ილია ჭავჭავაძე: “ცხოვრება და კანონი” – წერილი მეხუთე

წინა სტატია

ჩვენ წინა წერილში ვაჩვენეთ, რამოდენადაც ჩვენ თითონ შევძელით და შეგვაძლებინეს, — რომ ჩვენის სოფლის მმართველობა, ცოტად თუ ბევრად,  თვითმმართველობის  საფუძველზეა ამოყვანილი. ამის გამო, ჩვენი ქება თვითმმართველობისა მეოთხე წერილში ამით დავაბოლოვეთ: „ამის შემდეგ, რასაკვირველია, საბუთი აქვს ადამიანს იკითხოს: თუ თვითმმართველობა ეგ არის, მაშ ყოველის მხრით და ყოველგან რად ისმის სამდურავი სოფლის მმართველობაზედ? რატომ მაგ თვითმმართველობამ არ ააყვავა სოფელი? თითონ გლეხობა აგრე ერთხმად რად უჩივის?“

მაშინ დავპირდით მკითხველს, რომ ამ საბუთიანს სიტყვას შესაფერს პასუხს მივცემდით შემდეგს წერილში. ის შემდეგი წერილი, — ზოგი ჩვენის მიზეზით, ზოგი სხვისით, — აქამომდე დაგვიანდა. ეხლა, როცა ზარბაზნის ჭექა-ქუხილის ხმა მისწყდა, როცა მშვიდობიანობამ სხვადასხვა ფათერაკის მოლოდინი გააქრო, როცა სხვა სიომ დაუბერა ჩვენს გარეშემო, როცა…, როცა…, ერთის სიტყვით, — ეხლა შესაძლოდ გაგვიხდა შრომის განგრძობა იმოდენად, რომ ჩვენი ნაღველი,  —  თუ  სხვა გზით არა,  —  უნაღვლოდ მაინც გამოვფინოთ.

ძნელია     ნაღვლის   უნაღვლოდ   თქმა,   მაგრამ   ზოგან ცარიელი, უფერული თქმაც ნეტარებაა.

ვიდრე ჩვენს საგანს შევუდგებოდეთ, მკითხველს ვსთხოვთ გაიხსენოს, რაც მეოთხე წერილში მოგვიხსენებია. იმ წერილშია აღნიშნული, — შეძლებისამებრ ფრთხილად და ენის კვნეტით, — ის საწყაო, რომლითაც უნდა ავწყათ ჩვენებურის სოფლის თვითმმართველობის ავ-კარგიანობა.

ვისაც ცნობილი ჰქონდა თვითმმართველობის არსებითნი თვისებანი და კუთვნილებანი, დიდი ნიჭი არ დასჭირდებოდა წინასწარმეტყველობისა, რომ გამოეცნო, რა შედეგიც მოელოდა იმ წყობილებას, რომელიც დადგინებულია ჩვენში 1865 წ. 11 აპრილის წესდებითა შესახებ ჩვენებურ სოფლების მმართველობისა.

პირველი და უდიდესი ნაკლი ამ წესდებისა ის არის, რომ თვითმმართველობის არსებითნი საფუძველნი არ არიან მისგან აღიარებულნი და, რაკი თვითმმართველობას ეგ ნაკლი თან შეჰყვა, იქ თვითმმართველობას ნურავინ დაემდურება, იმიტომ რომ იქ თვითმმართველობა არ გახლავთ და არაფერს შუაშია. ეს ნაკლი თითონ შიდაიმპერიის წესდებასაც თან შეჰყვა და, რადგანაც ერთსა და იმავე მიზეზს ერთი და იგივე შედეგი თან მოსდევს,  ამიტომაც იქაც, როგორც ჩვენში, სოფლის მმართველობაზედ დიდი ჩივილი და დრდტვინვა ისმის. თუ რომ კეთილი კიდევ სჭირს, — ძალიან ცოტა- კი, — შიდა-იმპერიის წესდებას, ეგ კეთილი იმაში მდგომარეობს, რომ იქაურს სოფლის ვითარებას, ეკონომიურს, ოჯახობრივს და საზოგადოებრივს წყობას, ცოტად თუ ბევრად, ყურადღება მიუქცევია კანონთმდებლისა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამასვე ვერ ვიტყვით ჩვენს წესდებაზედ: იგი მთლად გადმოღებულია რუსეთიდამ.

