მაია ცქიტიშვილი: რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება დროში გადაიწევს

867

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება, სავარაუდოდ, დროში გადაიწევს. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ცქიტიშვილს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჰკითხა, აშენდება თუ არა რიკოთზე 800-კილომეტრიანი ავტობანი, ხიდები და გვირაბები.

„აშენდება, ბატონო რომან. რიკოთი შედგება 4 ლოტისგან. მათგან ერთზე უკვე გამოცხადდა ტენდერი სამშენებლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას, გეგმა იყო, რომ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. უბრალოდ, ახლა ვამბობთ, რომ რიკოთის მთლიანი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს გადავა. დანარჩენი მონაკვეთები ასევე არის გამზადებული ტენდერისთვის და წელსვე იქნება გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები“, – განაცხადა ციქტიშვილმა.

ჯერ კიდევ 10 დღის წინ მაია ცქიტიშვილმა, რომელიც სამთავრობო ცვლილებებამდეც მინისტრის სავარძელს იკავებდა, განაცხადა, რომ 2021 წლამდე არა მხოლოდ რიკოთის მონაკვეთის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდებოდა, თუმცა, ამჯერად მან უკვე სხვა ვადები დაასახელა. მისი ინფორმაციით, დროში გადაიწევს რამდენიმე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებაც.

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის მიხედვით, რომლითაც ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარსდგა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.