მათ შორისაა, ბენდელიანის ქ. N2-სა და ცინცაძის ქ. N10-ის სადარბაზოები.

სართულშუა ნაპრალების სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, ვაშლიჯვარში, N11 და დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N20 კორპუსებში მიმდინარეობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, გამგეობა სამუშაოებს სრულად, 100%-ით აფინანსებს. თავად ამხანაგობას კი, ეკისრება ვალდებულება, დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.