რასაკვირველია, თვითმმართველობას იმისთანა ზოგადი თვისებანიცა აქვს, რომელნიც ყველასათვის ერთნაირად სახეიროა, მაშასადამე ყველგან გამოსადეგია, და იმისთანანიც, — რომელნიც ადგილობრივს მოთხოვნილებას და სხვადასხვაობას უნდა შეეფერებოდეს.

ჩამოაცალეთ სოფლის მმართველობას თვითმმართველობის სიკეთენი,    ზედ    დაუმატეთ,    რომ    ის    მმართველობა სულ სხვა ნიადაგიდამ არის ამოღებული და გადმორგული, მაშინ ცხადად დაინახავთ, რატომ ჩვენს სოფელს არ მოუხდა ეგრეთ-წოდებული თვითმმართველობა. ამ სახით, მეორე, უდიდესი მიზეზი ჩვენებურის მმართველობის უვარგისობისა ის გახლავთ, რომ იგი არ არის აღმოცენილი და დამყარებული ჩვენის სოფლის შინაურს მოწყობილობაზედ, მის ეკონომიურს, ოჯახობრივს და საზოგადოებრივს ვითარებაზედ. სხვა მიზეზიც არის, მაგრამ ამაზედ ბოლოს ვიტყვით. ეხლა კი შევუდგებით ამ ორის მიზეზის დაწვრილებითს გამოკვლევას.

ჩვენ წინა წერილში ჩამოვთვალეთ ის ოთხნი უმთავრესნი დედააზრნი, ურომელთოდაც თვითმმართველობა თვითმმართველობად არ უნდა იხსენიებოდეს. ერთი იმათგანი ის არის, რომ ხმა და არჩევნის უფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველს ადგილობრივს მცხოვრებსა, რაკი სრულიწლოვანია.

მაშასადამე, ყოველს მცხოვრებს ყოველს მოვალეობაშიაც ხვედრი წილი უნდა ჰქონდეს. წესდების 7 მუხ. ძალით კი, ხმა და არჩევნის უფლება ეკუთვნით მარტო იმ სახლში უფროსთ გლეხთ, რომელნიც კამერალიის აღწერაში ცალკე კომლად არიან ხსენებულნი. ამრიგად, სოფლის მმართველობის წრეში მცხოვრებნი ყველანი კი არ არიან წევრნი ერთისა და იმავე საზოგადოებისა, არამედ — ზოგნი, თუმცა, მთელის საზოგადოების ავკარგიანობა, ავად თუ კარგად გამგეობა, მოღვაწეობა, ყოველთათვის ერთნაირად საწყენია და საამური. თავად-აზნაურნი, ვაჭარნი მოქალაქენი, სამღვდელო პირნი, სოფელში ბინადრად  მცხოვრებნი, და თითონ გლეხნიც, კამერალიის აღწერის შემდეგ ცალკე კომლად გასულნი, ამ უფლებას გამოკლებულნი არიან და ამის გამო არც ერთს სასოფლო მოვალეობაშიაც არც ერთს მათგანს წილი არ უდევსთ, რასაკვირველია იმ გლეხთა გარდა, რომელნიც კამერალიის აღწერის შემდეგ ცალკე კომლად გამოსულან. ამათ, თუმცა არავითარი უფლება არა აქვთ სასოფლო საქმეთა გამგეობაში, მაგრამ სასოფლო მოვალეობის ტვირთი კი კისრად აწევთ ისე, როგორც სხვას. წარმოიდგინეთ, რომ ერთის კამერალიის აღწერის დროდამ მეორემდი ათს წელიწადზედ ნაკლებ დრო არ გადის და მაშინ ცხადი იქნება, რამოდენა   ძალი    ხალხი    უფლებას    მოკლებულია   ხოლმე,   მაშინ, როდესაც   ყოველი   ტვირთი   კი   სოფლისა   ზურგად   ჰკიდია.   ჩვენი აზრი ის არის, რომ თვითმმართველობისათვის ყველა წოდების კაცი ერთგვარად უნდა იყოს მიჩნეული. თვითმმართველობა ერთი იმ ძალთაგანია, რომელიც აბია წარმატების უღელში და ეწევა სხვებთან ერთად. მაშასადამე, გამოკლება ვისიმე თვითმმართველობიდამ — დაუძლურებაა ღონისა, წარმატებისათვის მიმართულისა. წარმატებისათვის, კეთილდღეობისათვის საჭიროა, რომ ყოველნი ძალნი ერობისანი ერთად, ერთგვარად იყვნენ მიდრეკილნი და მიწვეულნი. თვით წარმატებაც, განვითარებაც მაშინ არის ჭეშმარიტი და ნაყოფიერი, როცა ყველანი ერთგვარად და ერთ სახით სწვდებიან საერთო სიკეთეს, ერთგვარად და ერთ სახით გაჭირვების უღელს ეწევიან და თანასწორად ინაწილებენ უფლებას და მოვალეობას. საცა ეს არ არის, მაშინ ერთის ამაღლება, ერთის კეთილდღეობა, — მეორის დამდაბლებაზედ, მეორის გაღარიბებაზედ არის ხოლმე ხშირად დამოკიდებული. უსწორ-მასწორობა ერთმანეთ-შორის, სხვათა შორის, უჯრა-უჯრად დაყოფის შედეგია; ვისაც კეთილი უნდა, ამ უჯრებს კი არ უნდა წაუმატოს; რაც არის, ისიც უნდა დაშალოს, დაარღვიოს და ქარს მისცეს.

