მომავალი მთავრობის შეცვლილი პრიორიტეტები – სივრცითი მოწყობა პრიორიტეტული მიმართულებებიდან ქრება

წინა სტატია

სივრცითი მოწყობა, რომელიც წინა მთავრობის ორხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენდა, მომავალი მთავრობისთვის, როგორც ჩანს, პრიორიტეტული აღარ იქნება.

მომავალი მთავრობა, წინამორბედის მსგავსად, სამთავრობო პროგრამით ვალდებულებას იღებს, რომ თვითმმართველობებს გააძლიერებს და დეცენტრალიზაციის მიმართულებითაც ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა, თვითმმართველობის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს – სივრცით მოწყობას პრიორიტეტებიდან იღებს.

სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება, რაც კვირიკაშვილისა და ბახტაძის სამთავრობო პროგრამებს შორის არსებობს – მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროგრამას ერთი და იგივე სახელწოდება აქვს – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა”, ისევ 2018-2020 წლებს მოიცავს და ერთმანეთისგანაც დიდად არ განსხვავდება, ახალ სამთავრობო პროგრამაში მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე და მათ შორის, სივრცითი მოწყობის შესახებ, აღარაფერი წერია.

კვირიკაშვილის მთავრობას, რომლის წევრიც ფინანსთა ყოფილი მინისტრი და მომავალი პრემიერი ბახტაძეც იყო, 2018-2020 წლებში, სივრცითი მოწყობის რეფორმის ფარგლებში, უნდა მოემზადებინა ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც საქართველოს ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად აქცევდა და ტურიზმიდან ახალ შემოსავლებს მისცემდა.

ქვეყნის სივრცითი მოწყობის მიმართულებით, საქართველოს მთავრობა გეგმავდა: თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებას, 4 მუნიციპალიტეტისა და 33 სოფლისთვის კი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებას.

მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე თბილისის მერია ჯერ კიდევ ნარმანიას პერიოდიდან მოყოლებული მუშაობს, თუმცა, ჯერაც არავინ იცის, როდის ექნება დედაქალაქს გენგეგმა. დანარჩენი მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის დოკუმენტებს კი, ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, ქუმსიშვილის ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებდა, თუმცა, ამ დრომდე არც ეს გეგმებია დასრულებული.

ერთადერთი, რაც სივრცით მოწყობაზე ახალ სამთავრობო პროგრამაში წერია, ის არის, რომ “აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მშენებლობის სფეროს მომწესრიგებელი მარეგულირებელი გარემოს სრულყოფაზე და საქართველოს პარლამენტმა 2 მოსმენით მიიღო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი”. სხვა დანარჩენი დაპირება, რაც 2020 წლამდე უნდა შესრულებულიყო, ახალ პროგრამაში აღარაა. შესაბამისად, არავინ იცის, რა ბედი ეწევა უკვე დაწყებულ პროექტებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტები ასე ელოდებიან.

ძველიდან ახალ სამთავრობო პროგრამაში სივრცითი მოწყობის კომპონენტიდან რაც მოხვდა, ისაა, რომ ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზები აშენდება, რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან და რაც “სატრანზიტო პროექტებში საქართველოს მაქსიმალური ინტეგრირებისა და ეკონომიკური განვითარების სტიმულირების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა” იქნება.

“საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკის
გათვალისწინებით, გაგრძელდება და სწრაფი ტემპით წარიმართება ახალი მაგისტრალური გზების
მშენებლობა. ქვეყნის მასშტაბით აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების
დამაკავშირებელი საავტომობილო გზები… დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ძირითადი
ნაწილის მშენებლობა. შედეგად, საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, ხელი შეეწყობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებას”, – წერია ახალ პროგრამაში.

მიუხედავად ამისა, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენებზე, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა უკვე თქვა, რომ, მაგალითად, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება, სავარაუდოდ, დროში გადაიწევს და 2021 წლის ნაცვლად, 2022 წელს დასრულდება. ასეთივე პროგნოზები გააკეთა მომავალმა მინისტრმა სხვა რამდენიმე მსხვილ საგზაო პროექტზეც. არადა, ჯერ კიდევ ათი დღის წინ ეს სამინისტრო, ამავე მინისტრის ხელმძღვანელობით, ოფიციალურ ინფორმაციაში აცხადებდა, რომ 2021 წლამდე არა მხოლოდ რიკოთის მონაკვეთის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას დაასრულებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სივრცითი მოწყობა არც მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებაა და არც – გზების მშენებლობა, როგორც ეს კვირიკაშვილის მთავრობას ეგონა, ის მუნიციპალური და რეგიონული განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს და მის გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ რეგიონული ხელისუფლებების გაძლიერება წარმოუდგენელია. და რადგანაც ბახტაძის მთავრობაც, კვირიკაშვილის მთავრობის მსგავსად, თუნდაც ქაღალდზე, თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელების პირობას დებს, გაუგებარია, როგორ განახორციელებს სრულფასოვან რეფორმას, თუ მისი ერთ-ერთი კომპონენტი პრიორიტეტული მიმართულებებიდან საერთოდ ქრება.

მსგავსი სიახლეები