ოზურგეთში თანამდებობის პირებისთვის ეთიკის კოდექსს შეიმუშავებენ

621

ოზურგეთში თანამდებობის პირებისთვის ეთიკის კოდექსს შეიმუშავებენ.

“ჩვენმა პარტნიორმა საკრებულომ ოზურგეთში ეთიკის კოდექსის პროექტზე მუშაობა დაიწყო. კოდექსი არჩეული თანამდებობის პირებს საკუთარი უფლება-მოვალეობების მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტებით შესრულებაში დაეხმარება.

მიღების შემთხვევაში, ოზურგეთი საქართველოში მეორე მუნიციპალიტეტი იქნება, ზუგდიდის შემდეგ, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ექნება. გვიხარია, რომ ორივე შემთხვევაში ეს პროცესები NDI-ის მხარდაჭერით მიმდინარეობდა”, – ნათქვამია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ინიციატივის ავტორი მარიკა ჩხიკვიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე და NDI-ის “მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის” მონაწილეა.

ამ ინიციატივის ხელშესაწყობად, ოზურგეთის საკრებულოს ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავებასა და საჯარო პრეზენტაციის გამართვაში NDI დაეხმარა. ამჟამად კი, პროექტის სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილავენ.

როგორც NDI-ში აცხადებენ, სამუშაო ჯგუფი საკრებულოს ყველა ფრაქციასა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მოიცავს და მისი მიზანი პროექტის განხილვა და ყველა პოლიტიკური ძალისთვის მისაღები დოკუმენტის შემუშავება.

აღნიშნული ღონისძიება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.