წინათაც მოგვიხსენებია და ახლაც ვიმეორებთ, რომ შეუშლელს თვითმმართველობას საზოგადოდ და სოფლისას კერძოდ ორი მხარე აქვს: ერთი — მთავრობითი, მეორე საზოგადოებითი. პირველით სოფლის თვითმმართველობა მთავრობის პირველ-წყობის ორღანოა, მეორით — საზოგადოებისა, სოფლისა; პირველით ემსახურება სახელმწიფოს, მეორით — საზოგადოებას; პირველით წარმომადგენელია სოფელში მთავრობისა, მეორით — მთავრობაში სოფლისა. წინათ გასინჯული გვაქვს, სოფლის თვითმმართველობა რამოდენად წარმომადგენელია ჩვენში სოფლისა, საზოგადოებისა. ჩვენ იქ ის აზრი გამოვთქვით, რომ ჩვენის სოფლის თვითმმართველობითი წყობა წარმომადგენელია მარტო ერთის წოდებისა და არა მთელის სოფლის საზოგადოებისა. მთავრობითი მხარეც რომ გავუსინჯოთ ჩვენს სოფლის მმართველობას, აქაც ბევრს სანუგეშოს ვერას ვიპოვით.

მთავრობითი მხარე თვითმმართველობისა იმით არის ძვირფასი საზოგადოდ ყველასათვის და გლეხისთვის საკუთრივ, რომ ამ მხრით სოფლის თვითმმართველობა მახლობელი მფარველია მისი, მისი ადამიანობისა, მისი ღირსებისა, მისი პატივისა და ქონებისა. რაკი ზემოხსენებულთა მუხლთა (23, 36 და 39) ასე შემოაჭრეს ფრთები ამ მფარველობას, სახარბიელო რაღა დარჩა გლეხს თვითმმართველობაში? რაც მისთვის სანუკვარი იყო, ის ჩამოცლილი აქვს მთავრობითსა მხარეს თვითმმართველობისას; სხვა ამ მხრის რაღა დარჩა თვითმმართველობაში გლეხკაცს სანატრელი და ხელმოსაჭიდი? არაფერი. თვითმმართველობა შეიქმნა მხოლოდ ორღანოდ, რომელმაც ასრულებაში უნდა მოიყვანოს ყოველი ბრძანება უმაღლესის მთავრობისა, აბეგროს ხალხი, ხარჯი ახდევინოს და სხვა ამგვარი, ესე იგი, რაც გლეხკაცს სამძიმოდ მიაჩნია, იმაში ძალა უნდა დაატანოს. და მართლადაც ამის მეტს არც არას აკეთებს სოფლის სამმართველო, და არც არავინ ნაღვლობს, რომ მეტი რამ გააკეთებინონ. ამის გამო, ამ მხრით სოფლის სამმართველო გლეხკაცს მარტო მაზრის უფროსის ჯოხად მიაჩნია, რომელიც