სოფელ ენაგეთში ახალი სკოლა აშენდება

749

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში ახალი სკოლა აშენდება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხემძღვანელმა, გულნაზი აფციაურმა განუცხადა.

როგორც აფციაური აცხადებს, ენაგეთში სკოლა მე-19-ე საუკუნის ორ შენობაშია განთავსებული, შენობა ძველია და რემონტს არ ექვემდებარება. მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ენაგეთში მიმდინარე წელს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ახალი სკოლის მშენებლობას გეგმავს, ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

“სკოლის ორივე, ზედა და ქვედა შენობა მართლაც ძველია და მე-19 საუკუნით თარიღდება. პრაქტიკულად, ისტორიული შენობებია. ზედა შენობის ქვეშ, სარდაფში სასმელი წყლის ჭაც კი არის. წყარო სკოლის ეზოშიც მოედინება, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სარგებლობს და სწორედ ამიტომ ტერიტორიასაც კი ვერ ვღობავთ. მართალია შენობა ძველია, მაგრამ მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ეს რომ ასე იყოს, თავად სკოლა ატეხდა განგაშს და ჩვენ აუცილებლად ვიქირავებდით სხვა შენობას და ბავშვებს იქ გადავიყვანდით. რამდენიმე დღის წინ ვიყავი ენაგეთში და ორივე შენობა დავათვალიერე. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ახალი შენობის აშენება ვთხოვეთ. როგორც ვიცი, საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და გვპირდებიან, რომ ახალი სკოლა სექტემბერში უკვე მზად იქნება”, – განაცხადა გულნაზი აფციაურმა.

სოფელ ენაგეთის სკოლის შენობები 1865 წლით თარიღდება და ისინი ადგილობრივ თავადს, ნიკო ყორღანაშვილს აუშენებია. ენაგეთის სკოლაში დღეისათვის 23 მოსწავლე სწავლობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი