რუსთავში 2 500 000 ლარის საგზაო სამუშაოები განხორციელდება

167

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 2 500 000 ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან კი, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელები და დაიგება როგორც ბეტონის, ასევე, ასფალტის საფარი.

“ამ პროექტით, ძველი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვაპირებთ. გეტყვით, რომ მკაცრად გაკონტროლდება მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან პროექტის მიმდინარეობის პროცესი. კვირაში ერთხელ პირადად გავეცნობი სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მედიასაც და მოსახლეობასაც მინდა ვთხოვო, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ დაგეგმილ სამუშაოებს, რადგან პროექტი სრულყოფილად განხორციელდეს”,-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის ქუჩას, ყაზბეგის I და II გასასვლელს, ყაზბეგის I და II ჩიხს,  ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ვაჟა-ფშაველას ჩიხს, ვახუშტის ქუჩას, იაღლუჯის ქუჩას,  ვაჟა-ფშაველასა და გორის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთს ჩაუტარდება.

ასევე, მოწესრიგდება ტურგენევის N2-დან ქუჩიშვილი ქუჩამდე მონაკვეთი, ქუჩიშვილი I ჩიხი, წულუკიძისა და ორბელიანის ქუჩები, წულუკიძის I, II, III შესასვლელი, ჭონქაძის და ერისთავის ქუჩები, ქუჩიშვილის და მე-11 მიკრორაიონის დამაკავშირებელი მონაკვეთი, ქუჩიშვილის და სანაპიროს დამაკავშირებელი მონაკვეთი, ღლონტის ქუჩა, ქუჩიშვილის ჩიხი, ცოტნე დადიანისა და ბესიკის ქუჩები.

საგზაო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები – “ნიუ გრუპი” და “მაგისტრალი” განახორციელებენ, ხოლო თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.