დღე მუდამ მის სახლის დირეზედ მიყუდებულია, და არა მთავრობითის ძალის წარმომადგენელად, რომელმაც მთავრობის ნებაც უნდა აასრულოს და ჩაგრულთაც მფარველობა გაუწიოს ყველგან და ყოველის წინაშე. ამ სახით, ჩვენს სოფლის თვითმმართველობას უკეთესი  მხარე ჩამოეცალა და მარტო იმ კვალში ჩადგა და გაისისწვრივა, რომლითაც იგი უფრო ნაკლებ სანდომია გლეხკაცისათვის. რაც უნდა იყოს, კაცს ყოველთვის ენდომება, რომ თავში საცემი ჯოხი პატარა შორს იყოს და არა ცხვირწინ, რაკი უამისობა შეუძლებელია.

ამიტომაც გლეხკაცი ვერაფრად აფასებს თავის სამმართველოს, რომელიც მისთვის ყველგან არ არის გამოსადეგი არც ფარად, არც ხმლად; ამიტომაც თავის სამმართველოს მოხელე კაცი, და თითონ კანონიც, მისთვის ჰგონია მოგონილი, რომ მარტო მე მადინოს ცხვირში ძმარიო, როცა დავაშავებო, ან როცა სახელმწიფო სამსახურზედ უკან დავიწევო, რადგანაც არც მოხელე და არც კანონი მოსარჩლედ და მფარველად არ გამოსჩენია; ამიტომაც იმედი აქვს აყრილი   კანონზედაც,   მის   ძლიერებაზედაც,   მის  მიუდგომელობაზედაც; ამიტომაც იგი ისე გულგრილად ეკიდება მოხელეთა არჩევნის საქმეს: მისთვის სულ ერთია, პეპია იქნება თუ დათუნა. მე ხომ ჩემი ხარჯი და ბეგარა არ ამცდებაო და გაჭირვებაში კიდევ არც ერთს შეუძლიან შველა, და არც მეორესაო, ამბობს გლეხი.

ამ სახით, ჩვენს თვითმმართველობას სოფლისას ჩამოთლილი აქვს ის მხარეც, რომლითაც იგი წარმომადგენელი უნდა იყოს საზოგადოებისა, ესე იგი მთელის სოფლისა, და ის მხარეც მთავრობითის წარმომადგენელობისა, რომლითაც იგი უფრო სანატრელია გლეხკაცობისათვის.

ჩვენმა წესდებამ თუმცა კარგა ფართო მოედანი შემოუხაზა სოფლის თვითმმართველობას სავარჯიშოდ და სამოქმედოდ, მაგრამ თითონ ფალავანს-კი ხელფეხი შეუკრა; ამიტომაც ჩვენის სოფლის თვითმმართველობა ასე უნაყოფოა, ასე უმოქმედოა იმ სიკეთისათვის, რომელსაც ყოველი კაცი სამართლიანად გამოელოდა თვითმმართველობისაგან.

