ირაკლი პაპავა: 64 მუნიციპალიტეტში, საკრებულოების ფრაქციების მოადგილეების ხარჯზე, 333 ახალი, ანაზღაურებადი თანამდებობის პირია

1538

არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტი ირაკლი პაპავა droa.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ 15 არილის მონაცემებით, 64 მუნიციპალიტეტში, საკრებულოების ფრაქციების მოადგილეების ხარჯზე, 333 ახალი, ანაზღაურებადი თანამდებობის პირია. ამ ფონზე ის თვითმმართველობების მთავარ პრობლემად სწორედ ისედაც მწირი საბიუჯეტო რესურსის არარაციონალურად ხარჯვას ასახელებს.

ამავე კონტექსტში პაპავა იმ პრობლემაზეც საუბრობს, რაც 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას უკავშირდება. ის ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული 40 მილიონის ნაცვლად, ორმოცჯერ ნაკლები – მხოლოდ 1 მილონზე ცოტა მეტია  დაზოგილი, რაც, მისი თქმით, ადამიანებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი  – თვითმმართველობის განხორციელების უფლების წართმევად არ ღირდა. 

როგორ წარიმართა ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესი, როგორ მუშაობენ ადგილობრივი თვითმმართველობები და რამდენად არის ჩართული საზოგადოება ამ პროცესში, ამ საკითხებთან დაკავშირებით  droa.ge ირაკლი პაპავას ესაუბრა.

ირაკლი პაპავა:  ოზურგეთის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, საკრებულოს საქმიანობაში პრობლემა, ფაქტობრივად, არ აქვს. კანონის შესაბამისად ფუნქციონირებს და მნიშვნელოვანი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. პრინციპში, პრობლემები მერთან და მერიასთან, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად მაინც მობილობის პროცესს უკავშირდებოდა. პირველი იმიტომ, რომ დროში გაიწელა. მეორე ხარვეზი დაფიქსირდა ერთი და იგივე კატეგორიის  მოხელეთა რანგებში მონაცვლეობის პროცესშიც. ამის გამო ამ მომენტისთვის სასამართლოს რამდენიმე მოხელემ მიმართა. ეს საქმები განხილვის პროცესშია.

არა მხოლოდ ოზურგეთის, არამედ, ზოგადად, საკრებულოებთან მიმართებით პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებამ გამოიწვია. როგორც იცით, პარლამენტმა შარშან, 15 დეკემბერს, კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები თანამდებობის პირის რანგში აიყვანა. ანუ, იმ საკრებულოში, სადაც ფრაქციას 9 და მეტი წევრი ჰყავს, შეუძლია, ჰყავდეს ორი მოადგილე, დანარჩენ ფრაქციებს კი – ერთი. ამან გამოიწვია ის, რომ საკრებულოებში ფრაქციების რაოდენობა ხელოვნურად იზრდება. განსაკუთრებით  ეს ტენდენცია „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ფიქსირდება – თითქმის ყველა საკრებულოში რამდენიმე ფრაქციას ქმნიან. ეს კი იმისთვის ხდება, რომ გაიზარდოს თანამდებობის პირთა რაოდენობა.

შედეგად მივიღეთ ის, რომ 15 აპრილის მონაცემებით, 64 მუნიციპალიტეტში 333 ახლი თანამდებობის პირია ამ საკრებულოების ფრაქციების მოადგილეების ხარჯზე. ანუ, ამ 333 ახალი თანამდებობის პირის სახელფასო უზრუნველყოფა ადგილობრივ ბიუჯეტებს ზედმეტ ტვირთად  დააწვა.

რაც შეეხება უშუალოდ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს, მივიღეთ ის, რომ 46 წევრიან საკრებულოში 22 თანამდებობის პირია, მათ შორის, 15 სწორედ საკრებულოს ფრაქციებთან დაკავშირებული თანამდებობის პირია – ფრაქციის თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.

– თუ გაქვთ მონაცემები, მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტის რა ნაწილი მიდის ხელფასებზე?     

