ქობულეთში ახალგაზრდებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდება

256

,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი”, ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში” იწყებს.

პროექტის ფარგლებში, ქობულეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგ-კურსი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფციას, უფლებამოსილებების სახეებს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს ეხება.

ტრენინგი ქალაქ ქობულეთში 13 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ტრენინგ-კურსი უფასოა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ტრენინგი ორ ნაწილად ჩატარდება. I ნაწილში – “რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა” – განიხილება შემდეგი თემები:  ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და სამართლებრივი საფუძვლები; ხელისუფლების ვერტიკალური დაყოფა და დეცენტრალიზაციის მნიშნველობა;

ასევე, კურსის პირველი ნაწილი მოიცავს პრაქტიკული სავარჯიშოებს თემაზე: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გამიჯვნა; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეები: ა) მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები, ბ) მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები; ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა: საკრებულო, მერია;

II ნაწილში – ” ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები” – განიხილება შემდეგი თემები: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები; დასახლების საერთო კრება; პეტიცია; სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა; სამოქალაქო ბიუჯეტი; მონაწილეობის საერთაშორისო მაგალითები: ადგილობრივი რეფერენდუმები, საზოგადოებრივი კონსულტაციები, თანამონაწილეობითი დაგეგმვა;

კურსის მეორე ნაწილშიც ჩატარდება პრაქტიკული სავარჯიშო, თემაზე –  “პრობლემის შერჩევა და მისი ადვოკატირება (სიმულაცია)”.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18-35 წლის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მასში მონაწილეობისთვის კი ორგანიზაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა მიმართონ: ddcageorgia@gmail.com .