სიკეთისათვის ხომ ასე ფრთამოკვეცილია ჩვენის სოფლის თვითმმართველობა, ბოროტისათვისკი ფართო გზა აქვს. თუ, ვინიცობაა, სოფლის მოხელეთა, მაგალითებრ — მამასახლისმა, ნაცვალმა და მოსამართლეებმა ვნება რამ მიაყენეს სოფლის მცხოვრებსა, აშკარად უკანონობა გაუწიეს სოფელს საზოგადოდ, ანუ თვითოეულს მცხოვრებს ცალკედ, ვნებულს ნება არა აქვს, ჩვენის წესდებით, საზოგადო სამართლის წინაშე იძიოს თვისი დანაკლისი, ნება არა აქვს საზოგადო სამართლით სდევნოს დამნაშავეს და ბოროტმომქმედს მოხელესა. 72 და 73 მუხლნი წესდებისა ამბობენ, რომ ყოველი საჩივარი ამგვარებში უნდა მიიმართოს მაზრის უფროსისადმი და, თუ იგი დაინახავს, რომ მოხელე კაცი ღირსია სამართალში მიცემისა, მხოლოდ მაშინ უნდა მიეცეს მოხელე სამართალს; სოფლის მოსამართლეებს-კი სამართალში აძლევს მარტო გუბერნატორი, ისიც მაზრის უფროსის წარდგენითა.

ჩვენს წესდებას დავიწყებული აქვს, რომ მაზრის უფროსიც და სოფლის მოხელეც ორივ ერთგვარი საფეხურები არიან ერთისა და იმავე კიბისა; ორივესათვის ერთნაირად სასურველია, რომ უფლების წინაშე ყოველივე მტყუანი იყოს. თუნდ ეგეც არ იყოს, ის კი ცოტაა, რომ ხშირად  სოფლის  მოხელე  და  მაზრის  უფროსი  ერთმანეთს ხელსა ჰბანენ, ერთმანეთს გადაებმიან ხოლმე უსურვაზივითა?! ამიტომაც სოფელი არ არის, რომ არ უჩიოდეს მოხელეთა ავკაცობას, მაგრამ, აბა, ბევრი მაგალითია, რომ მოხელე სამართალში იყოს მიცემულიამიტომაც პასუხმგებლობა სოფლის მოხელეთა თითქმის სრულიად გაუქმებულია.

ამ სახით, დარღვეულია მესამე ძირეული კანონიც თვითმმართველობისა, სახელდობრ ისა, რომ ყოველივე თანამდებობის მექონი კაცი პასუხმგებელი უნდა იყოს საზოგადო სამართლისა და სამსჯავროს წინაშე, და არა წინაშე თვისთა უფროსთა.

ყველას უნდა ჰქონდეს ნება, მოხელეთა უფროსის დაუკითხავად, სდევნოს ბოროტმომქმედს მოხელეს საზოგადო სამართლით და იძიოს მისგან ყოველივე უკანონოდ დანაკლისი.

ამ სახით, ჩვენის სოფლის თვითმმართველობას ოთხიდამ სამი უმთავრესი საფუძველი თვითმმართველობისა აკლია: 1. ხმა და არჩევნის უფლება უნდა მინიჭებული ჰქონდეს ყოველს ადგილობრივს მცხოვრებს, — და არა აქვს; 2. ადგილობრივ სამმართველოს ყოველსფერში ყველანი უნდა ექვემდებარებოდნენ, ვინც კი მის წრეშია, და არ ექვემდებარებიან; 3. ყოველივე მოხელე პასუხმგებელი უნდა იყოს ყოველის წინაშე, ვისაც რასმე დაუშავებს, და უნდა იდევნებოდეს საზოგადო სამართლით, და არ იდევნება. მეოთხე საფუძველიც, თუ დარღვეული არ არის მთლად, შერყეული კი ძალიან არის, სახელდობრ მით რომ ადგილობრივ მოხელეთა და მოსამართლეთა ყველა, სოფელში მცხოვრები ბინადარი, არ ირჩევს და ირჩევს მხოლოდ გლეხი, ცალკე კომლად კამერალიის აღწერაში ხსენებული.