–  „თვითმმართველობის კოდექსში“ არის ჩანაწერი, რომ მერიისა და  საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა ადმინისტრაციული ხარჯები, საერთო ჯამში, არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის საერთო ხარჯების 25%-ს და ოზურგეთის შემთხვევაში, ეს დაცულია. დაახლოებით 20%-მდეა სახელფასო დანახარჯი. ასე რომ, ამ მხრივ კანონი არ ირღვევა.

– 7 თვითმმართველი ქალაქის სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების ერთ-ერთ მთავარ  არგუმენტად ხარჯების და ა(ა)იპ-ების რაოდენობის შემცირებას ასახელებდნენ.  ოზურგეთის შემთხვევაში, ამ მხრივ რა მდგომრეობაა? ა(ა)იპ-ები და ხარჯები შემცირდა?

ა(ა)იპ-ები რაოდენობრივად შემცირებულია. ამ მომენტისთვის ოზურგეთში კერძო სამართლის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირებისა და მუნიციპალური შპს-ების საერთო რაოდენობა არის 17 მაშინ, როდესაც მანამდე 24-25-ის ფარგლებში იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ადმინისტრაციული ხარჯი გაერთიანების შემდეგ უფრო მომატებულია. რაც იყო ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის სათემო მუნიციპალიტეტების ჯამური თანხა,  მასთან მიმართებით, ეს ხარჯი გაზრდილია.

საერთო ჯამში, მთავრობა, რომელიც აცხადებდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციის გაუქმების  ხარჯზე, 40 მილიონი ლარის საბიუჯეტო ეკონომიას გასწევდა, შეცდა. რეალურად, დაზოგილი დაახლოებით, 1 115 000 ლარია, რაც 40-ჯერ ნაკლებია იმაზე,  რაც ნათქვამი ჰქონდათ. 

სასწორის მეორე მხარეს კი დევს კონკრეტულად ამ თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩევლების ისეთი  მნიშვნელოვანი  უფლება, როგორიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლება. მხოლოდ 1 მილონი ლარის ეკონომიის გამო ადამიანებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი უფლების წართმევა ძალიან შეუსაბამოა და არ იყო არც სამართლიანი და არც მაინცდამაინც კანონიერი.

– ძველი თანამშრომლებიდან ყველა დასაქმდა? ამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებისას მათი უფლებები ხომ არ დარღვეულა? 

–  ძალიან მცირე ნაწილი გათავისუფლდა, თუმცა, ძირითადი ბირთვი მაინც დარჩა. არსებითი არის ის, რომ ეს გათავისუფლებები ვერანაირ მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს  საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე. ვერ ვიტყვით, რომ რამე არსებითი ეკონომია მივიღეთ.

სწორედ ამას ვამბობდი ზემოთ, რომ, თუკი რაიმე ეკონომიაა არა მხოლოდ ოზურგეთში, არამედ საერთოდ რომელიმე მუნიციპალიტეტში და ან ერთიან ბიუჯეტში, ეს იმდენად  უმნიშვნელოა, რომ  არც კი ღირდა ადამიანებისთვის  მონაწილეობის უფლების წართმევა და  მეორე მხრივ, ამ რეორგანიზაციული მიმართულებით ამდენი დროის და რესურსის დაკარგვა.

რაც შეეხება უფლებების დაცვას, იქიდან თუ ვიმსჯელებთ, რომ რამდენიმე თანამშრომელია გათავისუფლებული და  ნაწილი ჩივის სასამართლოში, ეს ნიშნავს, რომ ისინი თვლიან, რომ მათი უფლებები დაირღვა. რამდენად კანონიერად ან არაკანონიერად გაათავისუფლეს ისინი, სასამართლო იმსჯელებს და გადაწყვეტს. ფაქტია, რომ ხარვეზები ამ რეორგანიზაციის დროს იყო, თუმცა, არა ისეთი მნიშვნელოვანი. კანონის მოთხოვნები ფორმალურად მაინც დაცული იყო. სასამართლოში ისინი ჩივიან, ვისაც რანგი შეუმცირეს და ეს იყო პრობლემა, რომ  მათთვის რანგის შემცირება არის მიუღებელი. თორემ, რეორგანიზაციის დროს თანამშრომლების მიმართ ფორმალობა დაცული იყო და ამ მხრივ არსებით დარღვევებზე ვერ ვისაუბრებთ.

