ვანის მეორე საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

1292

ვანში მეორე საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. სამსართულიანი შენობა 55 წლის წინ აშენდა. სკოლაში, სადაც 383 მოსწავლე სწავლობს საკლასო ოთახები ამორტიზებულია, ჭერი და კედლები ჩამონგრეული, იატაკი კი ჩავარდნილია. ასევე, მწყობრიდან არის გამოსული სასკოლო ინვენტარიც. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“სკოლა გახდება ახალი სტანდარტის მქონე, 21-ე საუკუნეზე მორგებული და ბავშვი ხალისით მოვა, სწავლა იქნება სახალისო პროცესი და არა რუტინა”,  – ამბობს ვანის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი.

ვანში სკოლის რეკონსტრუქციას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი განახორციელებს. ამ სკოლის გარდა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით საქართველოს კიდევ 90 საჯარო სკოლაა ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რისთვისაც 54 მილიონი დოლარია განსაზღვრული.

საჯარო სკოლები აღნიშნული ფონდის მიერ დაქირავებული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის მიერ შეირჩა.

პროექტის ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში 140 სახის ახალი დანადგარი განთავსდება. რაც შეეხება, ინვენტარს მასზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იზრუნებენ.

პროექტი მთელს საქართველოში სასწავლო წლის დასრულებისთანავე დაიწყება და რეკონსტრუქციის პროცესი, დაახლოებით, 6-დან 9 თვემდე გასტანს.