ყოველ ამის გამო ჩვენის სოფლის სამმართველო და მისნი მოხელენი პოლიციის ბრმა მსახურებს და დარაჯებს უფრო წარმოადგენენ, ვიდრე სოფლის საზოგადოების ინტერესებს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ პირველ ხანებში და ბევრგან ეხლაც ჩვენის სოფლის მმართველობას იმისთანა მაზრის მოხელენი შეხვდნენ, რომელთაც, გაუნათლებლობისა და სიბრიყვის გამო, არ ესმოდათ სიკეთე თვითმმართველობისა, და ვისაც ესმოდა, თვალში ეჩოთირებოდა, როგორც მის უფლების მოცილე რამ. და რადგანაც მახლობელნი   მწრთვნელნი   სოფლის   ახალის   მოხელეობისა ისინი იყვნენ, რასაკვირველია, სოფლის სამმართველოს იმ მხარეს უფრო გაუბრტყელებდნენ, რომლითაც იგი მათთვის უფრო გამოსადეგი, უფრო სახეირო იქნებოდა და უფრო სანუკბარი მათის პატივ- მოყვარეობისათვის და თავმოწონებისათვის. ეგრეცა ჰქმნეს. მათ სოფლის სამმართველოს ჩამოაცილეს ის მცირედი სიკეთეც საზოგადოებრივი, რომელიც ნაპერწკალსავით ბჟუტავს წესდების ზოგიერთს მუხლში, და შეჰქმნეს იგი მარტო დაბალ საპოლიციო ორღანოდ. ამ სახისაა ეხლა ჩვენის სოფლის სამმართველო. დღესაც იქამდინ გაუპატიურებულია სოფლის სამმართველო, რომ გლეხკაცი, მინამ სოფლის სასამართლოში შევა, ჯერ საჭიროდ ხედავს მაზრის უფროსთან გამოიქცეს და ბრძანება სთხოვოს, სოფლის სასამართლომ საქმე გამირჩიოსო. მაზრის უფროსებიც აძლევენ ამისთანა ბრძანებას, თითქო, თუ არ მისის ბრძანებით, სასამართლოს ნება არა აქვს საქმის განხილვაში შევიდეს. ამისი მაგალითი ერთი და ორი კი არ არის, ეს თითქმის ყველგან ჩვეულებად მიაღებინეს გლეხკაცს.

აი სადამდი გაიწვდინა ფეხი და ხელი მაზრის მმართველობამ, რომ თითონ თავი აიმაღლოს, ხალხის თვალში ძირს დასცეს სოფლის მმართველობა და თავის ყურმოჭრილ ყმად გაიხადოს. ჩვენ იმას აღარ ვამბობთ, რა უპატიურად ექცევიან თითონ სოფლის მოხელეებსა. მამასახლისი, სოფლის მოსამართლე, რომელთაც თითონ  ბისმარკიც კი საჭიროდ დაინახავდა ხელი გაეწოდა, როცა შეხვდებოდა, ბევრჯერ მინახავს, რომ მაზრის უფროსის ჩაფარს მათრახით წინ გაეგდოს. თითონ მაზრის უფროსი როგორ ექცევა ან ერთს, ან მეორეს, — მაგას ნუღარ გვკითხავთ. ერთის სიტყვით, სოფლის მმართველნი, სოფლის ამორჩეულნი კაცნი, სოფლის წარმომადგენელნი, — დღეს მაზრის უფროსის და პრისტავების ბიჭებად არიან და არა მოხელედ.

აი ეს არის უმთავრესი მიზეზი, რომ გლეხკაცობა არა ჰგრძნობს და არც გამოელის თავის სამმართველოსაგან არარაიმე სიკეთეს და ყველა იგი არც თავისად მიაჩნია; აი ეს არის მიზეზი, რომ სოფლის სამმართველო ყოველმხრივ ღონემიხდილია სიკეთისათვის; აი აქ არის სათავე იმ სამდურავისა, რომელიც ყოველ მხრიდამ ისმის სოფლის სამმართველოზედ და მის მოხელეებზედ; აი ეს არის  მიზეზი,    რომ    სოფლის    მმართველობას    კაი    კაცი    ერიდება  და მოხელეობას არა კისრულობს; აი ეს არის მიზეზი, რომ გლეხკაცი თავს არ იცხელებს, კაი კაცი ამოვირიოვო, და თითონ არჩევანიც თამაშისთვის მოგონილი ჰგონია.