– თანამდებობის პირების ხელფასები თუ გაიზარდა?      

რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ თვითმმართველობებში თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა და ეს ხდება არა მარტო ოზურგეთში, არამედ მთელს საქართველოში. სახელფასო ანაზღაურებისთვის ჯამური რაც იყო ორივე მუნიციპალიტეტში, ოზურგეთის მაგალითზე რომ ვთქვათ, იმასთან შედარებით, ახლა, დაახლოებით, ნახევარი მილიონით მეტია.

გაერთიანების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა მცირედით კი შემცირდა, რადგან ყველა არ დასაქმდა, მაგრამ ხელფასების გაზრდის გამო, სახელფასო ბიუჯეტი, შემცირების ნაცვლად, გაზრდილია. 

– ამ გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მუშაობას როგორ შეაფასებთ? დაიწყეს მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა?  აქვთ ხალხთან კომუნიკაცია?

–  პრინციპში, რაიმე არსებითი და მკვეთრი ცვლილება, რაც არჩევნებამდე იყო, არ მომხდარა.  ამ მხრივ ვითარება როგორიც იყო, ისევ ისეთია. არც გაუარესებულა და არც გაუმჯობესებულა.

– მოსახლეობა თუ აქტიურობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული იყოს?  ან საერთო  კრება თუ ჩატარებულა, ან პეტიცია თუ აქვთ შეტანილი? მონაწილეობის რომელიმე ფორმას იყენებენ?

პეტიციების შეტანის ცალკეული ფაქტები იყო, მაგრამ ამას მაინც ფრაგმენტული ხასიათი აქვს და რაიმე ტენდენციას ვერ ქმნის. თუმცა, ოზურგეთში საზოგადოება მაინც აქტიურია. მაგალითად, ოზურგეთის საკრებულოსთან ფუნქციონირებს სამოქალაქო ჩართულობის ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, როგორიცაა „საზოგადოებრივი დარბაზი“.

ოზურგეთის მერთან, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისა, დღემდე არაა  შექმნილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ეს კი კანონით გათვალისწინებული ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია იმისათვის, რომ თვითმმართველობის ფუნქციონირებაში საზოგადოება იყოს ჩართული. ოზურგეთში კი საბჭო არც მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე ყოფილა და დღესაც არ არის შექმნილი.

– რატომ არ ქმნიან, ამაზე რა პასუხი აქვთ?

მხოლოდ იმას ამბობენ, ვმუშაობთ და მალე შევქმნითო. ეს მალე კი არ დადგა, არც წინა მოწვევის თვითმმართველ ორგანოებში და არც – ახლა.

– რეალურად არსებობს რაიმე ობიექტური პრობლემა, ვთქვათ, არავის სურს ამ საბჭოს წევრობა, თუ არ სურთ და ამიტომ არ ქმნიან?

 რეალურად, ამის პრობლემა არ უნდა არსებობდეს. უბრალოდ, მაინც დამოკიდებულების ამბავია. როგორც ზედმეტ ტვირთს, გარკვეულწილად, მაინც ასე უყურებენ. მრჩეველთა საბჭოს მაინც დამატებით რგოლად მიიჩნევენ და, როგორც ჩანს, ესაა მთავარი მიზეზი.

– ახსენეთ, რომ პეტიციის შეტანის ცალკეული შემთხვევები იყო. ამ პეტიციებიდან  როდესმე რამე გაუთვალისწინებიათ? 