ჩვენ მარტო უმთავრესნი ნაკლულოვანებანი ვაჩვენეთ ჩვენის ეგრეთ-წოდებულ თვითმმართველობისა და სოფლის სამმართველოის წესდებისა. ჩვენ გვგონია, რაცა ვსთქვით, ეგეც  სამყოფი საბუთი იყოს, რომ ხელახლად გადისინჯოს ყოველივე კანონმდებლობა ამ საგანზედ, თუ სოფლის კეთილგანწყობა ვისთვისმე სასურველია, და ვისთვის არ უნდა იყოს სასურველი! ეს კია, რომ მარტო სოფელი, როგორც ნაბოლოვარი რგოლი რთულის ჯაჭვისა, ვერ ასაზრდოებს თვითმმართველობას, თუ მარტო სოფელში დაიწყება და სოფელშივე ჩაწყდება. სოფელს მაზრა უნდა მოჰყვეს, მაზრას — გუბერნია, როგორც ეხლა რუსეთშია, ხოლო სხვა წესით და სხვა რიგად უნდა მოეწყოს ჩვენში ეს საქმე.

სოფლის მოხელეთა არჩევანი

1 ნოემბერს ჩვენში უნდა მოხდეს სოფლის მოხელეთა არჩევანი. მაგრამ საკითხავი ის არის, მოხელეთა გამოცვლით, გამოიცვლება საკეთილოდ გლეხთა ბედიც, თუ არა? არა მგონია. მტერი და მისი შვილი ორივე ღმერთმა დაჰსწყევლოსო, იტყვის ამაზედ გლეხი, იმიტომ რომ იცის, მის სურვილს ამალა არა აქვს.

ვის არ გაუგია ის სამდურავი, რომელიც ისმის ყოველი მხრიდან დიდისა და პატარისაგან სოფლის მოხელეებზედ. ამ მოხელეების კმაყოფილნი არც ხალხია და არც თვითონ მთავრობა. ამის მიზეზი მრავალია და მრავალთა შორის ღირსშესანიშნავია ის, რომ სოფლის მოხელეთა არჩევანი უთავბოლოობით გაქარწყლებულია, წამხდარი და გაუპატურებულია. არავინ დასდევს, არავინ ზრუნავს, რომ მართლა არჩევანი იყოს და არა არჩევნის ბერიკანაობა.

ხალხსაც, ამ ბერიკანაობის მაყურებელს, გული წაუხდა; ხალხმა დააჯერა გული, რომ მის ნებას არავინ კითხულობს, მის სურვილს არავინ დაჰსდევს, და  იმ  ნებასაც  და  იმ  სურვილსაც  გულში  იმარხავს  შიშითა თსიფრთხილითა. ამიტომაც თავზედ წამოაჯდებათ ხოლმე იმისთანა მოხელე, რომელიც არც სურვებიათ და არც ჰსურთ.

ამ მიზეზის სათაური კიდევ ის არის, რომ არჩევნის დამწყობთა და გამგებელთა დაჰვიწყებიათ, რომ თავი და ბოლო სოფლის მოხელეობის წარმატებისა რიგიანი არჩევანია, და რიგიანი არჩევანი კიდევ მაშინ იქნება, როცა ამომრჩეველი სრულიად თავისუფალია არჩევანში. ამიტომაც ისინი მეტად კმაყოფილნი არიან ხოლმე, როცა ხალხს იასაულების მათრახით მორეკენ, ერთ-ორს დააყვირებენ, ეს კაცი გვინდაო, ჩაჰსწერენ ამას ქაღალდში და წარადგენენ, საცა ჯერ არს, დასამტკიცებლად. მორჩა და გათავდა, არჩევანი შესრულდა.