რამდენიმე პეტიცია შევიდა, თუმცა, მათი უმეტესობა რეაგირების გარეშე დარჩა. არჩევნების შემდეგ ერთი-ორი პეტიციაა შესული, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პეტიციის შეტანას, განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას თავისი პროცედურები აქვს და ეს პროცედურები არ არის ჯერ დამთავრებული. ასე რომ, წინასწარ იმის თქმა, რამდენად გაითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის აზრს, არ შემიძლია.

რამდენად გამჭვირვალედ მუშაობენ მუნიციპალიტეტები?

არა მხოლოდ ოზურგეთის, არამედ სხვა მუნიციპალიტეტების ვებგვერდები რომ ნახოთ, საკრებულოს შესახებ ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი და უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე აღმასრულებელი  რგოლის. ეს პრობლემა არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.

კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან, საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე პროაქტიულად გამოაქვეყნონ და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაციის მოსაძიებლად მისი წერილობით გამოთხოვა არ უნდა გვჭირდებოდეს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და, თუკი ეს არ გამოსწორდება, მათ გამჭვირვალობაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება.

– თვითმმართველობის გაძლიერებისა და საზოგადოების ინფორმირებულობისთვის არასამთავრობო სექტორი წლებია, აქტიურად მუშაობს. კონკრეტულად ოზურგეთში ამისთვის ახლა რა პროექტები ხორციელდება?   

თვითმმართველობის ორგანოებთან, ძირითადად, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის საკითხებზე ვმუშაობთ. უფრო მეტად კი, მაინც საკრებულოსთან. პრინციპში, ამ მხრივ ოზურგეთში, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, შეიძლება, ითქვას, რომ  ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობაა.

მაგალითად, ახლა აქტუალურია საკითხი, რომ პეტიციების ელექტრონულად მიღება მოხდეს და ვებგვერდების საშუალებით შეეძლოთ საკითხის დარეგისტრირებაც და ხელმოწერების შეგროვებაც, რაც სამოქალაქო აქტიურობის ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და ჩვენ ამ პროექტის განხორციელებაში ვეხმარებით.

ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ „საზოგადოებრივი დარბაზი“ ნელ-ნელა აქტიურდება და ეს საზოგადოებას ჩართულობისთვის ძალიან კარგ საშუალებას აძლევს. ამ ფორმატის არსებობა ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგისთვის ძალიან კარგი საშუალებაა.

– ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მთავარ პრობლემად რას ხედავთ?   

–  ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზედმეტად გაზრდილი ბიუროკრატიული აპარატია. თუნდაც იგივე საკრებულოს ფრაქციების მოადგილეთა თანამდებობის პირის რანგში აყვანა და ა.შ. არაერთ კვლევას გავცნობივარ, რომელშიც სულ იმაზეა საუბარი, რომ  ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში საკრებულოების ფრაქციები, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებენ. ახლა კიდევ ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების სახელფასო უზრუნველყოფა დამატებით ტვირთად დააწვა ისედაც მწირ ადგილობრივ ბიუჯეტებს. არსებითი პრობლემა სწორედ ესაა – ისედაც მწირი თანხის არარაციონალური ხარჯვა.

სამწუხაროდ, დღეისათვის რეალურ თვითმმართველობას მაინც ვერ ვღებულობთ, რადგან ის ძალიან არის დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. იმის გამო, რომ ფისკალური დეცენტრალიზაცია ამ დრომდე არ მომხდარა, მუნიციპალიტეტების შემოსავლები ძალიან მცირეა. ამიტომ, გვინდა თუ არ გვინდა, ცენტრიდან წამოსული სხვადასხვა სახის ტრანსფერი ადგილებზე ძალიან მნიშვნელოვანია და რადგან ამ ტრანსფერებით სწორედ ცენტრზე ხარ დამოკიდებული, თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხი იკლებს. თუ გვინდა, რომ ფუნქციურად ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა გვყავდეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფინანსური დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ უკვე ყველაფერი  მოგვარდება.