გულმტკივნეული გლეხი-კი გულჩათუთქვილი დაღუნავს ხოლმე თავს და წავა შინ თავის ქნევით. ნუთუ ეს მართალი არჩევანია და არა არჩევნის სასაცილოდ აგდება! ნუთუ ამგვარს თამაშს შეუძლიან კეთილგონიერი გლეხი მიიზიდოს! ამიტომაც გლეხი ურჩობს არჩევანსა, ერიდება, თუ შეიძლება გაექცევა კიდეც, ამიტომაც არჩევნის გამგებელნი იძულებულ არიან ჯოხით და მათრახით მორეკონ და შეაგროვონ გლეხნი. თორემ გლეხი ნებით არ მივა არჩევანში, რადგანაც არც იმედი აქვს სიტყვა გაიყვანოს, და არც თავისუფლება თავისი სურვილი გამოაცხადოს. ამომრჩეველი მოხელეებისა უფრო ბევრგან პრისტავებია ხოლმე… გლეხთა ყოფნა არჩევანში მარტო  თვალისათვის  არის  და  არა  საქმისათვის.  საწყალი გლეხი! რაც უნდა კეთილი საქმე დაუწყოთ, ბოროტად გადექცევა ხოლმე. საკვირველს ბედზედ არის გაჩენილი ეს ჩვენი გამომკვებელი, ჩვენი მარჩენალი სულიერი.

ნუთუ არა ეშველება რა, რომ ეს სასაცილო და უგვანო არჩევანი რიგიან არჩევნად გადიქცეს? ნუთუ არასგზით არ მოევლება, რომ გლეხმა თავისუფლად, უშიშრად გამოჰსთქვას თავისი სურვილი მასზედ, თუ ვის ირჩევს და ვის არა. რა არის ამისათვის საჭირო? პირველი ის არის, რომ არც ერთი პოლიციის მოხელე არ გაერიოს არჩევანში არასგზით და არა საქმისათვის. სასტიკად უნდა  აეკრძალოს, რომ არც ერთი მათგანი არც კი ეჩვენოს ხალხს არჩევნის დროს.

მეორე ის არის, რომ წინათვე, ვიდრე არჩევანი გაიმართება, შეჰსდგეს ჯეროვანი სია ამომრჩეველთა გლეხთა იმ კანონის მიხედვით, რომელიც იმისთვის დაწესებულია.

მესამე კიდევ ის, რომ არჩევანი დაფარულის კენჭის ყრით იყოს და ყოველი არჩევანი უამისოდ მოხდენილი უარყოფილი იქმნას. სიების შედგენა, მათი შემოწმება, და აგრეთვე თვალყურის ჭერა მასზედ, რომ ამორჩევა დაფარულის კენჭით იყოს, მიენდოს საკუთრად ამისათვის დანიშნულთ მთავრობის კაცთა, და თუ ეს ვერ მოხერხდა, გუბერნიის გლეხთა სასამართლოს წევრთა, რომელთაც სასტიკად ებრძანოსთ, რომ გარდა ამისა არავითარი მონაწილეობა არ მიიღონ თვით არჩევანში, და თუ ამაზედ საჩივარი რამ იქმნას, სწრაფად გაისინჯოს და დამნაშავე სასჯელს მიეცეს პირმოუფერებლად და დაუზოგავად.

ჩვენ არ ვიტყვით, რომ ყოველ ამით გამრთელდეს გლეხთა თვითმმართველობის წყლული; უგუნურება იქნება ჩვენგან, რომ ხსენებული ზომიერება უებარი წამალი გვეგონოს სათავეშივე გაბრუნდებულის საქმისა; უგუნურება იქნება, მარტო იმ ზომიერებაზედ დავემყაროთ და ვიღაღადოთ, რომ არსად საქმე არ გაბრუნდება და ყველგან რიგიანი არჩევანი მოხდება. ჩვენ ეს ზომიერებანი ვაჩვენეთ იმ იმედით, რომ მათის წყალობითცოტად თუ ბევრად, არჩევანი ხალხის თავისუფალს სურვილზედ იქმნება მიგდებული, და თავისუფალი სურვილი ხალხისა კიდევ ხათრიჯამად გვხვდის, რომ კარგს კაცებს მიჰსცემს მოხელეობას, თუ ყველგან არა, ზოგან მაინც, და არა ესე ხელაღებით წამოისხამს თავზედ ზნეობით წამხდართა და მავნებელთა.

მსგავსი სიახლეები